ლესბოსური კონტინუუმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lesbian Continuum

ტერმინი „ლესბოსური კონტინუუმი“ პირველად გამოიყენა ედრიენ რიჩმა თავის ცნობილ ესეში „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსელთა არსებობა“ (Compulsory Heterosexuality and Lesbian Existence, 1980). აქ რიჩმა გააფართოვა „ლესბოსელის“ მნიშვნელობა ისე, რომ ის არ შემოიფარგლება სექსუალური იდენტობით ან ქცევით და მოიცავს ქალებს შორის ნებისმიერი სახის კავშირს. რიჩი ამტკიცებს, რომ სავალდებულო ჰეტეროსექსუალობის სისტემა უამრავი სხვადასხვა საშუალებით უხილავს ხდის ლესბოსურ გამოცდილებებს და ლესბოსელთა არსებობას; ამასთან, „ლესბოსურით“ აქ მოიაზრება ქალების სხვა ქალებთან იდენტიფიცირების ნებისმიერი გამოცდილება. რიჩისთვის პატრიარქალური სისტემა, რომელიც ჰეტეროსექსიზმს ემყარება, აკონტროლებს, დევნის და არსებობიდან ამოშლის ქალებს შორის ნებისმიერ მიჯაჭვულობას.

რიჩის ეს იდეა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ლესბოსური ფემინიზმის განვითარებისთვის, რადგან მან შესაძლებელი გახადა ლესბოსურ გამოცდილებასა და ლესბოსურ ისტორიაზე ლაპარაკი ისე, რომ მისთვის ცენტრალური არ ყოფილიყო სექსუალური გამოცდილებები. თუმცა, მეორე მხრივ, მას სერიოზული კრიტიკაც შეხვდა სწორედ ლესბოსელობის დესექსუალიზების გამო: თითქოს ის ფემინისტ ქალებს შესაძლებლობას აძლევდა, თავი „ლესბოსური კონტინუუმის“ ნაწილად გამოეცხადებინათ ისე, რომ აუცილებლად კრიტიკულად არ გადაესინჯათ თავიანთი ჰეტეროსექსიზმი. ამით ჰეტეროსექსიზმის კრიტიკა უკანა პლანზე გადაიწევდა ან ზოგადად პატრიარქატის კრიტიკის კონტექსტში ჩაიკარგებოდა. რიჩმა მოგვიანებით სცადა „ლესბოსური კონტინუუმის“ თავისი ცნების დაცვა, თუმცა აღიარა ამ ცნების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა როგორც ლესბოსელების, ისე ჰეტეროსექსუალი ფემინისტების მიერ.

მკვლევრები შენიშნავენ, რომ რიჩის ცნებას საფუძველი მოუმზადა უფრო ადრინდელმა ტექსტმა, სახელდობრ, რადიკალი ლესბოსელების მანიფესტმა „ქალი იდენტიფიცირებული ქალად“ (The Woman Identified Woman, 1970), რომელშიც ლესბოსელი განსაზღვრულია, როგორც „ყველა ქალის ერთობლიობა, კონდენსირებული აფეთქების წერტილამდე“ (Pilcher, J. and I. Whelehan 2004: 80).

იხილეთ, აგრეთვე: ლესბოსელი, ჰეტერონორმატიულობა ან ჰეტეროსექსიზმი, ლესბოსური ფემინიზმი, ლესბოსური ისტორიასეპარატისტული ფემინიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Pilcher, J. and I. Whelehan (2004) Fifty Key Concepts in Gender Studies, London: SAGE. Publications.

Rich, A. (1980) ‘Compulsory Heterosexuality and Lesbian Existence’, Signs 5 (4): 631–60.

კატეგორია: 
ავტორები: