თავის ტვინის ქერქი თავის ტვინის ჰემისფეროების გარეთა ზედაპირია, რომელიც ნერვული უჯრედების სხეულებისგან ანუ რუხი ნივთირებისგან შედგება. თავის ტვინის ქერქის სისქე 2-4 მმ შორის მერყეობს და ზედაპირის საერთო ფართი, დაახლოებით 2,200 სმ2 - 2,500 სმ2-ია. მისი 2/3 ღარებშიაგანლაგებული. ერთი მხრივ, ქერქის შემადგენელი ნეირონები მხედველობის ბორცვის (თალამუსის) გავლით იღებენ სენსორულ იმპულსებს ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილიდან, ხოლო ასოციაციური ბოჭკოებით - ქერქის სხვა ნეირონებისგან. მეორე მხრივ, თავის ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები ეფერენტულ იმპულსებს გზავნიან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა უბნისკენ. თავის ტვინის ქერქის უმეტესი ნაწილი 6 განსხვავებული შრით არის წარმოდგენილი, მხოლოდ 2 უბანს აქვს 6 შრეზე ნაკლები (არქიკორტექსი 3 შრისგან შედგება და ჰიპოკამპურფორმაციას მოიცავს და პალეოკორტექსი, რომელიც, ასევე 3 შრისგან შედგება და აერთიანებს საყნოს სენსორულ არეს, ენტორინულ და პერიამიგდალოიდურ ქერქს). ქერქის ზედაპირი უჯრედული აგებულების, შრეებისა და კავშირების (აფერენტული და ეფერენტული) მიხედვით, ციტოარქიტექტონიკურ ველებად იყოფა.
ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რუკაკ ბროდმანს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც, თავის ტვინის ქერქში 52 ველია. საგულისხმოა, რომ მოცემული ველები ფუნქციური თვალსაზრისითაც განსხვავდებიან. სხვადასხვა უბანი სხვადასხვა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის განხორციელებაშია ჩართული.
ველების გარდა, ქერქში გამოიყოფა ღარებით ერთმანეთისგან გამოყოფილი თავის ტვინის წილები: შუბლის წილი, საფეთქლის წილი, თხემის წილი, კეფის წილი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
მეტრეველი, ლ. (2007) ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები; თბილისი; გვ. 345-353.
Blumenfeld, H. (2010) Neuroanatomy through clinical cases; Sinauer Associates, Inc. pp. 21-22.