კლიენტზე ცენტრირებული თერაპია

Client-centered Therapy

კლიენტზე ცენტრირებული თერაპია კარლ როჯერსმა შემოგვთავაზა გასული საუკუნის 40-იან წლებში. პათოლოგიური ქცევის სამედიცინო მოდელისა და ექიმის მიერ პაციენტის მკურნალობის სამედიცინო მოდელის ნაცვლად როჯერსმა თავისი მიდგომა დააფუძნა ადამიანის სწრაფვაზე ზრდისკენ, ჯანმრთელობისა და ადაპტირებულობისკენ. მისი აზრით, ასეთი თერაპია პიროვნების განთავისუფლების და მისი ნორმალური განვითარების აღდგენის ერთ-ერთი მეთოდი იყო. თერაპია გრძნობებს უფრო ეყრდნობა, ვიდრე ინტელექტს და, ძირითადად, უშუალო, მიმდინარე ცხოვრებისეულ სიტუაციებს შეეხება და არა — წარსულს. ცხოვრების ბოლოს როჯერსი კონსულტანტისა და კლიენტის ურთიერთობას განიხილავდა, როგორც პიროვნების ზრდის გამოცდილებას.

თერაპია ეხმარება ადამიანს, მინიმალური გარეშე ჩარევით გაერკვეს საკუთარ პრობლემებში. როჯერსმა განსაზღვრა ფსიქოთერაპია, როგორც „პოტენციურად კომპეტენტურ ადამიანში უკვე არსებული უნარების გამონთავისუფლება და არა — ექსპერტის მიერ განხორციელებული მანიპულაციები მეტ-ნაკლებად პასიურ ადამიანზე“.

მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ ყველა ადმიანი ხასიათდება თვითაქტუალიზაციის უმთავრესი ტენდენციით. ჯანსაღ განვითარებას არასწორი დასწავლის პატერნები აბრკოლებს. ამასთან, პიროვნება ეთანხმება სხვების მიერ მის მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ გონებასა და სხეულს მოუსმინოს და მიენდოს. კონფლიქტი, ბუნებრივად დადებით მეს ხატსა და თავსმოხვეული უარყოფით კრიტიკას შორის, შფოთვასა და უბედურების განცდაც ბადებს. ეს კონფლიქტი ანუ შეუსაბამობა შეიძლება ცნობიერების ფარგლებს მიღმა მიმდინარეობდეს, ამიტომ ადამიანი თავს უბედურად და გაუფასურებულად გრძნობს, თუმცა, არ იცის, რატომ.

როჯერსიანული თერაპიის ამოცანაა ისეთი თერაპიული გარემოს შექმნა, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს, ნახოს, როგორ უნდა მოიქცეს საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად და თვითაქტუალიზაციისთვის. ვინაიდან ითვლება, რომ ადამიანი ბუნებით კეთლი და კარგია, თერაპევტის ამოცანა ძირითადად ისაა, რომ კლიენტს დახმარება გაუწიოს იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომელიც ზღუდავს ბუნებრივად დადებითი მიდრეკილებების გამოვლენას.

ძირითადი პრინციპები

უპირობო პოზიტიური მიღება. კლიენტზე ცენტრირებული თერაპევტი მაშინ არის სარგებლის მომტანი, როდესაც ის იღებს კლიენტს ისეთს, როგორიც ის არის და შეუძლია მის მიმართ უპირობო პოზიტიური მიღების პოზიციის დაკავება. როჯერსი უპირობო პოზიტიურ მიღებას განსაზღვრავს, როგორც „ზრუნვას, მაგრამ არა მესაკუთრულ ზრუნვას, პირადი გამორჩენის მიღების გარეშე ზრუნვას. ეს ისეთი ვითარებაა, როდესაც უბრალოდ ეცნობება კლიენტს ’მე ვზრუნავ შენზე’ და არა — ’მე ვიზრუნებ შენზე, თუ შენ ასე და ასე მოიქცევი’“. თერაპევტისთვის ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს „პოზიტიური, არაშეფასებითი, წამახალისებელი დამოკიდებულების შეგრძნებას“. ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს პოზიტიურ შეფასებას, ვინაიდან შეფასება მორალური მსჯელობის ფორმაა. შეფასება ქცევის შეზღუდვის ტენდენციით ხასიათდება, ჯილდოვდება რა ერთი ქცევა და ისჯება მეორე. უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, იყო ისეთი, როგორიც რეალურად არის, მისი ხასიათისგან დამოუკიდებლად.

უპირობო პოზიტიური მიღების დემონსტრირების მიზნით პიროვნებაზე ცენტრირებულ თერაპევტს მუდმივად ფოკუსში უნდა ჰქონდეს კლიენტის თვითაქტუალიზაციის არსი და, ამასთანავე, იგნორირება გაუკეთოს მის დესტრუქციულ, ზიანის ან წყენის მიმყენებელ ქცევას. თერაპევტი, რომელიც შეძლებს ადამიანის პოზიტიურ არსზე ფოკუსირებას, შეძლებს კონსტრუქციულად რეაგირებას, თავს დააღწევს მოწყენილობას, გაღიზიანებას და რისხვას იმ მომენტებში, როცა მისი კლიენტი ნაკლებად მიმზიდველია. კლიენტზე ცენტრირებული თერაპევტი ყოველთვის დარწმუნებულია, რომ კლიენტს შეუძლია საკუთარი შინაგანი და  განუვითარებელი არსის გაცნობიერება. თუმცა, როჯერსიანელი თერაპევტები აღიარებენ, რომ ზოგჯერ მათ არ შეუძლიათ მუშაობისას ამ ხარისხის გაგების მიღწევა.

ემპათია და გულწრფელი გაგება

კლიენტის წახალისება და მისდამი კეთილგანწყობა არა მარტო მომთმენობასა და სტატიკურ პოზას გულისხმობს, რომელიც შეიძლება, ასახავდეს ან არ ასახავდეს რეალურ გაგებას. ამ დროს უბრალო მოთმინება არაადეკვატურია. უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება ემპათიურ გაგებასაც გულისხმობს, რათა „კლიენტის პიროვნების სამყარო ისე შევიგრძნოთ, თითქოს ეს ჩვენი საკუთარი შეგრძნებები იყოს და, ამასთან, არ დავკარგოთ ’ისე, თითქოს’ მდგომარეობა“. ასეთი დამოკიდებულება კლიენტს გაცილებით მეტ თავისუფლებას აძლევს თავისი გრძნობების გამოვლენისას/გამოხატვისას. კლიენტი რწმუნდება, რომ თერაპევტი უბრალოდ კეთილგანწყობილი კი არ არის მისდამი, არამედ აქტიურად ცდილობს იგრძნოს ის, რასაც თავად კლიენტი გრძნობს. ეს არ არის კლიენტის განცდების დიაგნოსტიკური ახსნა, ან მისი სიტყვების მექანიკური გამეორება, არამედ „კლიენტთან ყოფნის“ მდგომარეობა და, ამასთან, საკუთარ თავად ყოფნა. ეს აქტიური მოსმენა და გრძნობებისა და პიროვნული შინაარსების ისე გაგებაა, როგორც ამას თავად კლიენტი განიცდის.

კონგრუენტულობა

კონგრუენტულობა შეეხება თერაპევტის უნარს, სრულად აცნობიერებდეს საკუთარ გამოცდილებას (კლიენტისგან განსხვავებით, რომელიც თერაპიის პროცესში არაკონტრუენტულია) და სრულ თანხმობაში იყოს საკუთარ მესთან. ეს არის კლიენტისთვის საკუთარი გაგების სრულად გადაცემის უნარი. კლიენტმა უნდა იცოდეს, რომ თერაპევტი აუთენტურია და მართლაც ზრუნავს მასზე, მართლა უსმენს და ესმის მისი.

თერაპიული პროცესის აუცილებელი და საკმარისი პირობები

როჯერსმა ჩამოაყალიბა ის, რასაც თავად წარმატებული თერაპიის აუცილებელ და საკმარის პირობებს უწოდებდა. მისი „თუ-მაშინ“ ალგორითმის სახით ფორმულირებული ჰიპოთეზა შემდეგნაირად გამოიყურება:

 თუ:

  1. კლიენტი ფსიქიკურ ტანჯვას ან დაუკმაყოფილებლობას განიცდის;
  2. ეკონტაქტება ფსიქოთერაპევტს;
  3. თერაპევტი ინარჩუნებს კონგრუენტულობას ურთიერთობაში;
  4. თერაპევტი ინარჩუნებს კლიენტისადმი უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას;
  5. თერაპევტი ემპათიურად იღებდეს კლიენტის გამოცდილებას და მას ატყობინებს ამ გაგების შესახებ;
  6. კლიენტი მცირედით მაინც აღიქვამს უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას და ემპათიურ გაგებას;

მაშინ: ხდება პოზიტიური თერაპიული ცვლილებები.

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Gillon, E. (2007). Person-Centred Counselling Psychology, An Introduction. Los Angeles, London, New Dehli, Singapore: Sage Publications.

კატეგორია: 
ავტორები: