სუბიექტურობა და სხეული

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Subjectivity and Body

სულისა და სხეულის დიქოტომია დომინანტურ დასავლური ფილოსოფიის ტრადიციაში კარტეზიანულმა მოდელმა გონებისა და სხეულის დიქოტომიით შეცვალა. ამ დიქოტომიაში გონება უფრო პრიორიტეტულია და ერთმნიშვნელოვნად მაღლა დგას სხეულზე. ეს დიქოტომიური მოდელი ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტისაგან მოდის, რომელმაც სული გონებას, აზროვნებას გაუთანაბრა. ამან გამოიწვია ფილოსოფიურ ტრადიციაში სხეულის სრული მარგინალიზება და ინტელექტუალური შრომისა და რაციონალური სუბიექტურობის ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობად ბიოლოგიური სხეულისგან განთავისუფლების გამოცხადება. თუმცა ეს „შესაძლებლობა“ გენდერული ნიშნით იყო მარკირებული: იგულისხმებოდა, რომ სხეულისგან განთავისუფლება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ, ქალები კი საკუთარი სხეულისგან ვერ გათავისუფლდებოდნენ, ამაში მათ ხელს მათთვის სპეციფიკური ბიოლოგიური პროცესები უშლიდათ. გონებისა და სხეულის დიქოტომიაში გონება და რაციონალურობა მამაკაცთან ასოცირდებოდა, ხოლო სხეული - ქალთან. განმანათლებლობის ეპოქაში ჩამოყალიბდა თვითობის (self), როგორც ავტონომიური, თვითკანონმდებელი აგენტის, მოაზროვნე „მეს“ გაგება, რომელიც სხეულებრიობისგან თავისუფალი, „უსხეულო“ იყო. ეს „მე“ იყო არსებობის კონკრეტული კონტექსტიდან განყენებული „მე“, რომელსაც მხოლოდ აზროვნების უნარი ახასიათებდა და ფუნდამენტურად ყველა მისი მსგავსი „მეს“ თანასწორი იყო. ამ კონტექსტში, ქალების მათ სხეულებრიობასთან განუყოფელი გადაჯაჭვულობის იდეა ნიშნავდა, რომ მათ თვითობა არ გააჩნდათ, რაც ტრადიციულ გამართლებად იქცა ქალთა ჯგუფის ზოგადადამიანურიდან ფილოსოფიური, სოციალური და პოლიტიკური გამორიცხვისთვის.

ფემინისტური ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა სწორედ ტრადიციული ფილოსოფიის ამ მამაკაცური მიკერძოების კრიტიკა და გადასინჯვაა. ავტონომიური, ინდივიდუალური, კონტექსტის მიღმა არსებული სუბიექტის ცნება პრივილეგირებული თეთრკანიანი დასავლელი მამაკაცის გამოცდილების ანარეკლია. ზოგიერთმა ფემინისტმა თეორეტიკოსმა ტრადიციას დაუპირისპირა რაციონალურობის, როგორც ასეთის, კრიტიკა და სხეულის, ემოციის, ვნების ქალთან ასოცირებული კატეგორიების რეაბილიტაციისა და მათთვის სათანადო ღირებულების მინიჭების პროექტი. სხვებმა სცადეს, „მეს“, სუბიექტურობის სხეულებრივი და კონტექსტუალიზებული ცნების აგება: „მე“, რომელსაც აქვს გენდერი, სხეული და ჩამოყალიბებულია მათი პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთკავშირების შედეგად.

სხეულისა და სუბიექტის დუალიზმის პრობლემურობას მეოცე საუკუნის ბევრი გავლენიანი ფილოსოფოსიც გამოკვეთდა. მათ შორის ფემინისტური თეორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ჟან-პოლ სარტრსა და მორის მერლო-პონტის. როგორც არაერთი ფემინისტი კრიტიკოსი შენიშნავს, სარტრმა, მიუხედავად პრეტენზიისა, ვერ გადალახა ეს დუალიზმი და ამან გარკვეულწილად სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესზეც“ იქონია გავლენა. თუმცა ბოვუარის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ბოვუარი რეალურად გაცილებით უფრო შორს წავიდა სხეულებრივი სუბიეტურობის კონცეფციის განვითარების გზაზე და, მეტიც, ამით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სარტრის გვიანდელი პერიოდის შრომებზე.

იხილეთ, აგრეთვე: ფალოგოცენტრიზმი, მეორე სქესი, სხვა, სიმონ დე ბოვუარი

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Routledge

Gardner C. V. (2006) “Historical Dictionary of Feminist Philosophy”, The Scarecrow Press Inc.

კატეგორია: 
ავტორები: