სხვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Other

იდეა, რომ ქალი არის „სხვა“, სათავეს იღებს ფრანგი ფილოსოფისისა და ფემინისტის, სიმონ დე ბოვუარის „მეორე სქესიდან“. მან ეს ცნება ქალის ჩაგვრისა და პატრიარქალურ სისტემაში მისი გაუცხოების აღსაწერად გამოიყენა. ბოვუარი ეგზისტენციალისტია და ფიქრობს, რომ ადამიანის არსებობის აზრია ინდივიდუალური თავისუფლების განხორციელება ტრანსცენდენტირებით, ობიექტური მოცემულობიდან, „ფაქტობრიობიდან“ გასვლითა და საკუთარი თავის მომავალში პროეცირებით; ადამიანი, როგორც სუბიექტი, არასოდეს არის ის, რაც აწმყოშია, არამედ პროექტია - ის, რად ყოფნადაც ის ყოველ წამს ირჩევს. სოციალურ სამყაროში ადამიანი, როგორც სხვისი მზერის ობიექტი, როგორც ობიექტური მოცემულობა სხვა ადამიანის პროექტებისთვის, ობიექტივირდება. „სხვა“ ყოველთვის შეიცავს საფრთხეს, რომ სუბიექტს რაღაცად, ობიექტად აქცევს, მაგრამ თანასწორთა შორის ეს ურთიერთობა ორმხრივია - „მეს“ და „სხვის“, სუბიექტის და ობიექტის დიალექტიკა თავისთავად  აუცილებლად  იერარქიული არ არის. თუმცა, ამტკიცებს ბოვუარი, არსებულ საზოგადოებებში ქალისა და კაცის ურთიერთობა ასე თანასწორი არ არის. ქალი საზოგადოებაში „სხვად“ იქცევა აბსოლუტური გაგებით: კანონები და წეს-ჩვეულებები აფერხებს მის სუბიექტად ქცევას, სუბიექტის პოზიცია ექსკლუზიურად კაცი სუბიექტისთვისაა მონიშნული, ხოლო ქალად ქცევა ობიექტად ქცევის, სხვად ქცევის, იმანენტურობაში ჩავარდნის ეკვივალენტურია. კულტურაში მამაკაცის სქესი პოზიტიური, ნორმა, უნივერსალურია, ხოლო ქალი ნეგატიური, დევიაცია, კონკრეტულობაა. ქალის ბუნების შესახებ იდეებში, მითებსა და კონცეპტებში აირეკლება მამაკაცთა იმედები, შიშები და ოცნებები, ისინი არ გამოხატავს ქალთა სუბიექტურ გამოცდილებას. ქალები თანხმდებიან „სხვის“ როლს და ვერ განხორციელდებიან, როგორც სუბიექტები, რადგან   ამის კონკრეტული საშუალებები აკლიათ.

მოგვიანებით ბევრმა ფემინისტმა გააკრიტიკა ბოვუარი ეგზისტენციალური ეთიკის ამ დიქოტომიური ჩარჩოს უკრიტიკოდ გამოყენებისთვის. მათი მტკიცებით, სუბიექტისა და ობიექტის, „მეს“ და „სხვის“, ტრანსცენდენციისა და იმანენტობის, სულისა და სხეულის, ავთენტიკურობისა და მავანის დიქოტომიები, რომლებშიც პირველი წევრი ყოველთვის დადებითია, ხოლო მეორე უარყოფითი, გულისხმობს ღირებულებათა იერარქიას, რომელშიც მასკულინობა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტები იმთავითვე უფრო აღმატებულად და სტანდარტადაა აღიარებული. ასეთი ჩარჩო კი თვითგამანადგურებელია ფემინისტური პროექტისათვის. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე ფემინისტი მკვლევარი (მაგალითად, კრუკსი, ბატლერი) ფიქრობს, რომ „მეს“ და „სხვის“ დიალექტიკის ბოვუარისეული გამოყენება უფრო დახვეწილია, ვიდრე ეგზისტენციალისტური ეთიკის დიქოტომიური სქემები და ეს დიალექტიკა ბოვუარის ხელში ქალთა ჩაგვრის თეორილუ გააზრების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა.

მკვლევრებმა აღმოჩინეს, რომ ქალის, როგორც „სხვის“ კონცეპტი, რომელიც სხვებისთვის ყოფნის სარტრისეული ცნების გამოყენებას მიიჩნეოდა, ბოვუარის შრომებში ბევრად უფრო ადრე, „მესა და სხვას შორის დაპირისპირების“ ფილოსოფიურ თემაზე მუშაობისას, ჩამოყალიბდა. ეს ჩანს 1927 წლის დღიურიდან, რომელიც ბოვუარმა მაშინ დაწერა, როცა სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ორი წლით ადრე იქამდე, სანამ სარტრს შეხვდებოდა. იგი  შეიცავს ასევე არარაობის განცდის მტკივნეული გამოცდილებისა და ვერაგობის ცდუნების ეგზისტენციალურ თემებს. სამივე თემა მთავარია ბოვუარის 30-იანი და 40-იანი წლების ნაწერებსა და ესეებში. ქალის, როგორც „სხვის“, ბოვუარისეული ცნების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბატონის და მონის დიალექტიკის ჰეგელისეულმა განხილვამ, კულტურული დუალიზმის სტრუქტურალისტურმა ანალიზმა კლოდ ლევი-სტროსის მიერ, და რასიზმის პირობებში შავკანიანთა ორმაგი ცნობიერების აღწერამ, რომელიც რიჩარდ რაითს ეკუთვნის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (ed)Encyclopedia of Feminist Theories,.Routledge, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: