ქალწულობა

Virginity

„ქალწულობა“ ნიშნავს სექსუალური გამოცდილების არქონას და, როგორც წესი, გულისხმობს, რომ ქალს (ან მამაკაცს) არ ჰქონია ვაგინალური პენეტრაციის აქტი. ბევრ კულტურაში, განსაკუთრებით, ქალებისთვის, მოითხოვება ქორწინებამდე ქალწულობა. ხოლო ზოგიერთ კულტურაში ქალწულობა აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ქალმა გათხოვება შეძლოს. ასეთ კულტურებში განსაკუთრებულად აკონტროლებენ და უფრთხილდებიან გოგონების ქალწულობას.

ფიზიოლოგიური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება დადგინდეს, ქალწულია თუ არა ქალი ან მამაკაცი, არ არსებობს. ამის მიუხედავად, ზოგიერთი კულტურა ქალის ქალწულობას საქალწულე აპკის არსებობასთან აიგივებს. თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, აპკი არ არის ქალწულობის კრიტერიუმი. აპკის ზომა და ელასტიკურობა ქალებს შორის ცვლებადობს; მისი ფორმისა და მდგომარეობის მიხედვით იმის დადგენა, მოხდა თუ არა პენისით ვაგინის პენეტრაცია, შეუძლებელია.

ქალწულობის განმარტება, მისი კრიტერიუმების მსგავსად, სადავოა. ტრადიციული განმარტება, რომელიც სქესობრივ გამოცდილებას ქალსა და მამაკაცს შორის ვაგინალური პენეტრაციის აქტს უიგივებს, უგულებელყოფს ერთი სქესის ადამიანთა შორის პენეტრაციულ სქესობრივ აქტებს, აგრეთვე არაპენეტრაციულ სქესობრივ აქტებს. შესაბამისად, ამ გაგებით ქალწულობის გაიგივება „უმანკოების“, „უბიწოებისა“ თუ „სექსუალური გამოუცდელობის“ კულტურულად დაფასებულ თვისებებთან არათანმიმდევრულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაგინალურ პენეტრაციას, როგორც სექსუალური აქტის ერთადერთ შესაძლო სახეს. თეორეტიკოსთა უმრავლესობა აღიარებს, რომ „ქალწულობის“ ნებისმიერი ცნება სოციალურ-კულტურული კონსტრუქტია, რომელსაც მკაფიო არაფერი შეესაბამება ადამიანთა ფიზიოლოგიისა თუ მათი გამოცდილების თვალსაზრისით.

კულტურათა შორის განსხვავებების მიუხედავად, თითქმის საყოველთაოდ, ქალების ქალწულობა ბევრად უფრო რეგულირდება და ფასდება, ვიდრე მამაკაცებისა. ანთროპოლოგები ვარაუდობენ, რომ ქალის ქალწულობის სოციალური მნიშვნელობა განპირობებულია იმის უტყუარად დადგენის სიძნელით, რომ ქალი ნამდვილად ქმრისგან დაფეხმძიმდა. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პატრიარქალურ საზოგადოებებში. საზოგადოებებში, რომლებშიც ქალწულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, სხვადასხვა მეთოდია გავრცელებული ქალის ქალწულობის უზრუნველყოფისა და მისი შემოწმებისთვის: შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი იყო „უმანკოების ქამარი“; ბევრ საზოგადოებაში დღემდე არსებობს ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა (მაგალითად, კლიტორის მოკვეთა, საშოს ამოკერვა), რომელიც მიმართულია ქალის სექსუალური სურვილის შემცირებასა და პენეტრაციის გართულებაზე. ბევრ საზოგადოებაში ქალის ქალწულობას ამოწმებენ ქორწინების წინ ან ქორწინების ღამეს - ფიზიკური დათვალიერებით ან აპკის დარღვევისას გამოსული სისხლის საქვეყნოდ გამოფენით. ხოლო თუ ქალი ვერ დაამტკიცებს თავის ქალწულობას, ის შეიძლება დაისაჯოს, სიკვდილით დასჯის ჩათვლით.

ამავე დროს, ცნობილია ბევრი კულტურა, რომელშიც ქალწულობას არავითარი ღირებულება არ ჰქონდა ან, მეტიც, ნეგატიურად ფასდებოდა. ფიქრობენ, რომ ევროპის ტერიტორიაზე ქალწულობის (როგორც ქალების, ისე მამაკაცების) მნიშვნელობის ზრდა ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროს ბევრ ნაწილში სექსუალური თავისუფლების ზრდასთან ერთად ქალწულობის მოთხოვნები შესუსტებული ან გამქრალია, კვლევები (მაგალითად, ლორა კარპენტერის მიერ 2005 წელს ჩატარებული კვლევა, იხ. Lauder 2007) აჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა მაინც დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი ქალწულობის დაკარგვის იდეას. მართალია, საკუთარი ქალწულობის აღქმა ძალიან სხვადასხვაგვარია - მასში შეიძლება ხედავდნენ საჩუქარს საყვარელი ადამიანისთვის (უფრო ხშირად ქალები) ან სტიგმას, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშორონ (უფრო ხშირად მამაკაცები, თუმცა - ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობაც), ან ზრდასრულობაში გადასვლის თავისებურ რიტუალს, მაგრამ უმრავლესობის მიერ „ქალწულობის დაკარგვა“ მაინც აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი ბიოგრაფიული მოვლენა.

იხილეთ, აგრეთვე: უბიწოება/უმანკოება, თავის შეკავება, გენიტალიების დასახიჩრება (ქალების წინადაცვეთა)

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lauder,M.(2007), Virginity, in Malti-Douglas F. (ed), Encyclopedia of Sex and Gender, vol. IV, Thomson Gale, pp. 1511-1514.

კატეგორია: 
ავტორები: