ელენ სიქსუ

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Helen Cixous

ელენ სიქსუ (დაბ. 1937) ფრანგული ფემინიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მან დიდი გავლენა მოახდინა ფემინისტურ თეორიაზე ქალური მწერლობის თავისი კონცეფციითა და ფალოგოცენტრიზმის კრიტიკით. სიქსუ პოსტსტრუქტურალისტი თეორეტიკოსების თანამედროვე იყო, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ლინგვისტური და სოციალური სტრუქტურები განუყოფელია. სიქსუს სჯეროდა, რომ ენის ფალოცენტრული სტრუქტურიდან თავის დაღწევა პატრიარქალური სოციალური სტრუქტურის გარდაქმნას გამოიწვევდა. „ახალდაბადებულ ქალში“ (La Jeune Née, 1975) იგი ფალოგოცენტრიზმს განსაზღვრავს პატერნალურ კანონთან მიმართებაში, რომელიც აზროვნების სისტემატიზაციას იერარქული ბიპოლარული ოპოზიციების მიხედვით ახდენს. სიქსუსთვის ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია შემდეგი ოპოზიციები: ქალი/კაცი, მასკულინური/ფემინური, აქტიური/პასიური, მამა/დედა, ბუნება/კულტურა, გონება/ემოცია, ლოგოსი/პათოსი, ორიგინალი/რეპროდუქცია, პირველადი/მეორადი, ცენტრი/პერიფერია. ამ დუალობებს მეტაფორული ჯაჭვი აკავშირებს, რომელიც მამაკაცს აქტიურობასთან, ლოგოსთან, საწყისთან და ცენტრთან აიგივებს. სიქსუს თანახმად, ყველა დასავლურ ფილოსოფიაში ქალი პასიურობასთან, მეორეხარისხოვნებასთან ასოცირდება და მარგინალად განიხილება. ამ ლინგვისტური სისტემის მთავარი აღმნიშვნელია პატერნალური ფალოსი, რომელიც განაპირობებს ენის ლოგოსზე კონცენტრირებას. ეს უკანასკნელი, კი, როგორც სისტემის ოპერატიული პრინციპი, გენდერულად მარკიერებულ იერარქიულ დუალიზმებს ბუნებრივად, საჭიროდ, ესენციურად და უცვლელად წარმოაჩენს. ამგვარად, სიქსუსთვის ლოგოცენტრიზმი იგივეა, რაც ფალოცენტრიზმი. სიქსუ თავის ტექსტებში („ახალდაბადებული ქალი“, „მედუზას სიცილი“) ჟაკ ლაკანის ფსიქოანალიზურ თეორიებთან კრიტიკულ დიალოგში შედის. ის მკაცრად აკრიტიკებს კანონს, რომელიც ქალს წარმოადგენს, როგორც ნაკლებობას (lack) სიმბოლური კასტრაციის შედეგად. ჟაკ დერიდასა და დეკონსტრუქციული ფილოსოფიის გავლენით სიქსუმ შემოიტანა წერის პრაქტიკა - ქალური მწერლობა (ecriture feminine), რომელიც განაიარაღებს ესენციალიზებულ დუალიზმებს და მათი მნიშვნელობების დესტაბილიზაციას იწვევს. პოეტური ენის გამოყენებით, რის შედეგადაც სიტყვათა მნიშვნელობები ორაზროვანია, ქალური მწერლობა ასრულებს დიფერანსს; ტექსტის ორაზროვნებითა და რიტმის მეშვეობით ის მკითხველს განაცდევინებს ქალის სხეულის ბისექსუალურ ეროტიკულ იმპულსებს და რეპრესირებულ დედასთან დამოკიდებულებას.

იხილეთ, აგრეთვე: ქალური მწერლობა, ლიტერატურის ფემინისტური კრიტიკა, პენისი და ფალოსი, ფალოცენტრიზმი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Routledge.

კატეგორია: 
ავტორები: