პენისის შური

Penis Envy

ტერმინი „პენისის შური“ პირველად ზიგმუნდ ფროიდმა შემოიტანა თავის 1908 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „ბავშვთა სექსუალობის თეორიების შესახებ“, რომელშიც ის აღწერდა ფსიქო-სექსუალური განვითარების პროცესში გოგონას რეაქციას პენისის არქონის განცდაზე. ფროიდს მიაჩნდა, რომ გოგონას ეს აღმოჩენა განსაზღვრავდა  მთლიანად ქალის სექსუალობასა და გენდერს.

პენისის შურის ფროიდის მიერ შემოთავაზებული თეორია იმ დაშვებებზეა დაფუძნებული, რომ სიცოცხლის პირველ წლებში გოგონა სექსუალურ ლტოლვას დედისადმი განიცდის, ხოლო იმის აღმოჩენა, რომ მას არ აქვს ის ფიზიკური იარაღი, რომლის საშუალებითაც შეძლებდა დედასთან ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის დამყარებას, მას პენისის შურს აღუძრავს. პენისის მიღების ერთადერთ საშუალებად გოგონა მამასთან ურთიერთობას მიიჩნევს, რის შედეგადაც ვითარდება ე. წ.  „ელექტრას კომპლექსი“ - გოგონას სექსუალური ლტოლვა მამისადმი. ფსიქო-სექსუალური  განვითარების გზის წარმატებულ გავლად ფროიდი მიიჩნევდა ქალის გადართვას მამიდან სხვა კაცებზე და ვაჟიშვილის გაჩენაზე.

პენისის შურის თორიამ  დიდი კრიტიკა დაიმსახურა მეცნიერთა წრეებში. ფსიქოანალიტიკოსი მელანი კლაინი ბიჭებში არსებულ საშოს შურს ბევრად უფრო რეალურად მიიჩნევდა, ვიდრე  გოგონების პენისის შურის. ის ამტკიცებდა, რომ რეალურად ორივე სქესის ბავშვს აქვს დედის მკერდის და დედის სხეულის შური, რადგან ის ბავშვის მიერ აღიქმება, როგორ ყოვლის შემქმნელი სიცოცხლის ძალა. ბიჭის შემთხვევაში დედის მიმართ გადამეტებული შური ხელს უშლის მისი ავთენტური, დედისაგან განცალკევებული იდენტობის ჩამოყალიბებას. დედის მიმართ მისი შური შემდგომში განზოგადდება ყველა ქალზე, ყველა ქალურ მახასიათებელზე და, განსაკუთრებით, ქალების უნარზე, გააჩინონ შვილები. კლაინის თეორიის მიხედვით, საშოს ძლიერი შური მამაკაცთა მხრიდან პროექცირდება ქალებზე და გამოიხატება მათ მტკიცებაში, რომ სწორედ ქალებს აქვთ პენისის შური; ამის შედეგად საშოს შური ითრგუნება პატრიარქალურ აზროვნებაში. როგორც კლაინი ამბობს, გოგონები ბევრად უფრო ადვილად გადალახავენ საშოს შურს, რადგან მათ თვითონაც აქვთ სიცოცხლის გაჩენის პოტენციალი, მაშინ, როდესაც მამაკაცთა მიერ განცილი საშოს შური გადაიზრდება სურვილში, გაანადგურონ ობიექტი ანუ დედა, უკვე შემდგომ კი ყველა ქალი. სწორედ ეს არის პატრიარქალურ სისტემაში მამაკაცთა მიერ ქალებზე ძალადობისა და ჩაგვრის საფუძველი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

Freud S. (1933), New Introductory Lectures on Psychoanalysis, p. 158-163.

Minsky R. (1996), Commentary on “A Study of Envy and Gratitude”,  in Psychoanalysis and Gender, London and New York, pp. 91-106.

კატეგორია: 
ავტორები: