სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Socia-cognitive Learning Theory

დასწავლის თეორია, რომელიც ხაზს უსვამს დაკვირვებისა და სხვების მიერ განხორციელებული ქცევის მიბაძვის მნიშვნელობას. ამ თეორიის ფარგლებშია წარმოდგენილი ისეთი კონსტრუქტები, როგორებიცაა რეციპროკული დეტერმინიზმი და თვითეფექტურობა.

სოციალურ-კოგნიტური დასწავლის თეორიის ფესვები დასწავლის ტრადიციულ თეორიაში მიდის. თავდაპირველად, მას სოციალური დასწავლის თეორიას უწოდებდნენ და პიროვნების ფსიქოლოგიაში განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი მიდგომა პიროვნებისადმი დასწავლის თეორიის ფარგლებში. თუმცა, დროთა განმავლობაში თეორია განვითარდა, უფრო მეტად გამოიკვეთა კოგნიტური პროცესების მნიშვნელობა ადამიანის ფუნქციონირებაში და უფრო სისტემატური გახდა. დღეისათვის ის ცნობილია, როგორც სოციალურ-კოგნიტური თეორია და დასწავლის სხვა თეორიებისგან ცალკე განიხილება (John, et. al., 2008).

სოციალურ-კოგნიტური თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქცევის სოციალურ მიზეზებს და კოგნიტური პროცესების მნიშვნელობას ადამიანის ფუნქციონირების ყველა ასპექტში, იქნება ეს მოტივაცია, ემოცია თუ ქმედება.

სოციალურ-კოგნიტური თეორიის წარმომადგენლები მთელ რიგ საკითხებში აკრიტიკებდნენ სხვა თეორიებს. მაგალითად, ალბერტ ბანდურა აკრიტიკებს ფსიქოანალიტურ პოზიციას შინაგან ინსტინქტებსა და არაცნობიერ ძალებზე აქცენტის გამო, რომლებიც არ ექვემდებარებიან სისტემატურ შესწავლას. სოციალურ-კოგნიტური თეორიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, უოლტერ მიშელი (Mischel & Shoda, 1995) აკრიტიკებს ნიშნების ტრადიციულ თეორიასა და ფსიქოანალიზს შინაგან დისპოზიციებზე ხაზგასმის გამო, რომლებიც, ამ თეორიების მომხრეთა თანახმად, სხვადასხვა სიტუაციაში შეთანხმებულ, თანმიმდევრულ ქცევას განაპირობებენ. ამის ნაცვლად, მიშელი საუბრობს ქცევის ვარიაბილურობაზე/ცვალებადობაზე, რომლითაც ადამიანი რეაგირებს გარემო პირობების შეცვლაზე.

სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია და ადამიანებს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის განსხვავებული პატერნები აქვთ. ითვლება, რომ ეს დამახასიათებელი სიტუაციურ-ქცევითი პატერნები უფრო მეტად განსაზღვრავენ პიროვნებას, ვიდრე აგრეგირებული (დაგროვილი) კროსკულტურული განსხვავებები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებს ნიშნის თეორია. მაგალითად, სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორები თვლიან, რომ უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ სიტუაციებში იქცევა ადამიანი, როგორც ექსტრავერტი და რომელში – როგორც ინტროვერტი, ვიდრე მისი ექსტრავერსია-ინტროვერსიის ზოგადი დონის მაჩვენებელი სხვა ადამიანებთან მიმართებაში. ცდილობენ რა გავიდნენ ქცევის შინაგანი და გარეგანი დეტერმინანტების შესახებ ტრადიციული დებატების მიღმა, სოციალურ-კოგნიტური თეორეტიკოსები აცხადებენ, რომ ორგანიზმსა და მის ირგვლივ არსებულ გარემოს შორის ყოველთვის არის უწყვეტი ურთიერთქმედება.

გარდა ამისა, სოციალურ-კოგნიტური მიმართულების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ პიროვნების ფსიქოლოგიის ტრადიციულ დაყოფას ადამიანის შესახებ ბიჰევიორისტულ და „მის საწინააღმდეგო“ ჰუმანისტურ წარმოდგენებად. ისინი ბიჰევიორისტები არიან იმით, რომ ადამიანის ქცევის სისტემატური კვლევისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ჰუმანისტებიც არიან იმით, რომ ხაზს უსვამენ ადამიანის შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს საკუთარ ბედზე და განვითარდეს მისთვის დადგენილ ბიოლოგიურ საზღვრებში. „განმტკიცების გზით დასწავლის“ ტრადიციულ თეორიასთან მათი განსხვავებულობა იმით გამოიხატება, რომ ისინი აღიარებენ კოგნიტური პროცესების როლს და ამბობენ, რომ დასწავლა ჯილდოს არარსებობის პირობებშიც შეიძლება მოხდეს. სოციალურ-კოგნიტური თეორიის ძირითადი მახასიათებლებია: ადამიანები მოქმედებენ, როგორც აქტიური აგენტები; გამოკვეთილია კოგნიტური პროცესების (აზროვნების) მნიშვნელობა; ქცევა სიტუაციურად სპეციფიკურია; მნიშვნელოვანია სისტემატური კვლევის წარმოება; შესაძლებელია ქცევის რთული პატერნების ათვისება ჯილდოს ან განმტკიცების მიწოდების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ აკადემიურ წრეებში სოციალურ-კოგნიტური თეორია პიროვნების ყველაზე პოპულარული თეორიაა, ბოლო პერიოდში კი მისი მომხრეთა რაოდენობა კლინიკურ ფსიქოლოგთა შორისაც მატულობს. ეს თეორია ეკუთვნის ალბერტ ბანდურას, თუმცა,აღსანიშნავიაუოლტერმიშელის როლიმისფორმირებაში(John, et. al., 2008).

უოლტერ მიშელი და ალბერტ ბანდურა პიროვნებას დასწავლის თეორიის ტრადიციის ფარგლებში აანალიზებენ (Cloninger, 2004) და განსაკუთრებით ფოკუსირდებიან კოგნიტურ ცვლადებზე, ვინაიდან მათთვის ცენტრალურია ადამიანის აზროვნების უნარი. თეორიაში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უნარს, იაზროვნოს და შეიმეცნოს და გაცილებით ნაკლებად, ვთქვათ, სკინერთან შედარებით, არის საუბარი გარემოს ფაქტორებზე. ბანდურა ხაზს უსვამს იმასაც, რომ განმტკიცება შეიძლება არაპირდაპირი ანუ გაშუალებული იყოს. სხვა სიტყვებით, ჩვენ შეგვიძლია სწავლისკენ სწრაფვა იმითიც განგვიმტკიცდეს, თუ ვხედავთ, რომ ვიღაც ამისთვის ჯილდოს იღებს. ბანდურას თეორია რადიკალურ ბიჰევიორიზმს შორდება განმტკიცებისა და აზროვნების საკითხებში.

რადიკალური ბიჰევიორისტებისგან განსხვავებით, ალბერტ ბანდურა თვლის, რომ პიროვნებას აყალიბებს ადამიანის ქცევა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლები (აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოგნიცია) და გარემოს ზეგავლენა და ყველა ეს ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, დასწავლა კი აუცილებლობით არ მოიაზრებს ჯილდოს. ბანდურას სოციალურ-კოგნიტური თეორიის თანახმად, ჩვენ სხვა ადამიანებზე დაკვირვებითაც შეგვიძლია სწავლა. მაგალითად, ვუყურებთ, როგორ აკეთებს ვიღაც ქაღალდის თვითმფრინავს და მერე ვცდილობთ, გავიმეოროთ იგივე ქცევა. ცხადია, დასწავლა, პირველ რიგში, იმისთვის გვჭირდება, რომ რაღაც ვაკეთოთ.

გარდა ამისა, ბანდურა ამტკიცებს, რომ არ არსებობს განმტკიცება შემეცნების წინმსწრები უნარის გარეშე. იმისათვის, რომ რაიმემ განგვიმტკიცოს განზრახვები, საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს მოქმედებებსა და მათ შედეგებს შორის არსებულ კავშირებზე. ამგვარად, განპირობებულობა არა მხოლოდ გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენების უშუალო შედეგია, არამედ ამ პროცესში აზროვნებისა და შემეცნების უნარის მნიშვნელოვან ჩართულობასაც მოიაზრებს.

მიუხედავად იმისა, რომ მიშელისა და ბანდურას თეორიულ პოზიციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და ისინი თანამშრომლობდნენ კიდეც (Bandura & Mischel, 1965), მათი ძირითადი ფორმალური თეორიული განვითარება და კვლევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოებდა. მიშელის სოციალურ-კოგნიტურ თეორიაში მეტად არის აქცენტირებული ნიშნების ალტერნატიული ინტერპრეტაცია, ხოლო ბანდურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, როგორ ზემოქმედებს კოგნიცია (განსაკუთრებით, ინდივიდის მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებები) ქცევაზე.

ბანდურასთან პრაქტიკულად არ განიხილება ბიოლოგიური ფაქტორების როლი პიროვნების ფორმირებაში. ის თვლის, რომ ადამიანი დასწავლის შედეგია, რომლის დროსაც მას შეუძლია სხვა და სხვაგვარი ქცევითი პატერნების დასწავლა. ცნობიერების პლასტიურობის გარდა, რომელიც ქცევის სტილის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს, მნიშვნელოვანი ადამიანური თვისებაა აზროვნება (კოგნიცია), რომელიც გარე სამყაროს შეცნობისა და ქცევის გააზრებისთვის სიმბოლური სტრუქტურების, მაგალითად, ენის გამოყენების საშუალებას გვაძლევს.

თუმცა, ადამიანის ქმედებას მხოლოდ შინაგანი იმპულსები არ განაპირობებენ, როგორებიცაა ინსტინქტები, მოთხოვნილებები ან განზრახვები ან როგორც თვლიდა სკინერი, მხოლოდ გარეგანი ძალები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პიროვნება და ქცევა დამოკიდებულია გარე სამყაროს მოვლენებზე, ისინი უპირობოდ არარიან ამ მოვლენებით განპირობებულნი. ჩვენს ქმედებას განაპირობებს არა თავისთავად გარე სამყარო, არამედ გარე სამყაროს მოვლენების ჩვენეული აღქმა. სწორედ ესაა ქცევაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. მოცემულ ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ ქცევის ისეთი სტილის არჩევა, რომელიც გაზრდის პროგნოზირებად პასუხს გარე სამყაროს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ქცევა არის არამარტო ფუნქცია, არამედ დამოუკიდებელი ცვლადიც, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზეც და პიროვნებაზეც. ბანდურამ შემგვთავაზა რეციპროკული დეტერმინიზმი სსამმაგი მოდელი, რომლის თანახმადაც, ადამიანის ქცევა პიროვნული ფაქტორების, მათ შორის, აზროვნებისა და შემეცნების უნარის (კოგნიციის), გარე სამყაროს მოვლენებისა და თავად ადამიანის მოქმედების ურთიერთქმედების შედეგია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.

Mischel, W. & Shoda, Y. (1995). A cognitive-affectie system theory of personality: Reconceptualizing situations, dispositions, dynamics, and invariance in personality structure. Psychological Review, 102, 246-268.

Pervin, L. A. (2008). Handbook of Personality: Theory and Research, 3rd edition. Ney York, London: The Guilford Press.

კატეგორია: 
ავტორები: