ლიმბური სისტემის ნაწილი, რომელიც საფეთქლის წილის შიდა (მედიალურ) არეში მდებარეობს და კონკრეტული მეხსიერების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ტერმინი ბერძნული hippocampus-დან მოდის (hippos– „ცხენი“ და „kampos“- „ზღვის ურჩხული“), რადგან მისი ფორმა ზღვის ცხენს მოგვაგონებს.
ის ლიმბური სისტემის ყველაზე დიდი სტრუქტურაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხანგრძლივი მეხსიერების, კერძოდ, ექსპლიციტური მეხსიერების პროცესებში და მასზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს სტრესი. სისხლის ნაკადის ან ჟანგბადის დონის მცირეოდენი ცვლილებები ტვინის ამ რეგიონში სტრესის ემოციური ამოცნობის და მასზე რეაგირების რაოდენობრივ (რიცხვებში გამოხატულ) მარკერად გამოდგება. ამასთან, ჰიპოკამპში ზოგიერთი ნეირონი მუდმივად ფორმირდება. მაშასადამე, ჰიპოკამპი ტვინის იმ რამდენიმე უბანთაგანია, რომელიც ნერვული ღეროვანი უჯრედების წყაროა.
უამრავი კლინიკური მონაცემი არსებობს, რომელიც ჰიპოკამპის ექსპლიციტური მეხსიერების ფორმირებაში მონაწილეობას ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი მონაცემი ფსიქოლოგიის ისტორიაში ყველაზე ცნობილია პაციენტ ჰ.მ.-ის შემთხვევა.
ჰ.მ.-ს 27 წლის ასაკში ოპერაცია ჩაუტარდა ეპილეფსიური შეტევების სიხშირის შემცირების მიზნით. ოპერაციის დროს მას ჰიპოკამპი ამოკვეთეს. ამის შედეგად იგი მხოლოდ შორეული წარსულის გახსენებას ახერხებდა. მან დაკარგა ახალი ინფორმაციის შენახვისა და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანის უნარი. ოპერაციიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგაც კი პაციენტს ეგონა, რომ ჯერ კიდევ 1953 წელი (როცა უპერაცია ჩაუტარდა) იყო.
მეორე მხრივ, ჰიპოკამპის დაზიანებამ არ გამოიწვია იმპლიციტური მეხსიერების დარღვევა ანუ მას შენარჩუნებული ჰქონდა ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების უნარი, რომელიც ცნობიერებასთან არ არის კავშირში. მაშასადამე, ჰიპოკამპის დაზიანების შემდეგ ვინარჩუნებთ ახალი ამოცანების გადაწყვეტის უნარს, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებთ მას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Hippocampus (brain), http://www.britannica.com/science/hippocampus (05.08.2015)