თავის ტვინის სტრუქტურა, რომელიც აკონტროლებს მოტივირებულ ქცევას, ემოციურ მდგომარეობასა და მეხსიერებას. ასევე, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, სისხლის წნევასა და სისხლში შაქრის დონეს; ახორციელებს სხვა შინაგანი ფუნქციების კონტროლს. ლიმბური სისტემა სამი სტრუქტურისგან შედგება, ესენია: ჰიპოკამპი, ამიგდალა (ანუ ნუშისებრი კომპლექსი) და ჰიპოთალამუსი.
ჰიპოკამპი ლიმბური სისტემის ყველაზე დიდი სტრუქტურაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექსპლიციტური მეხსიერების პროცესებში. კვლევები აჩვენებს, რომ ჰიპოკამპის დაზიანების შემთხვევაში ადამიანი ინარჩუნებს ახალი ამოცანების გადაწყვეტის უნარს, მაგრამ არ აქვს მისი დამახსოვრების შესაძლებლობა.
ამიგდალა ანუ ნუშისებრი კომპლექსი მონაწილეობს ემოციების კონტროლსა და ემოციური მეხსიერების ფორმირებაში. მაკონტროლებელი ფუნქციის გამო, ამ უბნის დაზიანებამ შეიძლება აგრესიული ინდივიდების დამშვიდება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მისი დაზიანების შედეგად იკარგება სახის ემოციური გამომეტყველების ამოცნობის უნარი. იმ ადამიანებს, რომლებსაც ნუშისებრი კომპლექსი აქვთ დაზიანებული, ყველაზე მეტად დაქვეითებული აქვთ უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით კი, შიშის გამოხატვის უნარი.
ჰიპოთალამუსი ტვინის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ზომის სტრუქტურაა, თუმცა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ყოველდღიურ აქტივობებში. ის მრავალი ბირთვისგან — ნეირონთა პატარა გროვებისგან შედგება, რომლებიც მოტივაციურ ქცევაში ჩართულ ფიზიოლოგიურ პროცესებს არეგულირებს (კვება, ტემპერატურის რეგულირება და სქესობრივი ქცევა). ჰიპოთალამუსი ინარჩუნებს სხეულის ჰომეოსტაზს. მაგალითად, როდესაც სხეულის ენერგიის რეზერვები მცირდება, ჰიპოთალამუსი ერთვება ორგანიზმის სტიმულაციაში, რათა მან საკვები მოიპოვოს და მიიღოს. როდესაც სხეულის ტემპერატურა იკლებს, ჰიპოთალამუსი სისხლძარღვთა შეკუმშვას ან მოკლე უნებლიე მოძრაობებს — კანკალს იწვევს. ის ენდოკრინული სისტემის მოქმედებასაც არეგულირებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.