თავის შეკავება (სექსუალური)

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Abstinence

სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში სხვადასხვა ფორმით გვხვდება „უბიწოების“ ანუ სექსუალურად მომწიფებული ადამიანების მიერ სექსუალური პრაქტიკისაგან თავის შეკავების ფენომენი. თავის შეკავების პრაქტიკები ძალიან მრავალფეროვანია: ის შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი ან იძულებითი, დროებითი ან მუდმივი, ეხებოდეს რომელიმე კონკრეტული ტიპის სექსუალურ პრაქტიკას. ასეთი პრაქტიკები ყოველთვის მჭიდრო კავშირშია სხეულისა და მისი სექსუალობის სოციალურ-კულტურულ მნიშვნელობებთან.

ბევრ კულტურაში თავის შეკავება ძირითადად გულისხმობს ბიოლოგიურად მომწიფებული ადამიანების მიერ, განსაკუთრებით, გაუთხოვარი ქალებისა და გოგონების მიერ ჰეტეროსექსუალური აქტებისგან თავის შეკავებას. ეს ნაწილობრივ აიხსნება სექსუალობისა და რეპროდუქციის კავშირით: თავის შეკავება გოგონას იცავს მისთვის, უმთავრესად კი, მისი ოჯახისთვის არასასურველი ფეხმძიმობისგან. ამასვე უკავშირდება თავის შეკავების ეკონომიკური განზომილებაც: ვთქვათ, მდიდარი ოჯახის ქვრივის მონასტერში წასვლა და უბიწოების აღთქმის დადება უზრუნველყოფდა, რომ მის მემკვიდრეს კონკურენტი არ გამოუჩნდებოდა.

გარდა ამ პრაქტიკული ასპექტებისა, თავის შეკავებას ბევრ კულტურაში დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და შეიძლება, ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. მაგალითად, ბევრ კულტურაში სექსუალობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „სიწმინდისა და ბიწიერების“ დისკურსში; ასევე, ხშირად სექსუალური ენერგიის „დაზოგვა“ დაკავშირებულია სხვა, უფრო „ამაღლებული“ (შემოქმედებითი, სპირიტუალური და ა. შ.) პროექტებისთვის ენერგიის მობილიზებასთან. ისიც საყურადღებოა, რომ თავშეკავებისთვის მეორე სახის რაციონალიზაცია, როგორც წესი, მამაკაცებს ეხება, ხოლო პირველი სახისა - როგორც წესი, ქალებს. ზოგიერთ კულტურულ კონტექსტში (მაგალითად, ჩრდილოეთ ინდოეთის ზოგიერთ ბუდისტურ წრეში) თავის შეკავების პრაქტიკას მოიაზრებენ, როგორც მოდერნიზაციის კრიტიკას და დასავლური კოლონიალიზმის მიმართ წინააღმდეგობას. თანამედროვე დასავლურ სამყაროში თავის შეკავების (განსაკუთრებით, ქორწინებამდე) მოძრაობა განსაკუთრებით ძლიერია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რელიგიური ავტორიტეტები და კონსერვატორი იდეოლოგები მის პოპულარიზებას ეწევიან, როგორც სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვისა და ოჯახის დაგეგმვის ალტრენატიულ საშუალებას (კონტრაცეპტივების, აბორტისა და პრეზერვატივების სანაცვლოდ).

ფემინისტი თეორეტიკოსები გამოკვეთენ, რომ კულტურათა უმრავლესობაში სექსუალური თავშეკავების პრაქტიკები ძალიან განსხვავებულია ქალებისა და მამაკაცებისათვის. მამაკაცებისათვის ეს, როგორც წესი, ნებაყოფლობითი არჩევანია, რომელიც მათი თვითრეალიზაციისა და თვითგანვითარების პროექტებს უკავშირდება. ქალებისათვის კი თავის შეკავება ხშირად სავალდებულო და თავსმოხვეული პრაქტიკაა, რომელიც მათი სექსუალობის კონტროლსა და მათზე პატრიარქალური ძალაუფლების განხორციელება-შენარჩუნებას ემსახურება.

იხილეთ, აგრეთვე: უმანკოება, ქალწულობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Sobo, E. J. and Bell S. (2007), Abstinence, in Malti-Douglas F. (ed), Encyclopedia of Sex and Gender, vol. I, Thomson Gale, pp. 4-6.

კატეგორია: 
ავტორები: