ფარმაკოთერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Pharmachotherapy

ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გადატრიალება იყო მედიკამენტების აღმოჩენა, რომელთაც მშფოთვარე ადამიანების დამშვიდება, აუტიზმის მქონეთა რეალობასთან კონტაქტის აღდგენა და ფსიქოტური პაციენტების ჰალუცინაციების დათრგუნვა შეეძლო. ეს ახალი თერაპიული ეპოქა 1953 წელს, კლინიკების თერაპიულ პროგრამებში ტრანკვილიზატორების, კერძოდ კი, ქლორპრომაზინის, შეტანით დაიწყო. მედიკამენტებით მკურნალობამ, რომელსაც პაციენტის ქცევის ეფექტურად შეცვლა შეეძლო, მალევე მოიპოვა აღიარება.

მედიკამენტებით მკურნალობის მეთოდების აღმოჩენამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მძიმე აშლილობების მქონე პაციენტების მკურნალობაზე. ფსიქიატრიული კლინიკების მომსახურე პერსონალს აღარ სჭიდებოდა მცველების როლში ყოფნა, პაციენტების იზოლატორებში მოთავსება ან მათთვის დამამშვიდებელი პერანგის ჩაცმა. პერსონალის მორალური სახე გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიკურად დაავადებულთა უბრალო პატიმრობა რეაბილიტაციით შეიცვალა. ამასთან, მედიკამენტური მკურნალობის შედეგად პაციენტებს საშუალება აქვთ, შედარებით ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ საავადმყოფოს გარეთ.

ბევრი გარემოებაა, როდესაც მედიკამენტური მკურნალობის კურსმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დაავადების მქონე ადამიანის ცხოვრება. თუმცა ფარმაკოთერაპიის ნებისმიერი კურსი არ გამორიცხავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მიჩვევის შესაძლებლობას და შესაძლო სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

დღეისათვის თერაპიულ პროგრამებში სამი ძირითადი კატეგორიის მედიკამენტები გამოიყენება: ანტიფსიქოტური, ანტიდეპრესანტული და ანქსიოლიზური ნაერთები. როგორც დასახელებებიდან ჩანს, ეს მედიკამენტები ქიმიური გზით ცვლიან ტვინის სპეციფიკურ ფუნქციებს, რომლებიც ფსიქოტურ სიმპტომებზე, დეპრესიასა და უკიდურეს შფოთვაზეა პასუხისმგებელი.

ანტიფსიქოტური პრეპარატები

ანტიფსიქოტური პრეპარატები ცვლის ბოდვითი მდგომარეობების, ჰალუცინაციების, სოციალური გარიყულობისა და პერიოდული აგზნებადობის ანუ აჟიტაციის შიზოფრენიული აშლილობის სიმპტომებს. მათი მოქმედება ზღუდავს ნეიროტრანსმიტერი დოფამინის აქტივობას ტვინში. ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა ქლორპომაზინი და ჰალოპერიდოლი, ამცირებენ ან თრგუნავენ დოფამინური რეცეპტორების მგრძნობელობას. მიუხედავად იმისა, ეს და სხვა მსგავსი პრეპარატები ამცირებენ ტვინის აქტივობის ზოგად დონეს, ისინი მხოლოდ ტრანკვილიზატორის ფუნქციას არ ასრულებენ. მრავალი პაციენტისთვის ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ აგზნების შემამცირებელი და დამამშვიდებელი. ისინი აქრობენ ან ამცირებენ შიზოფრენიის დადებით სიმპტომებს, ბოდვებისა და ჰალუცინაციების ჩათვლით.

სამწუხაროდ, ანტიფსიქოტურ პრეპარატებს უარყოფითი გვერდითი მოქმედება ახასიათებს. ვინაიდან დოფამინს თავისი როლი აქვს მოტორულ კონტროლში, მედიკამენტური მკურნალობის კურსს ხშირად ახლავს კუნთების მუშაობის, განსაკუთრებით, სახის კუნთების მუშაობის დარღვევა, რომელიც სწორედ ამ პრეპარატების მიღების შედეგად ვითარდება და ყბის, ტუჩებისა და ენის უნებლიე მოძრაობებით ვლინდება.

ანტიდეპრესანტები

ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ნეიროგადამტანების — ნორეპინერინისა და სეროტონინის — აქტივობას. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა ტოფრანილი და ელავილი, ამცირებენ სინაფსური ნაპრალიდან ნეიროტრანსმიტერების განმეორებით შთანთქმას. ბიციკლური ანტიდეპრესანტი პროზაკი ამცირებს სერონოტიტინის განმეორებით შთანთქმას. მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები ზღუდავენ ფერმენტ მონოამინოქსიდაზას აქტივობას, რომელიც პასუხისმგებელია ნორეპინეფრინის დაშლაზე. როდესაც მაო შეკავებულია, ნეიროტრანსმიტერთა მეტი რაოდენობაა ხელმისაწვდომი.

ანტიდეპრესანტები, როგორც წესი, წარმატებით ხსნიან დეპრესიული აშლილობის სიმტომებს, თუმცა პაციენტთა მესამედს მაინც არ აღენიშნება გაუმჯობესება. ბიპოლარული აშლილობების მკურნალობისთვის ეფექტური აღმოჩნდა ლითიუმის მარილები.

ანქსიოლიზური საშუალებები

ანტიფსიქოტური და ანტიდეპრესიული პრეპარატების მსგავსად, ანქსიოლიზური ანუ დამამშვიდებელი საშუალებები, ჩვეულებრივ, ტვინში ნეიროტრანსმიტერების აქტივობის დონეების რეგულაციას ახდენენ. სხვადასხვა სახის შფოთვითი აშლილობის დროს სხვადასხვა სახის პრეპარატია ყველაზე ეფექტური. მაგალითად, გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობისთვის საუკეთესოდ ითვლება ბენზოდიაზეპიები, მათ შორის ვალიუმი ან ქსანაქსი, რომლებიც ნეიროტრანსმიტერი გაემი-ის აქტივობას ზრდის. ვინაიდან ეს უკანასკნელი შემაკავებელ ნეირონებს არეგულირებს, მისი აქტიურობის ზრდით მცირდება ტვინის აქტიურობა იმ უბნებში, რომელიც გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმტომებს შეესაბამება. საინტერესოა, რომ პანიკური შეტეები, აგორაფობია და სხვა ფობიები შეიძლება ანტიდეპრესანტებით განიკურნოს. რაც შეეხება ობსესიურ-კომპულსურ აშლილობას, რომელიც სეროტონინის უკმარისობის შედეგი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კარგად რეაგირებს ისეთ პრეპარატებზე, როგორიცაა პროზაკი, რადგან ის კონკრეტულად სეროტონინის მოქმედებაზე ახდენს გავლენას.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning, USA.

კატეგორია: 
ავტორები: