ოპერანტული განპირობებულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Operant Conditioning

ოპერანტული განპირობებულობა არის დასწავლის ფორმა, რომელშიც ორგანიზმის მიერ გამოვლენილი რეაქციის ალბათობა შედეგის მიხედვით იცვლება. ოპერანტული განპირობებულობის ცნება ამერიკელ ფსიქოლოგს, ფრედერიკ ბერეს სკინერს უკავშირდება. სკინერმა, თორნდაიკის „ეფექტის კანონზე“ დაყრდნობით შეიმუშავა კვლევის პროგრამა, რომლის მთავარ მიზანსაც სტიმულის განპირობებულობის სისტემური ვარიაციების იმ მექანიზმების მიგნება წარმოადგენდა, რომლებიც განაპირობებენ განსაზღვრული ქცევის განხორციელების დიდ ალბათობას სხვადასხვა გარემო პირობებში.

ტერმინი ოპერანტული ნიშნავს გარემოზე გავლენას, მისით ოპერირებას. შესაბამისად, ოპერანტული ქცევა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქცევა, რომლის მიზანიც გარემოზე გავლენის მოხდენაა. ოპერანტული განპირობებულობა პროცესია, რომლის დროსაც განსაზღვვრული ქცევის შედეგი გავლენას ახდენს ამ ქცევის შესაძლო გამოვლენაზე მომავალში. ეს არის ქცევის დასწავლის მეთოდი, რომელშიც მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ქცევაზე. შედეგებიდან გამომდინარე, ქცევის გამოვლენის ალბათობა შესაძლოა გაიზარდოს (განმტკიცება) ან შემცირეს (დასჯა). მაგალითად,  თუკი ბავშვი ხმამაღალი ტირილით იქცევს ყურადღებას და იღებს სითბოს, მომავალში, დიდი ალბათობით, იგი ისევ გააგრძელებს ამ ქცევის განხორციელებას. თუკი ვირთხა ბერკეტზე თათის დაჭერით იღებს საკვებს, ის მომავალშიც ასე მოიქცევა.

ამგვარად, კლასიკური განპირობებისგან განსხვავებით, რომელშიც ქცევა განსაზღვრული სტიმულის შედეგად აღმოცენდება, ოპერანტულ განპირობებულობაში მთავარი საბოლოო რეზულტატია. იმის მიხედვით, როგორი იქნება ქცევის შედეგად მიღებული შედეგი, ქცევა შესაძლოა გაიზარდოს, შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს. ოპერანტული ქცევა წარმოადგენს ორგანიზმის მიერ შემუშავებულ რეაგირების სტილს, რომელიც დაკვირვებადია და გამოიხატება გარემოზე მოხდენილი კონკრეტული გავლენაში. ისევე როგორც კლასიკურ განპირობება, ოპერანტულ განპირობებულობაც ეფუძნება ინფორმაციასა და მოლოდინებს. იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ჩვენ ვსწავლობთ მოველოდოთ, რომ განსაზღვრულ პასუხს ექნება განსაზღვრული ეფექტი, განსაზღვრულ დროს.

სკინერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ემპირიულ მონაცემებს და ემპირისტულ მიდგომას, ამიტომაც ოპერანტული განპირობებულობის ანალიზი უფრო ექსპერიმენტული იყო, ვიდრე თეორიული. რომელიმე კონკრეტულ თეორიაზე მიჯაჭვის ნაცვლად ანალიზი კონკრეტულ, რეალურ მონაცემებს ეყრდნობოდა. ამასთანავე, ქცევის გასაანალიზებლად სკინერმა ოპერანტული განპირობებულობის პროცედურა შეიმუშავა. თავდაპირველად ეს პროცედურა  მხოლოდ ცხოველებს შეეხებოდა და ანალიზის პროცესში ქცევის შედეგით მანიპულირებას მოიცავდა, რაც იმისთვის იყო საჭირო, რომ გარკვეული კანონზომიერება და ეფექტი დაენახა.

სკინერმა თავისი ლაბორატორიული სამუშაოებისთვის შექმნა სპეციალური აპარატი, რომელსაც „ოპერანტული კაბინა“ ეწოდება.  კაბინა პატარა სივრცეს მოიცავს და დაცულია გარედან შემომავალი სინათლისა და ხმაურისაგან. იგი აღჭურვილია სხვადასხვა ხელსაწყოთი, მაგალითად, ბერკეტითა და საკვების გამანაწილებელით, რომელიც მღრღნელებისათვის არის განკუთვნილი

სკინერი თავის ადრეულ ექსპერიმენტებში მშიერ ვირთხებს ათავსებდა კაბინაში და საშუალებას აძლევდა შეესწავლათ გარემო. თუკი ვირთხა ბერკეტს დააწვებოდა, დაუყოვნებლივ იღებდა საკვებს გამანაწილებელი ხელსაწყოდან. დროთა განმავლობაში ვირთხები უფრო და უფრო ხშირად აწვებოდნენ ბერკეტს. სწორედ ამგვარ ქცევას ეწოდება ოპერანტული, როდესაც ქცევას, რომლის განხორციელების დაბალი ალბათობა არსებობდა, შედეგი ზრდის. თავად სკინერი ოპერანტული განპირობებულობის პროცესს ბუნებრივ სელექციას ადარებდა, რადგან როგორც წარმატებული ვარიაციები ახერხებენ ორგანიზმს შიგნით გადარჩენას, გავრცელებას და დომინირებას, ანალოგიურად  განაგრძობენ  ქცევის წარმატებული ფორმები ადამიანის ცხოვრების მანძილზე გამოვლენას.

ქცევით პროცესს, რომელიც ქცევის გამოვლენის ზრდის ალბათობას იწვევს, განმტკიცება ეწოდება. შედეგს, რომელიც ხელს უწყობს განმტკიცებას - განმამტკიცებელი, ხოლო ინტერვალებს, როლებითაც ხდება,  მაგალითად, საკვების მიწოდება - განმტკიცების განრიგი.

ოპერანტული განპირობების პროცესში აღმოცენებულ განმეორებად ქცევებს ოპერანტები ეწოდება.  შეიძლება გამოვყოთ აღწერითი და ფუნქციური ოპერანტები. აღწერითი ოპერანტის განსაზღვრება გულისხმობს,  რა მიზანს უნდა მიაღწიოს ოპერანტმა, მაგალითად, მინიმუმ რა ძალით უნდა დააჭიროს ვირთხამ ბერკეტს თათი, რომ ქცევამ შედეგი გამოიღოს. ფუნქციური ოპერანტი კი მოიცავს ქცევის მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებიც უფრო მოსალოდნელნი ხდებიან განმტკიცების შემდეგ. მაგალითად, ბერკეტზე თათის დაჭერამ, რომელიც არ არის საკმარისად ძლიერი, შესაძლოა მოიმატოს, ვიდღე არ მიაღწევს შედეგს, მაშინ როდესაც სხვა ქცევები, მაგალითად,  ბერკეტის ქვეშ ძრომიალი და ბერკეტზე ცხვირით მიჭერა არ იმატებენ გამოვლენის მხრივ.

განმტკიცების პროცესი მაშინ არის ყველაზე ეფექტური, როდესაც განმამტკიცებლის მიწოდება დაუყოვნებლივ, ქცევის გამოვლენისთანავე ხდება. განმტკიცების ეფექტურობა შედარებით იკლებს, როდესაც ქმედებასა და განმამტკიცებლის მიწოდებას შორის დიდი დროითი ინტერვალი არსებობს. მართალია ქცევის განმტკიცება ასეთ პირობებშიც არის შესაძლებელი, მაგრამ, ცხადია განპირობებულობის პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს და შედეგი არ არის ისეთი სწრაფი და ეფექტური, როგორიც განმამტკიცებლის დაუყოვნებლივ მიწოდებისას იქნებოდა.

ოპერანტულ განპირობებულობას არა მხოლოდ ქცევის შეცვლა და მოდიფიკაცია, არამედ ახალი ქცევის ფორმირებაც შეუძლია, ე.წ. „შეიპინგით“.

ამისთვის საჭიროა განვამტკიცოთ ის ქცევები, რომლებიც მიმართულია ქცევის სასურველი, საბოლოო ფორმის მიღებისაკენ და, ამასთანავე, მიახლოვებულია მასთან. მაგალითად, იმისთვის რომ  მტრედს ვასწავლოთ კედელზე დაკიდებული ანთებული დისკოს ჩანისკარტება, საჭიროა განმამმტკიცებელი მივაწოდოთ მაშინ, როდესაც  როდესაც მტრედი დაიწყებს კედლისკენ მოძრაობას. მას შემდეგ, რაც მტრედი კედელთან მივა, განმამტკიცებლის მიწოდება დამოკიდებული უნდა იყოს დისკოს მისამართით განხორციელებულ თავის მცირე მოძრაობებზე. შემდეგ ეტაპზე განმტკიცების კრიტერიუმი შეიცვლება და მხოლოდ მაშინ მიეწოდება განმამტკიცებელი, როცა უფრო მოქნილ და ძლიერ მოძრაობებს განახორციელებს თავით და ა.შ. პროცესი იქამდე გრძელდება, ვიდრე მტრედი დისკოს არ ჩაანისკარტებს. 

ვიდეო - ოპერანტული კაბინა და ვირთხების ქცევა

ვიდეო - ოპერანტული განპირობებულობა- ექსპერიმენტი მტრედებზე 

ვიდეო - მტრედები პინგ-პონგს თამაშობენ

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Coon D.; Mitterer J.O. (2007) Introduction to Psychology: Gateways to Mind and Behavior, Twelfth Edition; Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca.

კატეგორია: 
ავტორები: