პერცეპტული ობიექტი, რომელსაც ერთზე მეტი ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს. ორაზროვან სტიმულებს აკლიათ კრიტიკული ინფორმაცია, ნაწილები უჩვეულოდაა განლაგებული და ჩვეული სტრუქტურა არ ჩანს. ორაზროვნება აღქმის გაგებისთვის მნიშვნელოვანი ცნებაა. ის გვიჩვენებს, რომ სენსორულ საფეხურზე მოცემული ცალკეული ხატი მრავალნაირად შეიძლება ინტერპრეტირდეს აღქმისა და იდენტიფიკაციის საფეხურებზე.
ორაზროვანი გამოსახულება პერცეპტული ლაბილობით ანუ არასტაბილობით ხასიათდება, რაც მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია: მას შემდეგ, რაც ადამიანი მასზე ორივე ფიგურას დაინახავს, ალტერნატივები ერთმანეთს ენაცვლება (ხან ერთს ხედავს, ხან მეორეს) და შეუძლებელია ორივე გამოსახულების ერთდროულად აღქმა.
მაგალითი: ლარნაკი/პროფილები და ნეკერის კუბი ორაზროვანი ფიგურების ყველაზე ცნობილი ნიმუშებია პერცეპტული ორგანიზაციის საფეხურზე. ამ ერთსა და იმავე ფიგურებს ადამიანი ორგვარად აღიქვამს. პირველ სურათზე ან ორ შავ პროფილს ხედავს, ან თეთრ ლარნაკს. მეორეზე კი კუბს ან ქვემოდან უყურებს, ან ზემოდან. ცხადია, კუბისა და ლარნაკი/პროფილების ორაზროვანი ალტერნატივები ერთი და იმავე სტიმულებით არიან გამოწვეულნი, თუმცა მათ ორაზროვნებას სამგანზომილებიან სივრცეში ფიგურების სპეციფიკური წყობა განაპირობებს.
იხ. ასევე, გეშტალტფსიქოლოგია, ფიგურა-ფონი
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.
Greitman, H., Gross, J., Resberd, D. (2011). Psychology, 8th edition.W.W. Norton & Company, New York, London.