ფსიქოლოგიური შეფასება ეწოდება პროცედურას, რომელიც ინდივიდს კონკრეტული ფსიქოლოგიური მახასიათებლების მიხედვით აფასებს. ეს შეიძლება, იყოს ინტელექტუალური ფუნქციონირების დონე, პიროვნული ფუნქციონირების დონე, ემოციური და სოციალური ფუნქციონირება და ა.შ. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური შეფასება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების შეფასებით არ შემოიფარგლება და განსაზღვრულია როგორც ინდივიდთა უნარების, ქცევისა და პიროვნული მახასიათბლების შესაფასებლად არსებულ პროცედურათა ერთობლიობა.
ამ პროცედურებს ბევრ განხვავებულ სიტუაციასა და კონტექსტში იყენებენ. ფსიქოლოგიური შეფასების საჭიროება შეიძლება გაჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმების დროს, სასამართლო პროცესზე - ბრალდებულის შერაცხადობის გასარკვევად, შვილის აყვანის პროცესში, სკოლაში წარმოქმნილი პრობლემებისას ან სასკოლო წარმატებების შემთხვევაში. ფსიქოლოგიურ შეფასებას, ასევე გადიან ინკლუზიური საჭიროების მქონე ინდივიდიები, არმიაში კარიერის გაგრძელების მსურველები, კანდიდატები, რომლებსაც სამსახურის დაწყება სურთ და ა.შ. როგორც ხედავთ, ფსიქოლოგიური შეფასების გამოყენების არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია.
ფსიქოლოგები, რომლებიც შეფასების პროცესს უძღვებიან, სრულყოფილი შეფასებისათვის წარსული და აწმყო ქცევების შესახებ ინფორმაციასა და ფსიქოლოგიურ ტესტებს იყენებენ. ხოლო საბოლოო შეფასებისას, პროცესში ინტეგრირებულია როგორც წარსული ისტორია და პროექციული მეთოდები, აგრეთვე ობიექტური მეთოდები და ინტერვიუდან მიღებული მასალაც.
ფსიქოლოგიური შეფასების პროცესს რამდენიმე განსხვავებული ტექნიკა აქვს. ესენია: ქცევაზე დაკვირვება - რომლის დროსაც ინდივიდის მოტორული და ვერბალური ქცევის შეფასება ხდება; ინტერვიუ - სტრუქტურირებული ან არასტრუქტურირებული ტიპის, რომლითაც ინდივიდის ფსიქოლოგიური სტატუსის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, ობიექტური ტექნიკები (კითხვარები), პროექციული ტესტები და პიროვნების შეფასება კითხვარით. ობიექტურ ტექნიკებს კითხვარების ადმინისტრირება განეკუთვნება. პროექციული ტესტებით შესაძლებელია ინდივიდის ფსიქოლოგიური საჭირეობებისა და სურვილების უფრო ღრმა შეფასება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1