რეციპროკული დეტერმინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Reciprocal Determinism

ალბერტ ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიის ცნება, რომელიც უკავშირდება მოსაზრებას, რომ ინდივიდს, მის ქცევასა და გარემოს სტიმულებს შორის არსებობს რთული რეციპროკული ურთიერთქმედება და რომ თითოეული ამ კომპონენტებიდან მოქმედებს დანარჩენზე. უფრო ზუსტად, ბანდურას მიერ შემოთავაზებული სამმაგი მოდელის მიხედვით, ადამიანის ქცევა პიროვნული ფაქტორების, მათ შორის, აზროვნებისა და შემეცნების უნარის, გარე სამყაროს მოვლენებისა და თავად ადამიანის ურთიერთქმედების შედეგია.

მრავალი ფსიქოლოგიური მიდგომა ურთიერთმოქმედი მიზეზების კომპლექსური/რთული ქსელის მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს განიხილავს, როცა ქცევაზე სიტუაციების გავლენას აღწერენ (ბიჰევიორიზმის შემთხვევაში) ან როცა პიროვნული ნიშნების მიერ ქცევის დეტერმინაციაზე საუბრობენ (როგორც ნიშნების მიდგომები აკეთებენ) (Cloninger, 2004). ბანდურამ (1977) გააფართოვა ეს შედარებით შეზღუდული მიზეზ-შედეგობრივი მოდელები და მასში რეციპროკული დეტერმინიზმის ცნება შეიტანა.

რეციპროკული დეტერმინიზმი სამკომპონენტიანი კონცეფციაა, რომელიც პიროვნების, გარემოსა და ქცევის ურთიერთზეგავლენაზე საუბრობს (Cloninger, 2004). ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანის ქცევა ამ სამი ცვლადის ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. ამასთან, ქცევა ნაწილობრივ გარემოს ფუნქციაც არის, გარემო კი ნაწილობრივ დამოკიდებულია ქცევაზე. ქცევაზე მოქმედი მესამე ფაქტორი – პიროვნება, რომელშიც ბანდურა, პირველ რიგში, შინაგან მახასიათებლებს, მაგალითად, აზროვნებას (კოგნიციას), მოვლენების დამახსოვრებისა და პროგნოზირების უნარს, გულისხმობს. ადამიანის აზროვნება განსაზღვრავს, გარემოს რომელ მოვლენებთან მოუწევს მას შეხვედრა, რა შეფასებას მისცემს ამ მოვლენებს და როგორ მოახდენს მათ ორგანიზებას შემდგომი გამოყენებისთვის (Bandura, 1977).

ამრიგად, რეციპროკული დეტერმინიზმი თანხვდება ბიჰევიორიზმს იმ თვალსაზრისით, რომ მასშიც გარემო გავლენას ახდენს ქცევაზე (მაგალითად, ბიბლიოთეკა კითხვისკენ გვიბიძგებს, რესტორანი კი — არა). ასევე, ის თანხვდება ნიშნების მიდგომასაც და  მიიჩნევს, რომ პიროვნება გავლენას ახდენს ქცევაზე (მაგალითად, პატიოსანი სტუდენტები მეტს მეცადინეობენ). თუმცა, მესამე კომპონენტით რეციპროკული დეტერმინიზმი უფრო შორს მიდის, როდესაც მიუთითებს, რომ ქცევაც იწვევს ცვლილებას გარემოსა (მაგალითად, თუ სტუდენტი მეცადინეობას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე წვეულებებზე სიარულს, დროთა განმავლობაში იკლებს მეგობრების მიერ ასეთ წვეულებებზე დაპატიჟების სიხშირე) და ინდივიდში (მაგალითად, მეცადინეობა აამაღლებს მის აკადემიურ თვითდარწმუნებულობას). გარემო არა მარტო იწვევს ქცევას, არამედ ამ ქცევის გავლენის ქვეშაც ექცევა. ერთ-ერთი გზა, რომლითაც პიროვნება გავლენას ახდენს სიტუაციებზე ისაა, რომ ადამიანები განსხვავებულად ირჩევენ სიტუაციებს და ეს განსხვავება მათი პიროვნული განსხვავებულობიდან მომდინარეობს (Emmons, Diener, & Larsen, 1985).

სამ რეციპროკულ ფაქტორს განსხვავებული ძალა აქვს და სხვადასხვა ოდენობის წვლილი შეაქვს ქცევის დეტერმინაციაში. ქცევის, გარემოსა და პიროვნების ფარდობით გავლენას განაპირობებს ის,  ტრიადის რომელი ფაქტორია ძლიერი მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში (Bandura, 1982).

რეციპროკული დეტერმინიზმის უკვე კლასიკური მაგალითია მამა-შვილის ინტერაქცია: ბავშვი მამას ნამცხვრის ყიდვას სთხოვს. მამის პოზიციიდან ეს გარემოს მოვლენაა. თუ მამა ავტომატურად (გაუაზრებლად) უყიდის ნამცხვარს, მაშინ ეს ორი ფაქტორი სკინერის მოდელის მიხედვით იმოქმედებდა ერთმანეთზე. მამის ქცევას განაპირობებდა გარემო და, თავის მხრივ, ქცევა მოახდენდა გავლენას გარემოზე – შვილზე. თუმცა, ბანდურას თეორიის თანახმად, მამას აქვს უნარი, გაიაზროს შედეგები, რომლებსაც მიიღებს იმის შესაბამისად, დააჯილდოებს შვილს, თუ უყურადღებოდ დატოვებს მის ქცევას. მამამ შეიძლება იფიქროს: „თუ ნამცხვარს ვუყიდი, ის დროებით შეწყვეტს ტირილს, მაგრამ დიდია ალბათობა, რომ შემდეგ ჯერზე ისევ იჯიუტოს მანამ, სანამ არ მივცემ იმას, რასაც მოითხოვს. ამიტომ ამჯერად არ ვუყიდი ნამცხვარს“. ამგვარად, მამა ზემოქმედებს როგორც გარემოზე (ბავშვზე), ისე – საკუთარ ქცევაზე (უარს ამბობს ბავშვის თხოვნის შესრულებაზე). ბავშვის შემდგომ ქცევას – მამის გარემოს – წვლილი შეაქვს მისი აზროვნებისა და ქცევის ფორმირებაში. თუ ბავშვი შეწყვეტს ტირილს და  არ მოითხოვს ნამცხვარს, მამამ შეიძლება ასე შეაფასოს თავისი ქცევა: „სწორად მოვიქეცი, ამიტომ კარგი მამა ვარ“. გარდა ამისა, ცვლილებები გარემოში მას სხვაგვარად მოქცევის შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, მამის შემდგომ ქცევას განაპირობებს გარემოს რეციპროკული ზემოქმედება, აზროვნება და შემდგომი ქცევა.

რეციპროკული დეტერმინიზმის მოდელი მოცემულია სურათზე, რომელშიც ქცევაში (B) იგულისხმება საკუთრივ თვალსაჩინო, დაკვირვებადი ქცევა; გარემოს თვისებებში (E) – ადამიანისთვის გარეგანი გარემო; ხოლო პიროვნების მახასიათებლებში (P) – წარმოდგენილია პიროვნება მისი ისეთი ბიოლოგიური მახასიათებლების ჩათვლით, როგორებიცაა სქესი, სიმაღლე და ფიზიკური მიმზიდველობა, ასევე, ფსიქიკა, აზროვნების, მეხსიერების, განსჯის უნარის, პროგნოზირების უნარისა და ა.შ. ჩათვლით (Cloninger, 2004).

ზემოთ მოტანილი მაგალითი ამ დიაგრამის გამოყენებით შეგვიძლია, განვიხილოთ. პირველ რიგში, ბავშვის თხოვნა ზემოქმედებს მამის ქცევაზე (E®B) და, ნაწილობრივ, განაპირობებს მამის აზროვნებას (E®P), მამის ქცევა ხელს უწყობს ბავშვის ქცევის ანუ გარემოს ფორმირებას (B®E), მისი ქცევა ზემოქმედებს მის შემდგომ აზრებზეც (B®P), ხოლო მისი აზროვნება, ნაწილობრივ, განაპირობებს მის ქცევას (P®B). ციკლის დასასრულებლად აუცილებელია, რომ P (პიროვნება) ზემოქმედებდეს E-ზე (გარემოზე). როგორ არის შესაძლებელი, რომ მამის აზროვნება უშუალოდ, ქცევაში გამოვლენის გარეშე, ცვლიდეს გარემოს? მას არ შეუძლია ამის გაკეთება. თუმცა P არ ნიშნავს მხოლოდ აზროვნებას, ის მთლიან პიროვნებას აღნიშნავს. ამ შემთხვევაში მამა თავისი ნებისა და მშობლის სტატუსის წყალობით და, შესაძლებელია, სიმაღლითა და ფიზიკური ძალით, ბავშვზე გადაჭრით მოქმედი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. ამგვარად, დასრულებულია საბოლოო განპირობება (P®E) (Фрейджер& Фейдимен, 2001).

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

ხეჩუაშვილი, ლ. (2015). პიროვნება: შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში, ნაწილი I. თსუ, თბილისი.

Bandura, A. (1977). Social Learning Theory, 2nd ed. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.

Bandura, A. (1982). Self-efficacy mechanism in human agency. American Psychologist 37:122–47.

Cloninger, S. C. (2004). Theories of Personality: Understanding Persons, 4th ed. Upper Saddle River, New Jersey: Pearson: Prentice Hall.

Emmons, R. A., Diener, E., & Larsen, R. J. (1985).  Choice and avoidance of situations and congruence models of interactionism.  Personality and Individual Differences, 6, 693-702.

Фрейджер, Р. Фейдимен Дж. (2001). Личность: теории, эксперименты, упражнения. Москва: изд. ОЛМА-ПРЕСС.

კატეგორია: 
ავტორები: