საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური საშუალებების (ინსტრუმენტების) ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების აქტორის ან აქტორთა ჯგუფის მიერ სხვა აქტორის ან აქტორების დასჯას მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით. ე.ს-ს მიეკუთვნება ემბარგო, ბოიკოტი, ბლოკადა, კვოტები, ტარიფები, შავი სია, წინასწარი შესყიდვა და ა.შ. ე.ს-ის მიზანია, აიძულოს სამიზნე სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და დაემორჩილოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანდა სანქციების გამტარებელ აქტორთა მოთხოვნებს, თუმცა სანქციების გატარება შესაძლებელია სამართლიანი იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, თვითონ ე.ს-ების ცნება ნეგატიური შინაარსის მქონეა, რადგან იგი არა იმდენად რეჟიმის რამდენადაც მოსახლეობის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე მიმართული. უკანასკნელ ათწლეულებში ე.ს-ები გატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის (რასისტული და აპართეიდული პოლიტიკის გამო), აგრეთვე ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ. უფრო მცირე მასშტაბით ე.ს-ის გამოყენებას პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი აქვს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი