კონტრგადატანა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Counter-Transference

ფსიქოანალიტიკოსის არაცნობიერი რეაქციები პაციენტის გადატანაზე (ტრანსფერზე), მის მიერ ანალიტიკოსზე პროექცირებული გრძნობების ჩათვლით.

კონტრგადატანა ფროიდის ნაშრომებში

ეს ცნება ზიგმუნდ ფროიდმა ნიურბერგში ფსიქოანალიზის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესზე წარმოადგინა 1910 წელს. „ჩვენ გავაცნობიერეთ კონტტრანსფერის არსებობა, რომელიც ანალიტიკოსის არაცნობიერ გრძნობებზე პაციენტის ზეგავლენის შედეგად წარმოიქნება და, ფაქტობრივად, ვამტკიცებთ, რომ ანალიტიკოსი დაინახავს კონტრტრანსფერის არსებობას საკუთარ თავში და დაძლევს მას“ (Freud, 1910d, გვ. 144-145).

ფროიდმა კონტრგადატანის ცნებაზე კვლავ ისაუბრა ლუდვიგ ბინსვანგერთან მიწერილ წერილში, რომელიც 1913 წლის 20 თებერვლით თარიღდება. ის წერდა: „კონტრგადატანის პრობლემა... ტექნიკურად ყველაზე ბუნდოვანი და ჩახლართულია ფსიქოანალიზში. თეორიულად მიმაჩნია, რომ გაცილებით იოლია მისი მოგვარება. ამასთან, ვფიქრობ, პაციენტთან გრძნობები სპონტანურად უნდა გამოვხატოთ, თუმცა, ამავდროულად, მუდმივად ცნობიერად უნდა მოვზომოთ და ვაკონტროლოთ, რამდენად გახსნილები ვართ საჭიროებისდა მიხედვით. გარკვეულ სიტუაციებში საკმაოდ გახსნილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არასოდეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არაცნობიერის ხარჯზე. ამას ფორმულას ვუწოდებდი. ამრიგად, ანალიტიკოსი ყოველთვის აცნობიერებს საკუთარ კონტრგადატანას და ძლევს მას მანამ, ვიდრე მისგან გათავისუფლებულად არ იგრძნობს თავს“ (წერილი 86f, გვ. 112).

მიუხედავად ამისა, კონტრგადატანის ცნება მაინც ბუნდოვანი რჩება ფროიდის ნაშროებში. რა არაცნობიერი გრძნობები აქვს ანალიტიკოსს? შეუძლია თუ არა მას კონტრგადატანასთან უბრალოდ გამკლავება თუ უნდა დაძლიოს ანუ გადაამუშავოს? ამ კითხვებზე პასუხი ფროიდის სიკვდილის შემდგომ რამდენიმე ნაშრომში შეგვიძლია ვეძიოთ.

ცნების ფროიდის შემდგომი დამუშავება

კონტრგადატანის თეორეტიზაციისა და ახსნისთვის საჭირო კონცეპტუალური ჩარჩო მელანი კლეინმა (Melanie Klein, 1946) შემოგვთავაზა პროექციული იდენტიფიკაციის ფენომენის აღმოჩენასთან ერთად. ამან შესაძლებელი გახადა იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს პაციენტი ანალიტიკოსის ფსიქიკაზე მასზე საკუთარი ფსიქიკის ნაწილის პროეცირებით. ამგვარად, კონტრგადატანა ანალიტიკოსის უბრალოდ ბრმა წერტილების ერთობლიობას კი აღარ წარმოადგენდა, არამედ პაციენტის კომუნიკაციის, კერძოდ, პრიმიტიული კომუნიკაციის, გარკვეული ასპექტების აღქმის საშუალებად იქცა. მელანი კლეინი ხშირად არ იყენებდა ამ ტერმინს, თუმცა მთელი მისი ტექნიკა მასზეა აგებული.

1949 წელს, საერთაშორისო ფსიქოანალიტური ასოციაციის კონფერენციაზე ცურიხში მელანი კლეინის სტუდენტმა, პაულა ჰეიმანმა (Paula Heimann) კონტრგადატანა პაციენტის კომუნიკაციის გარკვეული ასპექტების აღსაქმელ რეალურ ინსტრუმენტად გამოიყენა: „ვთვლი, რომ ანალიტიკურ სიტუაციაში ანალიტიკოსის ემოციური რეაქცია პაციენტზე მასთან მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ანალიტიკოსის კონტრგადატანა პაციენტის არაცნობიერის კვლევის საშუალებაა“ (1950, გვ. 81). აქედან მოყოლებული, ეს ცნება მზარდი ინტერესის საგნად იქცა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბავშვთა ფსიქოანალიზსა და ფსიქოზების მიმართულებით კვლევის განვითარებაში.

კონტრგადატანის დეფინიცია, გარკვეულწილად, მაინც წინააღმდეგობრივია, რადგან ის შეგვიძლია გავიგოთ, (ა) როგორც ანალიტიკოსში კონკრეტულად პაციენტის გადატანით (ტრანსფერით) გამოწვეულ არაცნობიერ პროცესებზე რეაქცია ანდა (ბ) უფრო გლობალურად, როგორც მკურნალობის სიტუაციაში ანალიტიკოსის პიროვნების მხრიდან შეტანილი წვლილი. ანალიტიკური მუშაობის პროცესში ეს ცნება ორგვარად გამოიყენება. ერთი მხრივ, ეს არის ანალიტიკოსის დაცვითი პოზიცია, რომელიც ვალდებულია შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს პროექციული ზედაპირის, სარკის ფუნქცია, რომელშიც პაციენტის გადატანა (ტრანსფერი) აირეკლება და, მეორე მხრივ, ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ანალიტიკოსის პიროვნება, უპირატესად მისი ემოციები, გადატანა-კონტრგადატანის დინამიკაშია ჩართული, გადატანის საგანზომილებიანი კონცეფციის საფუძველზე. ანალიტიკოსისთვის ეს არის კონტრგადატანის გამოცდილების გადამუშავება იმისათვის, რომ ერთმანეთისგან განასხვავოს და გამიჯნოს პაციენტის პროექციები და საკუთარი შინაგანი ობიექტები და დაინახოს საერთო ელემენტები, რამაც, შესაძლოა, მიმართულება მისცეს ინტერპრეტაციას.

კონტრგადატანა ორი პოტენციური ფარული საფრთხის მატარებელია. ერთი მხრივ, არსებობს ანალიტიკური ურთიერთობის იმდენად ფსიქოლოგიზირების შესაძლებლობა, რომ მას პირადი ურთიერთობა უფრო შეიძლება ეწოდოს, ვიდრე არაცობიერი სცენარების ტრანსფერული გამეორება. მეორე მხრივ, არსებობს იმის დავიწყების ალბათობა, რომ მართალია კონტრგადატანა გაგებასა და ინტერპრეტაციაში გვეხარება, ის ყველაზე „პირქუშ ბატონადაც“ შეიძლება იქცეს (Segal, 1981).

დადებითი და უარყოფითი კონტრგადატანა

რაკერი (1960) თვლის, რომ გადატანა და კონტრგადატანა ერთი მთლიანის ორი კოპონენტია, რომელიც რეციპროკულად ქმნის ერთანეთს და ანალიტიკურ გარემოში პიროვნებათშორისი ურთიერთობის ფორმირებას ედება საფუძვლად. კონტრგადატანა მოიცავს ანალიტიკოსის სრულ რეაქციას პაციენტის გადატანაზე და მის საკუთარ ტრასფერულ რეაქციებს პაციენტის პიროვნებაზე. ის პაციენტის ფსიქოლოგიური პროცესების გაგებისა და ინტერპრეტირების გადამწყვეტი ფაქტორია.

კონტრგადატანის ჩამოყალიბებაში რაკერი განასხვავებს „კონკორდანტულ იდენტიფიკაციას“, რომელიც პაციენტის ეგოსთან, სუპერეგოსთან და იდთან ანალიტიკოსის იდენტიფიკაციის შედეგია და „კომპლემენტარულ იდენტიფიკაციას“, რომელსაც პაციენტის შინაგან ობიექტებთან ანალიტიკოსის იდენტიფიკაცია ქმნის.

ეს იდენტიფიკაციები გადატანა-კონტრგადატანის ნევროზს ქმნის. ამ წყვილში თუ უარყოფითი ანუ სექსუალური გადატანა ძირს უთხრის პაციენტის მხრიდან თანამშრომლობას ანალიზის პროცესში, ანალიტიკოსის უარყოფითი ანუ სექსუალური კონტრგადატანა პაციენტის გაგებაზე ზემოქმედებს და, აქედან გამომდინარე, ხელს უშლის ანალიტიკოსს ინტერპრეტაციაში. ამ წინააღმდეგობების წარმატებით დასაძლევად თერაპევტი მუდმივი თვითანალიზის პროცესში უნდა იყოს პაციენტებთან მუშაობის მთელი დროის განმავლობაში. პარადოქსულია, მაგრამ კონტრგადატანამ დადებითი როლიც შეიძლება შეასრულოს, როდესაც თერაპევტი მას პაციენტის ნევროზის გასაგებად იყენებს. რაკერმა აჩვენა, ანალიტიკოსის აფექტური მდგომარეობა — საკუთარ არქაულ ობიექტებზე დამოკიდებულება, რომელიც პაციენტის ემოციებზე საპასუხოდ ჩამოყალიბდა, როგორ მიუთითებდა მის (პაციენტის) შესახებ ფსიქოლოგიურ ფაქტებზე.

სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ, ანალიტიკოსი არაცნობიერად გადასცემს კიდეც საკუთარ აფექტურ შინაარსს პაციენტს. რაკერი განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავდა დადებით კონტრგადატანას, სიყვარულს, როგორც გაგების მამოძრავებელ ძალას, რაც დადებითი ანალიტიკური პროცესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. იგი კონტრტრანსფერს სამ მნიშვენლობას ანიჭებდა, განიხილავდა რა მას, როგორც „საფრთხის“, გაგებისა და ინტერპრეტაციის „ინსტრუმენტის“ და „ცხოვრების ახალი შრის ხელახლა გავლის“ მანიფესტაციად.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 1, A-F. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1910d). The future prospects of psychoanalytic therapy. SE, 11: 139–151.

Freud, S., and Binswanger, L. (2003). The Sigmund Freud-Ludwig Binswanger correspondence: 1908-1938 (Arnold J. Pomerans, Trans.; Gerhard Fichtner, Ed.). New York: Other Press.

Heimann, P. (1950). On countertransference. International Journal of Psycho-Analysis, 31, 81–84.

Klein, M. (1946). Notes on some schizoid mechanisms. International Journal of Psycho-Analysis, 27, 99–110.

Racker, H. (1960). Estudios sobre te´cnica psicoanalı´- tica. Buenos Aires: Editorial Paido´ s; (1968). Transference and countertransference. New York: International Universities Press.

Segal, Hanna. (1981). Countertransference. In The work of Hanna Segal. New York: Jason Aronson.

კატეგორია: 
საკვანძო სიტყვები: 
ავტორები: