ექსპოზიციური თერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Exposition Therapies

ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობის ტექნიკათა ერთობლიობა, რომლებშიც კლიენტს შემაშინებელი ან შფოთვის გამომწვევი სტიმული ერთბაშად წარედგინება.

ექსპოზიციურ თერაპიებს მიეკუთვნება სისტემატური დესენსიტიზაცია, იმპლოზიური თერაპია და სიტუაციით დაძირვა.

იმპლოზიური თერაპია სისტემატური დესენსიტიზაციისაგან დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომაა. ნაბიჯ-ნაბიჯ, გრადუალური წინსვლის ნაცვლად, უსაფრთხო გარემოში კლიენტს დასაწყისშივე წარედგინება ყველაზე შემაშინებელი სტიმული (შფოთვის გამომწვევი სტიმულთა იერარქიული ჩამონათვალიდან). თერაპიული სიტუაცია ისეა მოწყობილი, რომ ის ვერ გაექცევა შემაშინებელ სტიმულს. თერაპევტი აღწერს კლიენტის შიშთან დაკავშირებულ უკიდურესად შემაშინებელ სიტუაციას, როგორიცაა, მაგალითად, მთელ სხეულზე შემოხვეული გველები და აიძულებს კლიენტს, რომ მან სრულად წარმოიდგინოს, შეძლებისდაგვარად ძლიერად განიცადოს ეს სიტუაცია. ითვლება, რომ ასეთმა წარმოსახვამ პანიკის აფეთქება უნდა გამოიწვიოს. ვინაიდან ეს აფეთქება შინაგანია (ინდივიდის შიგნით ხდება), პროცესს იმპლოზიას ანუ შიგნით მიმართულ აფეთქებას უწოდებენ; აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც იმპლოზიური თერაპია. როდესაც სიტუაცია მრავალჯერ მეორდება, სტიმული კარგავს ძალას და ვეღარ ახერხებს შფოთვის გამოწვევას. როდესაც შფოთვა აღარ წარმოიქმნება, ქრება ის არაადაპტური ქცევაც, რომელიც მისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენებოდა. ამ პროცედურის ძირითადი იდეა ისაა, რომ კლიენტს არ ეძლევა შფოთვის გამომწვევი სიტუაციის უარყოფის, მისთვის თავის არიდების თუ მისგან რამენაირად თავის დაღწევის საშუალება. იგი აღმოაჩენს, რომ სტიმულთან კონტაქტი სულაც არ იწვევს იმ უარყოფით შედეგს, რომელსაც მოელოდა.

სიტუაციით დაძირვა იმპლოზიას ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ამ დროს კლიენტს, მისი თანხმობით, რეალურად ათავსებენ შიშის მომგვრელ სიტუაციაში. მაგალითად, კლაუსტროფობიის მქონე პიროვნებას ბნელ სხვენზე ათავსებენ, ბავშვს, რომელსაც წყლის ეშინია — აუზში.

დაძირვის თერაპიის კიდევ ერთი ფორმა წარმოსახვით იწყება. ამ შემთხვევაში კლიენტს შეუძლია მოუსმინოს ჩანაწერს, რომელშიც ერთი ან ორი საათის განმავლობაში ძალზე დაწვრილებით ყვებიან ფობიის შესატყვისი უკიდურესად შემაშინებელი სიტუაციის შესახებ. მას შემდეგ, რაც შეძრწუნება და შიში ჩაცხრება, კლიენტს ათავსებენ შიშის მომგვრელ სიტუაციაში, რომელიც, ცხადია, აღარ არის იმდენად შემაძრწუნებელი, რამდენადაც თავად მის მიერ წარმოსახული სიტუაცია. დაძირვა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სისტემატური დესენზიტიზაცია, როდესაც საქმე ეხება ზოგიერთ ისეთ ქცევით პრობლემას, როგორიცაა აგორაფობია. ამასთან, პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, კლიენტთა უმრავლესობასთან მიღებული შედეგი მდგრადია.

სისტემატური დესენსიტიზაციის, იმპლოზიური თერაპიისა და დაძირვის თერაპიისთვის - ყველასთვის დამახასიათებელია საერთო კომპონენტი — ექსპოზიცია ანუ სტიმულის წარდგენა. წარმოსახვით იქნება, რეალური კონტაქტით თუ ვირტუალურად, კლიენტს წარედგინება ის ობიექტი ან სიტუაცია, რომელიც მას შიშს ჰგვრის.

ექსპოზიციური თერაპია ობსესიურ-კომპულსური აშლილობების შემთხვევაშიც გამოიყენება. მაგალითად, ქალბატონი, რომელსაც აკვიატებული ჰქონდა აზრი ჭუჭყის შესახებ (ანუ ჭუჭყის ობსესია), იძულებით (ანუ კომპულსურად) იბანდა ხელებს დასკდომამდე და დასისხლიანებამდე. იგი ზოგჯერ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა, იმდენად გაუსაძლისი იყო აშლილობა, რომელმაც სრულიად მოწყვიტა ნორმალური ცხოვრების რიტმს. ბიჰევიორისტი თერაპევტის მეთვალყურების ქვეშ ეს ქალბატონი პირისპირ შეეჯახა იმ ობიექტებს, რომლებიც ყველაზე მეტად აშინებდა — ჭუჭყსა და ნაგავს და თანდათანობით ხელითაც კი შეეხო. მან ისიც კი მოახერხა, რომ ხუთი დღის მანძილზე არ დაიბანა ხელები და სახე. საყურადღებოა, რომ ამ შემთხვევაში ბიჰევიორალურ ანუ ქცევით თერაპიას დამატებითი კომპონენტი აქვს — რეაქციის პრევენცია. კლიენტს არა მარტო წარუდგინეს შიშის გამომწვევი სტიმული (ჭუჭყი და ნაგავი), არამედ მან აღკვეთა კიდეც კომპულსური ქცევა (ხელების დაბანა), რომელიც, ჩვეულებისამებრ, ამცირებდა შფოთვას. ამ თერაპიით ქალბატონმა, კომპულსური ქცევის განხორციელების გარეშე, შფოთვის შემცირება ისწავლა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: