ამნეზია (ბერძ. ἀ- უარყოფითი ნაწილაკი μνήμη -მეხსიერება) მეხსიერების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, განპირობებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით ტრავმის, ინსულტის, ალცჰაიმერის დაავადების, ალკოჰოლური და მედიკამენტოზური მოწამვლის ან ინფექციის შედეგად.
ამნესტური სინდრომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახის პათოლოგიით: იყოს პროგრესული ან უცაბედი (მწვავე), დროებითი (გარდამავალი) ან მუდმივი (პერმანენტული). ამიტომ ამნეზიის კლასიფიკაციისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს ეტიოოლოგიური, კლინიკური, პროგრესიული და ორგანული კრიტერიუმები.
დროითი გრადიენტის მიხედვით გამოიყოფა ამნეზიის ორი ფორმა: ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზია.
ანტეროგრადულია ამნეზია, რომლის დროსაც ხდება მისი გამომწვევი ეპიზოდის შემდგომ მიღებული ინფორმაციისა და განვითრებული მოვლენების დავიწყება. ამნეზიის ამ ფორმის დროს ახალი ცოდნის მიღება გართულებულია, პაციენტებს პრობლემები აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან უჭირთ ან საერთოდ არ შეუძლიათ მიმდინარე მოვლენების გახსენება, დროში და სივრცეში ორიენტაცია. მოტივაცია და მცდელობა დაიმახსოვროს და აღადგინოს ფაქტები არ აუმჯობებსებს გახსენებას.
რეტროგრადულია ამნეზია, რომლის დროსაც დავიწყებულია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა ამნეზიის გამომწვევ ეპიზოდს. ამ ფორმის ამნეზიისას დარღვეულია როგორც ეპიზოდური, ასევე სემანტიკური მეხსიერება და ერთანაირად ვლინდება ყველა მოდალობაში. გამოიყოფა რეტროგრადული ამნეზიის სამი ვარიანტი:
მეხსიერების დროში შეზღუდული დარღვევა, რომელიც მოიცავს დაზიანებამდე რამოდენიმე წელს, ხოლო შორეული წარსულის მეხსიერება მეტ-ნაკლებად შენახულია (Milner, 1968; Corkin, 1984).
მეხსიერების დროში განფენილი დარღვევა, რომელიც მოიცავს წარსულის ყველა პერიოდს, თუმცა უფრო ძლიერადაა დარღვეული უკანასკნელი პერიოდის აღდგენა (Cohen, Squire, 1981, 1984; Squire, 1989).
მეხსიერების თანაბარი დარღვევა წარსულის ყოველ პერიოდზე, რომელიც დამახასიათებელია მაგალითად, ინფექციებისა და ჰენტინგტონის ქორეას დროს (Cermak, O'Connor, 1983; Butters, 1984).
ამნეზია, ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს მწვავე ემოციური შოკური მდგომარეობის შედეგად, რომლის დროსაც დაზიანებულია ეპიზოდური მეხსიერება. ამნეზიის ეს ფორმა ფსიქოლოგიური „გაქცევაა“ იმ მოგონებებისგან, რომლებსაც შეუძლიათ პიროვნებაში შფოთვა გამოიწვიონ. ეს მოგონებები რეალურად არ არის დაკარგული და ისინი, ძირითადად, შეიძლება, აღდგეს ფსიქოთერაპიის შედეგად ან ამნესტური მდგომარეობის დასრულების შემდეგ.
ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს როგორც რამდენიმე წუთი, ასევე კვირებით, თვეებით და წლებიც კი, რომლის მანძილზეც ადამიანმა შეიძლება ახალი ცხოვრებაც კი დაიწყოს. ასეთ გაჭიანურებულ რეაქციას ეწოდება დისოციაციური ფუგა (ლათ. fuga - გაქცევა). ასევე, სამეცნიერო ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს მისი სინონონიმები: ფსიქოგენური ფუგა და მდგომარეობის ფუგა. გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც წესი, პიროვნებას შენარჩუნებული აქვს ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, მაგრამ ფუგის პერიოდის მოვლენები სრულად დავიწყებულია.
პოსტჰიპნოტური ამნეზია, როგორც მდგომარეობა, როცა დავიწყებულია ყველა ის მოვლენა, რომელიც იყო ჰიპნოზის დროს hიპნოტიზიორის შთაგონების შედეგად, სამეცნიერო ლიტერატურაში უკვე განიხილება როგორ ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობა.
ბავშვობის გამოცდილების გახსენების სირთულეებს ხშირად მოიხსენიებენ ბავშვობის ამნეზიის სახელით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
http://www.britannica.com/EBchecked/topic/21119/amnesia
International Encyclopedia of Rehabilitation. Available online: http://cirrie.buffalo.edu/encyclopedia/en/article/22/