ფსიქოქირურგია

Psychosurgery

ფსიქოქირურგია ზოგადი ტერმინია, რომელიც აერთიანებს ფსიქოლოგიური აშლილობის შემსუბუქების ან აღკვეთის მიზნით ტვინის ქსოვილზე განხორციელებულ ქირურგიულ პროცედურებს. შუა საუკუნეებში ფსიქოქირურგია შეშლილთა ტვინებიდან „სისულელის მარცვლის ამოკვეთას“ ნიშნავდა, რაც ხატოვნად არის ასახული მაშინდელ გრავიურებსა და ფერწერულ ტილოებზე.

პირველი ფსიქოქირურგიული ტექნიკა პორტუგალიელმა ნევროლოგმა ანტონიო ეგაშ მონიშმა (Antonio Egas Moniz) შეიმუშავა და პირველად საკუთარ კოლეგაზე გამოსცადა 1935 წელს. მან ამისათვის 1949 წელს ნობელის პრემიაც მიღო. ეს ოპერაცია, რომელიც დღესდღეობით აღარ ტარდება და პრეფრონტალური ლობოტომიის სახელით არის ცნობილი, შიმპანზეებზე წარმოებულ ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნებოდა და ორივე საფეთქელთან ნახვრეტებიდან თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ბოჭკოების, განსაკუთრებით, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოების გადაჭრას მოიაზრებდა.

გასული საუკუნის 30-იან, 40-იან და 50-იან წლებში ფსიქოქირურგია იმ პაციენტების მიმართ გამოიყენებოდა, რომლებიც ქრონიკური აჟიტაციითა და მწვავე დისტრესით, აგრესიულობით, იმპულსურობით, ძალადობის გამოვლინებებითა და თვითდამაზიანებელი ქცევით ხასიათდებოდნენ. ფსიქოქირურგიული მანიპულაციების შემდეგ პაციენტებს ხშირად უმცირდებოდათ ასეთი სიმპტომები, მაგრამ მცირდებოდა ინიციატივა და მოტივაცია, მეტად აპათიურები ხდებოდნენ და, ზოგადად, მათი ემოციური რეაქციები ცხოვრებაზე მეტად ზედაპირული და ნაკლებად ინტენსიური ხდებოდა. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ოპერაციის შემდეგ სახეზე იყო ახალი პიროვნება, ოპერაცია სამუდამოდ ანადგურებდა ადამიანის ბუნების არსებით მახასიათებლებს. ლობოტომიის შემდეგ მათ აღარ შეეძლოთ მომავლის დაგეგმვა, ახასიათებდათ გულგრილობა გარშემომყოფთა მოსაზრებებისადმი, ინფანტილიზმი, ინტელექტუალური და ემოციური გასადავება. და ბოლოს, ოპერაციის შემდეგ ადამიანებს აღარ ჰქონდათ მეს მთლიანობის განცდა. მაგალითად, მონიშის ერთ-ერთი პაციენტი იმდენად გაოგნებული და განაწყენებული იყო ასეთი მოულოდნელი შედეგებით, რომ ესროლა კიდეც ექიმს, რის გამოც ის ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. ვინაიდან კარგად არის ცნობილი ფსიქოქირურგიის  მძიმე უარყოფითი შედეგები, დადებითი კი ნაკლებად თვალსაჩინოა, ფსიქოქირურგიის ასეთი რადიკალური ფორმა დღესდღეობით თითქმის აღარ გამოიყენება.

თანამედროვე ფსიქოქირურგიულ პროცედურათა რიცხვში შედის კორძიანი სხეულის ბოჭოების ამოკვეთა მწვავე ეპილეფსიური გულყრების შესამსუბუქებლად, რაც ლიმბური სისტემის ფუნქციონირების განმაპირობებელი გზების ჩაჭრაა (ამიგდალოტომია).თუმცა, ფსიქოქირურგია, როგორც წესი, მკურნალობის უკიდურეს ფორმად მიიჩნევა და მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, რაც მკურნალობის ყველა სხვა საშუალება არაეფექტური აღმოჩნდა და პაციენტი ისევ ძალზე მძიმედ არის. აქვე უნდა ითქვას, რომ ანტიფსიქოტური მედიკამენტებისა და ტრანკვილიზატორების შექმნის შემდეგ მხოლოდ ძალზე მცირეა  იმ მდგომარეობების რაოდენობა, რომელიც ასეთ რადიკალურ ზომებს საჭიროებენ.

ამასთან, დღეისათვის არსებობს ფსიქოქირურგიის სახეობა, რომელიც თავის ტვინის მცირე დაზიანებული უბნების შეცვლას მოიაზრებს და, ფაქტობრივად, არ აზიანებს ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციონირებას ან მისი ცხოვრების ხარისხს. ამ ტექნიკებს ობსესიურ-კომპულსური აშლილობისა და ზოგჯერ მწვავე ფსიქოზების დროს იყენებენ.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

http://www.britannica.com/EBchecked/topic/481836/psychosurgery

კატეგორია: 
ავტორები: