ქალების წინადაცვეთა ზოგ კულტურაში გავრცელებული რიტუალური პრაქტიკაა, რომლის დროსაც გოგონას გარე სასქესო ორგანოს ნაწილებს კვეთენ. მსოფლიოში საშუალოდ 100-130 მილიონ გოგონასა და ქალს აქვს ეს ოპერაცია გავლილი. ის ძირითადად აფრიკის 28 ქვეყანასა და, იშვიათ შემთხვევებში, აზიაში გვხვდება. გოგონებს ეს ოპერაცია ძირითადად 4-დან 12 წლამდე ასაკში უტარდებათ; ზოგიერთ შემთხვევაში - ქორწილის წინ ან სულაც ცხოვრების პირველი 2 წლის განმავლობაში.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალთა წინადაცვეთის 4 ტიპს გამოყოფს: პირველი ტიპი კლიტორის გარშემო არსებული კანის ფენის მოშორებას და კლიტორის ან მთლიანად, ან ნაწილობრივ ამოკვეთას გულისხმობს; მეორე ტიპის ოპერაციის დროს კლიტორის გარშემო არსებული კანის ფენის კლიტორთან ერთად მოშორება და ლაბია მინორას სანახევრო ან მთლიანი მოკვეთა ხდება; მესამე ტიპი გარე გენიტალიის მთლიანად მოშორებას და ვაგინალური ხვრელის დავიწროებას გულისხმობს; მეოთხე ტიპი არაკლასიფიცირებულ, იშვიათ პრაქტიკებს აერთიანებს.
ქალების წინადაცვეთამ შესაძლოა როგორც მყისიერი გართულებები, ისე გრძელვადიანი სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისფუნქციის ფორმები გამოიწვიოს. მყისიერი გართულებები შეიძლება იყოს: ლეტალური სისხლდენა, ანემია, საშარდე გზების ინფექცია და ა.შ. გრძელვადიანი შდეგები შეიძლება იყოს: ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს, შარდვის დროს ან სექსუალური აქტის დროს, ინფექციების მომატებული რისკი და, ზოგიერთ შემთხვევაში, უნაყოფობა.
დღეს აფრიკაში არსებული ქალთა ორგანიზაციები ქალთა გენიტალიების დასახიჩრებას ქალის ჯანმრთელობისა და სექსუალური უფლებების დარღვევად მიიჩნევენ და მის წინააღმდეგ უფრო და უფრო აქტიურად ილაშქრებენ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge, pp. 175-176