მონოგამია და პოლიგამია ადამიანთა და სხვა ცოცხალ არსებათა სოციალური და სექსუალური თანაცხოვრების შესაძლო ფორმებია. პოლიგამია ინდივიდის მიერ რამდენიმე პარტნიორის ყოლას გულისხმობს, მონოგამია კი ორ პარტნიორს (როგორც წესი, თუმცა არა აუცილებლად, მამაკაცსა და ქალს) შორის კავშირს მოიაზრებს. მართალია, დღეს მონოგამია ნორმად ითვლება მსოფლიოს დიდ ნაწილში, მაგრამ ეს არ არის ადამიანთა ბიოლოგიური ნორმა და არც ისტორიულად ყოფილა ასე პრივალენტური. ამის დამადასტურებელი სხვადასხვა დამოუკიდებელი წყარო არსებობს. სანამ ევროპული კოლონიზაცია სხვადასხვა კულტურის ჰომოგენიზებას გამოიწვევდა, საზოგადოებათა დაახლოებით 85 პროცენტი უფრო პოლიგამიური იყო, ვიდრე მონოგამიური. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს მონოგამია არ შეუძლიათ, ან რომ ეს მათთვის სასურველი არ არის. ისეთ საზოგადოებებშიც კი, სადაც პოლიგამია ნებადართულია (როგორც წესი, მამაკაცებისთვის), მამაკაცები ხანდახან მონოგამიას ან მარტოხელობას ირჩევენ. ამასთან, მონოგამია არ გულისხმობს მხოლოდ ერთ პარტნიორთან ყოფნას მთელი სიცოცხლის მანძლზე, არც იმას, რომ მონოგამიურობა ინდივიდების დროში უცვლელი მახასიათებელია. ამასთან, განასხვავებენ სოციალურ მონოგამიას, რაც, როგორც წესი, ნაშიერის ერთად აღზრდას გულისხმობს და სქესობრივ მონოგამიას, რაც ექსკლუზიურ სქესობრივ პარტნიორობაში გამოიხატება.
მიუხედავად იმისა, „ბუნებრივია“ თუ არა მონოგამია ადამიანებისთვის, ფაქტია, რომ ის ადამიანური ქცევის რეპერტუარის ნაწილია. ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ვერ თანხმდებიან, როგორ და რატომ იქცა ის ნორმად ევროპულ და ჩრდილოამერიკულ საზოგადოებებში. ზოგიერთი ამას რომანტიკული სიყვარულის ფენომენთან აკავშირებს. სხვების აზრით კი, რომანტიკული სიყვარული თვითონ არის სოციალური კონსტრუქტი, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების პროდუქტია.
მონოგამიის საპირისპიროდ პოლიგამია ქორწინების ისეთი ფორმაა, რომელშიც ორზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. პოლიგამიის სახეა პოლიგინია (polygyny) - როდესაც ერთ მამაკაცს ორი ან მეტი ცოლი ჰყავს და პოლიანდრია (polyandry) - როდესაც ერთ ქალს ორი ან მეტი ქმარი ჰყავს. პოლიგამიის შემთხვევაში ქორწინების ყველა მონაწილისათვის ცნობილია სხვა მეუღლეების შესახებ. პოლიგინია უფრო გავრცელებულია პრაქტიკაა, ვიდრე პოლიანდრია. გადატანით ტერმინ პოლიგამიას ხმარობენ ხოლმე ისეთი წყვილის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთს ან ორივეს ქორწინების გარეთაც აქვს სქესობრივი კავშირები.
***
გამოყენბეული ლიტერატურა:
Malti-Duglas F. (2007) “Encyclopedia of Sex and Gender”, Thomson Gale.
---------------------------------------------------------------
მონოგამია
ქორწინების ნორმა, რომლის თანახმად ნებადართულია ერთადერთი საქორწინო პარტნიორის ყოლა. შეიძლება გულისხმობდეს გამეორებითი ქორწინების აკრძალვას, ასეთ პირობებში მიმართავენ ტერმინებს - "სერიული მონოგამია" ან "სერიული პოლიგამია". ტერმინის გამოყენებისას კონოტაცია გულისხმობს წყვილში სექსუალური ერთგულების ორმხრივ შენარჩუნებას. (იხ. აგრ., პოლიგონია, პოლიგამია, პოლიანდრია).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი