შინაგან აქტივობათა თანმიმდევრობა, რომელიც მაშინ ამოქმედდება, როცა ორგანიზმი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება; ამზადებს სხეულს ბრძოლისა და შეტევისთვის ან უსაფრთხო ადგილას გაქცევისათვის.
1920-იან წლებში უოლტერ კენონმა პირველად აღწერა მეცნიერულად, როგორ რეაგირებენ ცხოველები და ადამიანები საფრთხეზე. მან აღმოაჩინა, რომ ნერვულ ქსოვილებსა და ჯირკვლებში აქტივობა გარკვეული თანმიმდევრობით ხორციელდება, რათა სხეული მოემზადოს გარკვეული რეაქციისათვის —თავდაცვისათვისა და ბრძოლისათვის ან უსაფრთხო ადგილისკენ გაქცევისათვის. კენონმა ამ ორმაგ სტრესულ რეაქციას ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია უწოდა. ამ სტრესული რეაქციის ცენტრი ჰიპოთალამუსში მდებარეობს, რომელიც მრავალ ემოციურ რეაქციაში მონაწილეობს. ჰიპოთალამუსს ზოგჯერ სტრესის ცენტრად მიიჩნევენ საგანგებო ვითარებებში შესრულებული ორმაგი ფუნქციის გამო: (1) ის აკონტროლებს ავტონომიურ ნერვულ სისტემას (ანს) და (2) ახდენს ჰიპოფიზის ჯირკვლის აქტივირებას.
ან სხეულის ორგანოთა მოქმედებას არეგულირებს. სტრესულ ვითარებაში სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, გულისცემა ხშირდება, სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის წნევა ზემოთ იწევს. ამ შინაგან ცვლილებებთან ერთად ფართოვდება ყელისა და ცხვირის სასუნთქი გზები, რათა ფილტვებს მეტი ჰაერი მიეწოდოს და, ამავე დროს, სახეზე ძლიერი ემოციის ექსპრესია ჩნდება. გლუვ კუნთებს მიეწოდება სიგნალები ზოგიერთი ისეთი სხეულებრივი ფუნქციის შესაჩერებლად, როგორიცაა, მაგალითად, საჭმლის მონელება, როგორც საგანგებო ვითარებისათვის მზადების სიტუაციის შეუსაბამო მოქმედება. ავტონომიური ნერვული სისტემის კიდევ ერთ ფუნქციას სტრესის დროს ადრენალინის გამოყოფა წარმოადგენს. ის სიგნალს აწვდის თირკმელზედა ჯირკვლების შიდა ნაწილს, ადრენალურ მედულას (მოგრძო ტვინი), რომელიც გამოყოფს ორ ჰორმონს — ეპინეფრინსა და ნორეპინეფრინს, რომლებიც, თავის მხრივ, სიგნალს აწვდიან მთელ რიგ ორგანოებს, რათა შეასრულონ საკუთარი სპეციალიზებული ფუნქციები. ელენთა გამოიმუშავებს უფრო მეტ წითელ ბურთულებს (რათა ჭრილობის შემთხვევაში სისხლის შედედებას შეუწყოს ხელი), ხოლო ძვლის ტვინი სტიმულირდება, გამოიმუშავოს უფრო მეტი თეთრი ბურთულები (რათა შეებრძოლოს შესაძლო ინფექციას); ღვიძლი სტიმულირდება, გამოიმუშავოს მეტი შაქარი სხეულის ენერგიით მოსამარაგებლად. ჰიპოფიზი ჰიპოთალამუსიდან მოსულ სიგნალებზე ორი ჰორმონის გამოყოფით რეაგირებს, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ სტრესზე რეაქციისათვის. ტიროთროპული ჰორმონი (ტთჰ) ასტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, რომელიც ორგანიზმს მეტი ენერგიით უზრუნველყოფს; ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი (აკტჰ), რომელიც ცნობილია, როგორც „სტრესის H ჰორმონი”, ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის გარეგან ნაწილს, რასაც მოჰყვება მეტაბოლური პროცესების მაკონტროლებელ ჰორმონთა გამოყოფა და შაქრის გადასვლა ღვიძლიდან სისხლში. აკტჰ სხვადასხვა ორგანოსაც აწვდის სიგნალებს, რომ გამოიყოს დაახლოებით 30 სხვადასხვა დასახელების ჰორმონი, რომელთაგან თითოეული გარკვეულ როლს ასრულებს სხეულის ბრძოლისთვის მომზადებაში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ