სიმონ დე ბოვუარი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Simone de Beauvoir

სიმონ დე ბოვუარი (1908-1986) იყო ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, მწერალი და ფემინისტი თეორეტიკოსი (თუმცა თვითონ დიდხანს არ აღიარებდა თავს ფემინისტად). ის დაიბადა პარიზში. 1926 წელს ჩაირიცხა სორბონაში, რომელიც 1928 წელს დაასრულა ფილოსოფიის სპეციალობით. ამის შემდეგ ფილოსოფიაში შემდეგი საფეხურის (აგრეგასიონ) გამოცდისთვის მოსამზადებლად არაფორმალურად ესწრებოდა ლექციებს „ეკოლ ნორმალ სუპერიორში“, სადაც გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, მისი პარტნიორი და მეგობარი ცხოვრების ბოლომდე. გამოცდის ჩაბარების შემდეგ (რომელშიც მან ჟან-პოლ სარტრის მომდევნო, მეორე ადგილი მიიღო და 21 წლისა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო, ვისაც ეს გამოცდა ოდესმე ჩაებარებინა) ბოვუარი ლიტერატურას და ფილოსოფიას ასწავლიდა ლიცეუმებში ჯერ მარსელში, შემდეგ რუანსა და პარიზში. მას ორჯერ შეუჩერეს სწავლების უფლება - ერთხელ პოლიტიკური მიზეზებით, მეორედ კი საკუთარ სტუდენტთან რომანტიკული ურთიერთობის გამო. 1943 წლიდან ბოვუარმა თავი დაანება სწავლებას და ამ დროიდან მისი ძირითადი საქმიანობა წერა გახდა.

ბოვუარის შემოქმედება მოცავს როგორც მხატვრულ ლიტერატურას, ისე ფილოსოფიურ ნაშრომებს. მის რომანებს შორისაა „მოწვეული“ (L'Invitée, 1943), „სხვების სისხლი“ (Le Sang des autres, 1945), „ყველა ადამიანი მოკვდავია“ (Tous les hommes sont mortels, 1946), „მანდარინები“ (Les Mandarins, 1954) და სხვ. მის ფილოსოფიურ შრომებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მეორე სქესი“ (Le Deuxième Sexe, 1949), რომელიც დღემდე რჩება ფემინისტური თეორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექსტად; მას წინ უძღოდა „პიროსი და კინეა“ (Pyrrhus et Cinéas, 1944) და „გაურკვევლობის ეთიკა“ (Pour une morale de l'ambiguïté, 1947), რომლებშიც ბოვუარი ეგზისტენციალისტური ეთიკის საკითხებს იკვლევს. ასევე მნიშვნელოვანია ბოვუარის ბიოგრაფიული და ნახევრად ბიოგრაფიული ესეები, დღიურები და წერილები, რომლებშიც ის ეხება ეროტიკის, მომწიფების ხანის, მოხუცებულობის, ქალის გამოცდილების საკითხებს. ბოვუარი გერმანული ოკუპაციის დროს მემარცხენე პოლიტიკური ჟურნალის „Les Temps modernes”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო ომის შემდგომ მისი რედაქტორიც იყო. ბოვუარი სარტრთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ერთ-ერთი ცენტრალური ინტელექტუალური ფიგურა იყო მემარცხენე მოძრაობაში მეოცე საუკუნის საფრანგეთში. მას მიღებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემია, გონკურის პრემიის ჩათვლით.

ბოვუარის ყველაზე ცნობილი ნაშრომი უდავოდ არის მისი ორტომიანი „მეორე სქესი“, რომელიც მეორე ტალღის ფემინიზმის საბაზისო ტექსტად იქცა და გენდერის კულტურული კონსტრუქციის თეორიას ჩაუყარა საფუძველი. ნაშრომი ეგზისტენციალიზმის ძირითად ცნებებს ეფუძნება, რის გამოც ის არაერთი ფემინისტის კრიტიკის საგანი გახდა. წიგნში ბოვუარი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალი, როგორც ადამიანი, პოტენციურად ავტონომიური და თავისუფალია, კულტურაში ის ყალიბდება „სხვად“, რაღაც ნაკლებად, ვიდრე კაცები, რომლებიც „ძირითად“ სქესად, ადამიანობის სტანდარტად მოიაზრებიან. ეს ქალებს პასიურობისა და იმანენტურობისთვის გასწირავს, მათი ხვედრია საოჯახო საქმის რუტინის უსასრულოდ გამეორება და ისეთ ბიოლოგიურ, სხეულებრივ ფუნქციებზე რედუქცია, როგორებიცაა ბავშვის გაჩენა და ლაქტაცია. ამავე დროს, ბოვუარი ამტკიცებს, რომ კაცებს იმიტომ შესწევთ ძალა, ქალებს „სხვის“ სტატუსი მოახვიონ თავს და ჩაგვრისგან თავის დახსნის, საკუთარი თავიდან ტრანსცენდირების გზები მოუჭრან, რომ ისინი აკონტროლებენ დომინანტურ ინსტიტუტებსა და იდეოლოგიებს; ამას ემატება ქალებს შორის ერთმანეთისადმი სოლიდარობის არარსებობა; აგრეთვე ჩაგვრის სტრუქტურების უძველესი ისტორია, რის გამოც ისინი წარმოგვიდგება, როგორც ბუნებრივი და, შესაბამისად, ცვლილებისათვის შეუღწევადი და ა. შ.

იხილეთ, აგრეთვე: სხვა, სუბიექტურობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Bergoffen, Debra, "Simone de Beauvoir", The Stanford Encyclopedia of Philosophy(Fall 2010 Edition), Edward N. Zalta (ed.), available at:http://plato.stanford.edu/archives/fall2010/entries/beauvoir/

Mussett, Shannon. Simone de Beauvoir Biography on the Internet Encyclopedia of Philosophy. Available at: http://www.iep.utm.edu/beauvoir/#H1

კატეგორია: 
ავტორები: