ლესბოსური ისტორია ორ ძირითად მიზანს ემსახურება: წინა პლანზე წამოსწიოს თავად ლესბოსელი ქალების ხმები, რომლებიც წლების განმავლობაში დომინანტური ისტორიის ჩრდილში იმყოფებოდა და დაძლიოს ის ნეგატიური სტერეოტიპები, რომლებიც ლესბოსელებისაგან დამოუკიდებლად მათზე შეიქმნა.
ლესბოსური ისტორია, სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, იმით განსხვავდება დომინანტური, ჰეტეროსექსუალური ისტორიისაგან, რომ მასში სხვადასხვა პერსექტივაა წარმოდგენილი და განსხვავებულ ხმათა მრავალფეროვნება არ იკარგება.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე ლესბოსელთა ხილვადობა დასავლურ სამყაროში ერთი-ორი მხატვრული ნაწარმოებით შემოიფარგლებოდა. მათი უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა კონკრეტული ლესბოსელი ქალის პირად გამოცდილებაზე, რომელიც საკუთარ თავს დანარჩენი სამყაროსაგან განსხვავებულად აღიქვამს. სიტუაცია შეიცვალა 60-70-იანი წლების შემდეგ, როდესაც ფემინისტების ძალისხმევით გაძლიერდა აზრი, რომ ქალები კულტურის მნიშვნელოვანი აგენტები არიან და საჭიროა პატრიარქალური დისკურსისაგან განსხვავებული, ქალური ნარატივის არსებობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი მოძრაობა ძირითადად თეთრკანიანი, პრივილეგირებული კლასის, ჰეტეროსექსუალი ქალის ინტერესებს ატარებდა, მაინც მომწიფდა ნიადგი იმისათვის, რომ ყველა კლასის, რასისა თუ სექსუალური ორიენტაციის ქალს გამოეხატა და დაეფიქსირებინა თავისი ცხოვრების ისტორია. ისინი ძირითადად ზეპირი ისტორიების სახით იქმნებოდა. ამ პერიოდში გაცნობიერდა იმის საჭიროებაც, რომ ლესბოსელებს პოლიტიკური ხმა შეეძინათ, რომლითაც მეინსტრიმ საზოგადოებასთან ისაუბრებდნენ. ამ პროცესის შედეგად ზოგიერთმა ფემინისტმა უარყო ლესბოსელებში არსებული ბუჩი (მასკულინური) და ფემი (ფემინური) იდენტობები, როგორც პოლიტიკურად უსარგებლო. სხვები, მათ შორის იყო ლესბოსელი ფემინისტი მერი დეილიც, ლესბოსელობას პოლიტიკურ აქტად მიიჩნევდნენ და სექსუალურ პარტნიორად ქალის არჩევაში პატრიარქატთან ბრძოლის ერთ-ერთ (თუ არა ერთადერთ) ეფექტურ მეთოდს ხედავდნენ.
რაც უფრო ფეხს იკიდებდა ლესბოსური ისტორია, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისი ძირითადი პრობლემა: ის ქალები, რომელთაც საკუთარი ისტორიის დაფიქსირების საშუალება ეძლეოდათ, ძირითადად პრივილეგირებული კლასის, თეთრკანიანი, განათლებული ქალები იყვნენ, ხოლო სხვა რასების, გაუნათლებელი, ღარიბი ქალების ხმა ისევ დაკარგული იყო. შავკანიანი ლესბოსელი ფემინისტი ოდრი ლორდი ერთ-ერთი პირველი იყო იმათგან, ვინც ხაზი გაუსვა ფემინიზმის ამ ნაკლოვანებას და ლესბოსელ ავტორებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ იმ კულტურული მრავალფეროვნებით, რომელიც ამ ჯგუფის შიგნით არსებობს.
ლესბოსელთა ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დოკუმენტური ფილმები, რომლებშიც ლესბოსელი ქალების ნარატივი და ვიზუალური მასალა ერთადაა წარმოდგენილი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge
Faderman, L. (1980) Surpassing the Love of Men: Friendship and Love Between Women from the Renaissance to the Present, London, Junction Books.
Lorde, A. (1984) Sister Outsider, Trumansburg, New York, Crossing Press.
Nestle, J. (1988) A Restricted Country, London, Sheba.