პენისი და ფალოსი

Penis and Phallus

პენისი არის მამრობითი ორგანიზმების რეპროდუქციული ორგანო, რომელიც გვხვდება ძუძუმწოვრებსა და სხვა სახეობებში, ჩიტებისა და ქვეწარმავლების ჩათვლით. იგი ასევე ფუნქციონირებს, როგორც შარდსაწვეთი და გამოყოფს როგორც შარდს, ისე სპერმას. პენისი ძირითადად რბილია, მაგრამ როდესაც მამრი აღგზნებულია, ის დიდება და მკვრივდება. რადგან პენისი ხილულად განსაზღვრავს ადამიანის სქესს, როგორც მამრობითს, ის დიდი სოციალური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობის მქონეა. ხანდახან უბრალოდ პენისის ქონის ფაქტი მასკულინური იდენტობის ყველა ასპექტს უკავშირდება. რადგან მამრობითი აღგზნება უნებლიე ხასიათისაა, ეს ფიზიკური ცვლილება აღიქმება, როგორც ბუნების სტიქიური ძალა და ხანდახან - როგორც ცხოველურობის ემბლემა, თეოლოგიურ ჭრილში კი - როგორც კაცობრიობის ცოდვის გამოხატულება.

სტერეოტიპული მითები პენისის ზომის შესახებ სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის განსხვავებას აღნიშნავს. ის შეიძლება იყოს აღმატებულების ან არასრულფასოვნების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც კულტურიდან კულტურაში და ეპოქიდან ეპოქაში ცვალებადობს. მაგალითად, ძველ საბერძნეთში ბერძნებს მცირე ზომის პენისით გამოსახავდნენ, ხოლო უცხოელებს, მონებსა და ბარბაროსებს - დიდი პენისით, რაც მათ არაცივილიზებულობასა და ჭარბ სექსუალობაზე მიუთითებდა. ამგვარივე მითი იყო გავრცელებული თეთრკანიანთა შორის შავკანიანი მამაკაცების პენისის შესახებ, რაც გულისხმობდა, რომ ისინი დაუოკებელი სექსუალური ენერგიის მატარებელნი იყვნენ და თეთრი ქალისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ამის საპირისპიროდ, აზიელ მამაკაცთა მასკულინობას აბუჩად იგდებდნენ ასევე სტერეოტიპული მცირე ზომის პენისის მითის გამო.

ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პენისი, ფიზიკური ბიოლოგიურად მამრობითი სქესის გამომხატველი რეპროდუქციის ორგანო და ფალოსი, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს ერეგირებულ პენისს ან ერეგირებული პენისის სიმბოლოს, რომელიც მამაკაცურ ძალაუფლებას განასახიერებს. ფალოსის ეს მეორე მნიშვნელობაა თეორიულად საინტერესო. ჟაკ ლაკანის მიხედვით, ფალოსი, ბიოლოგიური პენისისგან განსხვავებით, ტრანსცენდენტალური აღმნიშნველია, რომელიც განასახიერებს ყველაფერს, რაც ადამიანს სურს, პირველ რიგში კი - ძალაუფლებას. ლაკანმა პენისის შურის ფროიდისეულ კონცეფციაში პენისი ფალოსით შეცვალა და ამტკიცებდა, რომ ის, რაც მართლა სასურველია, არის არა პენისი, არამედ ფალოსი - ძალაუფლების ნიშანი და სიმბოლო. სემ კინის თანახმად, ფალოსზე გადაჭარბებული ყურადღება წარმოადგენს კომპენსაციას მამაკაცთა განცდისა, რომ მათი პენისი, მაშასადამე „მე“, პატარა, არასანდო და სამარცხვინოდ უკონტროლოა. პენისი ბიოლოგიური, მატერიალურად არსებული ორგანოა, მაშინ, როდესაც ფალოსი სიმბოლური ატრიბუტია, რომელიც მის მფლობელს მნიშვნელობების შექმნის ძალაუფლებასა და ავტორიტეტს ანიჭებს.

იხილეთ, აგრეთვე: ფალოცენტრიზმი, პენისის შური, ძალაუფლება

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Malti-Duglas F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale.

კატეგორია: 
ავტორები: