გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

Generalized Anxiety Disorder

შფოთვითი აშლილობა, როცა ინდივიდი შფოთავს ან ნერვიულობს სპეციფიკური საფრთხის ან საფრთხის მომტანი ობიექტის არარსებობის პირობებში, სულ მცირე, ექვსი თვის მანძილზე.

კლინიკური აღწერა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის არსებითი მახასიათებელია, მთელი რიგი მოვლენების ან აქტივობების გამო, მოჭარბებული შფოთვა და ნერვიულობა (მშფოთვარე მოლოდინი). შფოთვისა და ნერვიულობის ინტენსივობა, ხანგრძლივობა ან სიხშირე მოსალოდნელი მოვლენის რეალური ალბათობის ან გავლენის არაპროპორციულია. ინდივიდს უჭირს ნერვიულობის გაკონტროლება და მშფოთვარე ფიქრები ყურადღებას უფანტავს. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე მოზრდილები ხშირად ნერვიულობენ ყოველდღური, რუტინული საქმეების გამო, როგორებიცაა შესაძლო პასუხისმგებლობები სამსახურში, ჯანმრთელობა და ფინანსები, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, შვილების წარუმატებლობები ან უმნიშვნელო მიმდინარე საკითხები (მაგალითად, სახლის სათანადოდ დალაგება ვერ მოასწრო ან შეხვედრაზე დაიგვინა). ამ აშლილობის მქონე ბავშვებს ახასიათებთ ტენდენცია, ზედმეტად ინერვიულონ საკუთარი კომპეტენტურობის და შესრულებული საქმის/ამოცანის ხარისხზე. აშლილობის მიმდინარეობისას ნერვიულობის ფოკუსი ერთი საფიქრალიდან მეორეზე შეიძლება გადადიოდეს.

გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას რამდენიმე მახასიათებელი განარჩევს ჩვეულებრივი, არაპათოლოგიური შფოთვისგან: (1) გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან ასოცირებული ნერვიულობა მოჭარბებულია და, როგორც წესი, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებას, ხოლო ყოველდღიური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა არ არის გადაჭარბებული, მეტად მართვადად აღიქმება და შესაძლებელია მისი დავიწყება, როცა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში. (2) ამ აშლილობასთან ასოცირებული ნერვიულობა უფრო მდგრადი, სიღრმისეული და დისტრესის გამომწვევია; უფრო ხანგრძლივია და ხშირად უმიზეზოდ იჩენს თავს. რაც უფრო ფართოა იმ ცხოვრებისეული ვითარებების დიაპაზონი, რომელზეც პიროვნება ნერვიულობს (მაგალითად, ფინანსები, ბავშვების უსაფრთხოება, სამსახურში მიღწევები), მით მეტია ალბათობა, რომ მისი სიმპტომები გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. (3) გაცილებით ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ყოველდღიურ ნერვიულობას ფიზიკური სიმპტომები (მაგალითად, მოუსვენრობა ან ზღვარზე ყოფნის განცდა) ახლდეს თან. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები აღნიშნავენ სუბიექტური დისტრესის არსებობას, რაც მუდმივი ნერვიულობის შედეგია. ასევე, უჩივიან თანმხლებ გაუარესებას სოციალურ, სამსახურეობრივ და ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

შფოთვასა და ნერვიულობას ჩამოთვლილი დამატებითი სიმპტომებიდან, სულ მცირე, სამი მაინც ახლავს: მოუსვენრობა და განცდა, რომ კუთხეშია მომწყვდეული ან ზღვარზე დგას, კონცენტრაციის გართულება ან გონების დაბინდვა, გაღიზიანებადობა, კუნთების დაძაბულობა და დარღვეული ძილი. ბავშვებში ერთი სიმპტომიც საკმარისი იქნება.

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები

  1. მოჭარბებული შფოთვა ან ნერვიულობა (მშფოთვარე მოლოდინი) უფრო მეტ დღეს არის სახეზე, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, მთელი რიგი მოვლენების ან აქტივობების (სამსახურში ან სკოლაში შესრულებული დავალების) გამო.
  2. ინდივიდს უჭირს ამ ნერვიულობის კონტროლი
  3. შფოთვა და ნერვიულობა ქვემოთ მოცემული ექვსიდან სამ (ან მეტ) სიმპტომთან ასოცირდება (სულ მცირე, ზოგიერთი სიმპტომი დღეების უფრო მეტ რაოდენობაში უნდა აღინიშნებოდეს ბოლო 6 თვის მანძილზე).

შენიშვნა: ბავშვებში მხოლოდ ერთი სიმპტომია საკმარისი

  1. მოუსვენრობა ან განცდა იმისა, რომ კუთხეშია მომწყვდეული ან ზღვარზე დგას;
  2. ადვილად იღლება;
  3. უჭირს კონცენტრირება ან გონება ებინდება;
  4. გაღიზიანებადობა;
  5. კუნთების დაძაბულობა;
  6. ძილის დარღვევა (უჭირს ჩაძინება ან სიფხიზლის შენარჩუნება, მოუსვენარი და არადამაკმაყოფილებელი ძილი).
  1. შფოთვა, ნერვიულობა ან ფიზიკური სიმპტომები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას იწვევენ სოციალურ, სამსახურეობრივ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროში.
  2. სიმპტომები არ არის ნივთიერებების (მაგალითად, ნარკოტიკების, მედიკამენტის) ან ზოგადი სამედიცინო მდგომარეობის (მაგალითად, ჰიპოთიროიდიზმის) პირდაპირი მოქმედების შედეგი.
  3. მდგომარეობა უკეთ ვერ აიხსნება სხვა ფსიქიკური აშლილობით (მაგალითად, შფოთვით ან ნერვიულობით იმის გამო, რომ პანიკური შეტევა ექნება პანიკური აშლილობის ფარგლებში, უარყოფითი შეფასებით სოციალური შფოთვის აშლილობაში (სოციალური ფობია), კონტამინაციით ან სხვა ობსესიებით ობსესიურ-კომპულსურ აშლილობაში, მიჯაჭვულობის ფიგურასთან განშორებით დაშორების შფოთვით აშლილობაში, ტრავმული მოვლენის შემახსენებლებით პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაში, წონის მომატებით ანორექსიაში, ფიზიკური ჩივილებით სომატური სიმპტომის აშლილობაში, გარეგნობის აღქმული ცვლილებით სხეულის დისმორფულ აშლილობაში, სერიოზული ავადმყოფობის ქონით ავადმყოფობის შფოთვით აშლილობაში ან ბოდვითი იდეების შინაარსით შფიზოფრენიის, ან ბოდვითი აშლილობის დროს).

განვითარება და მიმდინარეობა

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ბევრი ინდივიდი ამბობს,რომ მთელი ცხოვრება შფოთავდნენ და ნერვიულობდნენ. აშლილობის დაწყების მედიანური ასაკი 30 წელია და სხვა აშლილობების დაწყების ასაკზე მეტია, თუმცა დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. მოჭარბებული ნერვიულობა და შფოთვა ადრეულ ასაკში შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ მშფოთვარე ტემპერამენტად აღიქმება ხოლმე. აშლილობა იშვიათად იწყება მოზარდობამდე. სიმპტომები ქრონიკულია და ცვალებადი სიმძაფრით ვლინდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ირხევა რა აშლილობის სინდრომულ და სუბსინდრომულ ფორმებს შორის. სრული რემისია იშვიათია.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კლინიკური გამოხატულება შედარებით მდგრადია ცხოვრების განმავლობაში. ასაკობრივი ჯგუფები, პირველ რიგში, საფიქრალის/სანერვიულოს შინაარსით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბავშვები სასკოლო და სპორტის მიღწევებზე უფრო შფოთავენ, მოზრდილები — ოჯახის წევრების კარგად ყოფნაზე ან საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამგვარად, ინდივიდის შფოთვის შინაარსი, ძირითადად, ასაკის შესატყვისია. ახალგაზრდა მოზრდილების სიმპტომები უფრო მძიმეა, ვიდრე ასაკოვანი ადამიანების.

რაც უფრო ადრე ვლინდება გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი სიმპტომები, მით მეტია ალბათობა, რომ მეტი კომორბიდულობა ჰქონდეს ინდივიდს და მეტად მძიმე იყოს მისი მდგოამრეობა. ბავშვებსა და მოზარდებში შფოთვა და ნერვიულობა ხშირად არის მიმართული სკოლაში ან სპორტში მათ კომპეტენტურობაზე მაშინაც კი, როცა მათ არავინ აფასებს. შეიძლება, გადაჭარბებულად წუხდნენ პუნქტუალობაზე ან კატასტროფულ მოვლენებზე, მაგალითად, მიწისძვრაზე ან ბირთვულ ომზე. ისინი შეიძლება პერფექციონისტები იყვნენ და რამდენჯერმე აკეთებდნენ საქმეს მის იდეალურ შესრულებამდე მიახლოების მცდელობისას.

რისკ და პროგნოსტული ფაქტორები

ტემპერამენტი. ქცევის შეკავება, უარყოფითი აფექტურობა (ნევროტიზმი) და ზიანის არიდება, როგორც ჩანს, ასოცირდება გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან.

გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში გადატანილი მძიმე გამოცდილება და მშობლების ზემზრუნველობა ასოცირდება გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან, არ არის დადგენილი გარემოს კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა დიაგნოზის დასასმელად.

გენეტიკა და ფიზიოლოგია. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ქონის რისკის ერთი მესამედი გენეტიკურია. ეს გენეტიკური ფაქტორები ნევროტიზმის რისკს ფარავს და საზიაროა სხვა შფოთვით და გუნება-განწყობილების აშლილობებისთვის, კერძოდ, დიდი დეპრსიული აშლილობისთვის.

მიზეზები

სხვა შფოთვითი აშლილობების მსგავსად, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობებს საფუძვლად, როგორც ჩანს, ზოგადი ბიოლოგიური მოწყვლადობა უდევს. წლების მანძილზე მკვლევრები და კლინიცისტები ფიქრობდნენ, რომ შფოთვა ამ აშლილობის დროს არაფერ კონკრეტულზე არ არის მიმართული და მას „თავისუფლად მცურავ“ შფოთვასაც კი უწოდებდნენ.

კვლევა აჩენებს რომ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის მქონე ინდივიდებს მუდმივად დაძაბული კუნთები აქვთ. ისინი, ზოგადად, უაღრესად მგრძნობიარენი არიან საფრთხისადმი, განსაკუთრებით, თუ ეს საფრთხე მათ პიროვნულად ეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი გაცილებით სწრაფად აქცევენ ყურადღებას საფრთხის წყაროებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ეს უაღრესი მგრძნობელობა ადრეული სტრესული გამოცდილებებიდან შეიძლება მომდინარეობდეს, როცა მათ დაისწავლეს, რომ სამყარო სახიფათო და უკონტროლოა და, შესაძლოა, ვერ გაუმკლავდნენ მას (განზოგადებული ფსიქოლოგიური მოწყვალდობა). გარდა ამისა, პოტენციური საფრთხის ეს მძაფრი განცდა, განსაკუთრებით, თუ პირადულს ეხება, როგორც ჩანს, სრულიად ავტომატური ანუ არაცნობიერია. ვინაიდან ამ აშლილობის მქონე ადამიანები არ ეჯახებიან არსებულ პრობლემას ცნობიერად და ღიად, ისინი თავს არიდებენ უსიამოვნო და ტკივილის გამომწვევ უარყოფით ემოციებს და ამიტომ ვერასდროს მიდიან გადაწყვეტამდე , შესაბამისად, ქრონიკულად წუხან და ამ წუხილს თანახლავს ავტომატური სიხისტე და საკმაოდ ძლიერი კუნთური დაძაბულობა. 

ამრიგად, ზოგ ადამიანს თანდაყოლილი ტენდენცია აქვს, რომ ადრეულ ასაკშივე გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები არაკონტროლირებადი და პოტენციურად საშიში შეიძლება იყოს (გენერალიზებული ფსიქოლოგიური მოწყვლადობა). მნიშვნელოვანი სტრესი მათ ფხიზლად და ფრთხილად ყოფნას აიძულებს, რაც ინტენსიური ნერვიულობის საფუძველი ხდება და, თავის მხრივ, ფიზიოლოგიური ცვლილებებს იწვევს, ეს კი გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის წინაპირობად იქცევა. აშლილობის ინტეგრაციული მოდელის სქემატური გამოხატულებისთვის იხ სურათი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.

Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning.

კატეგორია: 
ავტორები: