ფალოგოცენტრიზმი

Phallogocentrism

ტერმინი ფალოგოცენტრიზმი ორი დამოუკიდებელი ტერმინის ერთიანობას წარმოადგენს: ფალოსი ფსიქოანალიტიკურ თეორიაში გამოიყენება არა როგორც მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელი, არამედ როგორც იმ ძალაუფლების სიმბოლო, რომელიც პატრიარქალურ სისტემაში მამაკაცებს აქვთ. მსგავსი ძალაუფლება დაკავშირებულია პენისის ვიზუალურ ხატთან და ქალსა და მამაკაცს შორის ბიოლოგიურ სხვაობაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, ფალოცენტრისტულია კულტურა, რომელშიც მამაკაცურ განსხვავებას განსაკუთრებული სიმბოლური ღირებულება აქვს. ლოგოცენტრიზმი კი სიტყვის, აზრის, რაციონალურობის (როგორც დაპირისპირებულის, ერთი მხრივ, სხეულთან და, მეორე მხრივ, ემოციასა და აფექტებთან) პრიმატისა და ცენტრალურობის აღიარებას აღნიშნავს. შესაბამისად, ამ ორი ტერმინის ჰიბრიდი - ფალოგოცენტრიზმი - აღნიშნავს დასავლური პატრიარქალური კულტურების არსებით მახასიათებელს: ლოგოსის პრიმატს, რომელიც უშუალო კავშირშია ფალოსის - მამაკაცური სექსუალობისა და დომინანტობის სიმბოლოს - პრიმატთან.

ტერმინი „ფალოგოცენტრიზმი“ ფრანგმა დეკონსტრუქციონისტმა ჟაკ დერიდამ შემოიღო მნიშვნელობის კონსტრუირებისას მასკულინობის პრივილეგირებულობის აღსანიშნავად. ბევრ კონტექსტში ის მომიჯნავე ტერმინის - ფალოცენტრიზმის - სინონიმადაც გამოიყენება.

ფრანგი ფემინისტი მოაზროვნე ქალები, კატერინ კლემენტი და ელენ სიქსუ, იზიარებენ დერიდას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლური ფილოსოფია ფალოგოცენტრულია და რომ ქალები კოლონიზირებული არიან მასკულინური აზროვნებით, რომლის დეკონსტრუქციაცაა საჭირო.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Brennan, T.(1989) Between Feminism and Psychoanalysis, London and New York, Routledge.

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge.                                                                                                                                          

კატეგორია: 
ავტორები: