დისოციაციური აშლილობა, რომლის დროსაც ინდივიდი ვერ იხსენებს მნიშვნელოვან პიროვნულ გამოცდილებას და, ყოველგვარი ორგანული დისფუნქციის გარეშე, ფსიქოლოგიური ფაქტორებით არის გამოწვეული.
ტერმინი ამნეზია ბერძნულიდან მოდის: „a“ — „არა“ და „mnasthai“ — გახსენება, მოგონება. დისოციაციური ამნეზიის დროს, რომელსაც ფსიქოგენურ ამნეზიასაც უწოდებენ, პიროვნება იმდენად ვერ იხსენებს მნიშვენლოვან პიროვნულ ინფორმაციას, ჩვეულებრივ, ტრავმული ან სტრესულ გამოცდილებას, რომ ეს უბრალო გულმავიწყობას ვერ მიეწერება. ეს მოვლენები ძლიერ უარყოფით ემოციებს ქმნიან, როგორებიცაა დანაშაულის განცდა და შიში. მეხსიერების დაკარგვას ვერც რომელიმე კონკრეტულ ორგანულ მიზეზს მოვუძებნით, როგორიცაა თავის მირტყმა ან კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობა, ანდა ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის უშუალო ეფექტი. მეხსიერების გაუარესების სხვა პროგრესული ფორმებისგან განსხვავებით (როგორიცაა, ალცჰეიმერის დაავადებასთან ასოცირებული დემენცია), ის, ნეირობიოლოგიური დაზიანების ან ტოქსინებით გამოწვეული პერმანენტური ამნეზიისგანაც განსხვავდება, რომლის დროსაც შეფერხებულია მოგონებების შენახვა ან აღდგენა. ვინაიდან დისოციაციური ამნეზიის დროს მოგონებები წარმატებით არის შენახული, მეხსიერების დაკარგვა დროებითია, თუმცა ის, შესაძლოა, დღეები, კვირები ან წლებიც კი გრძელდებოდეს. დისოცირებული მოგონებების გახსენება შეიძლება თანდათანობით მოხდეს, მაგრამ ხშირად ერთბაშად და სპონტანურად ხდება.
დისოციაციური ამნეზია არ არის ჩვეულებრივი გულმავიწყობა, როცა ნაცნობის სახელი გვავიწყდება ან ვერ ვიხსენებთ, სად დავდეთ მანქანის გასაღები. ამნეზიის დროს მეხსიერების დაკარგვა გაცილებით სერიოზული და მრავალფეროვანია.
დიაგნოსტიკური მახასიათებლები
დსმ-5-ში დისოციაციური ამნეზიის ხუთი ტიპია აღწერილი.
- ლოკალიზებული ამნეზია გვხვდება შემთხვევათა უმრავლესობაში, როცა კონკრეტული დროის შუალედში მომხდარი მოვლენებია დაკარგული მეხსიერებიდან, მაგალითად, ინდივიდი ვერ იხსენებს სტრესული ან ტრავმული შემთხვევის (მაგალითად, საომარი მოქმედების ან ავარიის) შემდეგ რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს. ლოკალიზებული ამნეზია შეიძლება ერთ კონკრეტულ მოვლენას კი არ უკავშირდებოდეს, არამედ დროის გარკვეულ პერიოდს, მაგალითად, ბავშვობაში ძალადობის რამდენიმე წელიწადს ან რამდენიმეთვიან ინტენსიურ საომარ მოქმედებებს.
- სელექციური ამნეზიის დროს ადამიანებს დროის გარკვეულ პერიოდში მომხდარი ზოგიერთი მოვლენის გახსენება შეუძლიათ, ზოგის კი — არა. ინდივიდს შეიძლება ტრავმული მოვლენის ნაიწლი ახსოვდეს, მაგრამ სხვა ნაწილებს ვერ იხსენებდეს. მაგალითად, შეიძლება ახსოვდეს ცხოვრების ის პერიოდი, როცა მეუღლეს უღალატა, მაგრამ თავად ღალატის ფაქტს ვერ იგონებდეს; ჯარისკაცი შეიძლება იხსენებდეს ბრძოლის თითქმის ყველა დეტალს, მაგრამ მეგობრის დაღუპვა არ ახსოვდეს. ზოგ შემთხვევაში ლოკალიზებული და სელექციური ამნეზია ერთდროულად შეიძლება იყოს წარმოდგენილი.
- გენერალიზებული ამნეზია ძალიან იშვიათია და ინდივიდის ცხოვრების ისტორიის სრულ დავიწყებას მოიაზრებს. ამ ტიპის ამნეზიის მქონე ადამიანს შეიძლება პიროვნული იდენტობა დაავიწყდეს: ვინ არის, რას აკეთებს, სად და ვისთან ცხოვრობს. მიუხედავად პიროვნული ინფორმაციის დაკარგვისა, ინდივიდი ინარჩუნებს ჩვევებს, გემოვლენასა და უანრებს. თუ ინდივიდს გენერალიზებული ამნეზიის დიაგნოზი აქვს, ვერ გაიხსენებს სკოლაში პირველი მასწავლებლის სახელს, მაგრამ კითხვა ემახსოვრება. თუმცა, ზოგი სამყაროს შესახებ დაგროვილ ცოდნას ანუ სემანტიკურ ცოდნასაც კარგავს და ვერც კარგად დასწავლილ უნარ-ჩვევებს ანუ პროცედურულ ცოდნას ინარჩუნებს. გენერალიზებული ამნეზია ერთბაშად იჩენს თავს. ამ ტიპის ამნეზიის მქონე ადამიანის დაბნეულობა, დეზორიენტირებულობა და უმიზნოდ ხეტიალი, როგორც წესი, ადვილად იპყრობს პოლიციის ან ფსიქიატრიული სამსახურის ყურადღებას. ეს დიაგნოზი შედარებით მეტად გვხვდება ომის ვეტერანებთან, სექსუალური ძალადობის მსხვერლებთან და უკიდურესი ემოციური სტრესის ან კონფლიქტის გამოცდილების მქონე ინდივიდებთან.
- უწყვეტი ამნეზიის დროს ინდივიდებს დასაწყისიდანვე ავიწყდებათ თითოეული ახალი მოვლენა. შესაბამისად, მათ არ ახსოვთ არაფერი დროის კონკრეტული მომენტიდან დაწყებული, აწმყოს ჩათვლით.
- სისტემატიზირებული ამნეზიის შემთხვევაში ინფორმაციის კონკრეტული კატეგორიის დავიწყება ხდება, როგორიცაა ინდივიდის ოჯახის შესახებ მთელი ინფორმაცია ან მთელი ცოდნა, რომელიც მის ცხოვრებაში არსებულ ერთ კონკრეტულ ადამიანს უკავშირდება ამ ადამიანის ჩათვლით.
დისოციაციური ამნეზიის მქონე ინდივიდები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ან ნაწილობრივ აცნობიერებენ მეხსიერების პრობლემებს. ბევრი მათგანი და განსაკუთრებით ლოკალიზებული ამნეზიის მქონენი, აკნინებენ მეხსიერების დაკარგვის მნიშვნელოვნებას და, შესაძლოა, თავი არაკომფორტულად იგრძნონ, თუ ამაზე სხვები მიუთითებენ ან რაიმეს უკარნახებენ.
განვითარება და მიმდინარეობა
გენერალიზებული ამნეზიის დასაწყისი, ჩვეულებრივ, უეცარია. ნაკლებია ცნობილი ლოკალიზებული და სელექციური ამნეზიების შესახებ, რადგან იშვიათად არის შესამჩნევი თავად ინდივიდისთვისაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ლოკალიზებულ ამნეზიას, როგორც წესი, უამრავი ან აუტანელი მოვლენები უსწრებს წინ, მისი დაწყება რამდენიმე საათით, დღით ან მეტი ხნით შეიძლება გადავადდეს.
ინდივიდებს დისოციაციური ამნეზიის რამდენიმე ეპიზოდი შეიძლება აღენიშნებოდეთ. პირველმა ეპიზოდმა, შესაძლოა, შემდგომი ეპიზოდებისკენ მიდრეკილება განავითაროს. ამნეზიის ეპიზოდებს შორის ინდივიდს შეიძლება აღენიშნებოდეს ან არ აღენიშნებოდეს მწვავე სიმპტომატიკა. დავიწყებული მოვლენების ხანგრძლივობა შეიძლება წამებიდან ათწლეულებამდე მერყეობდეს. დისოციაციური ამნეზიის ზოგიერთი ეპიზოდი სწრაფად მთავრდება (მაგალითად, როგორც კი პიროვნება გაეცლება ბრძოლის ველს ან სხვა სტრესულ სიტუაციას), ზოგიერთი კი უფრო ხანგრძლივია. ზოგი ინდივიდი თანდათანობით აღიდგენს დისოცირებულ მოგონებებს წლების შემდეგ. დისოციაციის უნარები, შესაძლოა, გაუარესდეს ასაკის მატებასთან ერთად, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ამნეზიის დასრულების შემდეგ ინდივიდს შეიძლება მნიშვნელოვანი დისტრესი, სუიციდური ქცევა ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმტომები აღენიშნებოდეს.
დისოციაციური ამნეზია დაფიქსირებულია პატარა ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში. ჩვეული მოვლენაა სუიციდური და სხვა თვითდამაზიანებელი ქცევები. განსაკუთრებით დიდია სუიციდური ქცევის რისკი, როდესაც ამნეზია უცაბედად ქრება და ინდივიდს აუტანელი მოგონებებით ივსება. დისოციაციური ამნეზია შეიძლება აღმოცენდეს ცალკე ან სხვა დისოციაციურ აშლილობების დროს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Semple, D., Smyth, R. (2009). Oxford Handbook of Psychiatry, 2nd ed. Oxford University Press, Oxford, New York.
APA, (2013). DSM-5TM, Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th edition. Americal Psychiatric Assosiation, Washington, DC; London, England.
Barlow, D., H., and Durand, V. M. (2014). Abnormal Psychology: An Integrative Approach, 7th ed. Cengage Learning,