სტრესს, რომელშიც ჰეგემონური ძალების მიერ სტიგმატიზებულ იდენტობებს უწევთ ცხოვრება, მკვლევარმა ილან მაიერმა უმცირესობათა სტრესი უწოდა. ეს თეორია იმ დაშვებას ემყარება, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობისათვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პიროვნებისათვის საზოგადოების დანარჩენი წევრები სარკის ფუნქციას ასრულებენ, რომლის მეშვეობითაც ის საკუთარ თავს აღიქვამს, ამიტომაც ხშირად სხვების მიერ პიროვნების უარყოფითად აღქმა თავად ამ პიროვნების მიერ საკუთარი თავის ნეგატიურად აღქმას იწვევს, რაც შემდეგ გაუარესებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაში გამოიხატება.
მკვლევრები უმცირესობათა სტრესს 3 ძირითადი ნიშნით ახასიათებენ: 1. უნიკალურობა – უმცირესობათა სტრესი განსხვავდება და ხშირად იმ მრავალ სტრესორს ემატება, რომელსაც ზოგადად ყველა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში განიცდის, ამიტომაც სტიგმატიზებულ პიროვნებებს, სხვებთან შედარებით, სტრესთან ადაპტაციის უფრო მეტი უნარი ესაჭიროებათ; 2. ქრონიკულობა – უმცირესობათა სტრესი, სხვა სტრესორებისაგან განსხვავებით, შესაძლოა, ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდეს; 3. სოციალურად კონსტრუირებულობა – სტრესის ეს სახეობა სოციალური პროცესებიდან, ინსტიტუციებიდან და სტრუქტურიდან წარმოდგება.
ლგბტ საზოგადოებაში უმცირესობათა სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც გარეგანი ფაქტორებით (დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული), ისე შინაგანი ფაქტორებით (ინტერნალიზებული ჰომოფობია). უმცირესობათა სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს, როგორც საკუთარი სექსუალური იდენტობის გამჟღავნებით (ქამინგაუთი), ისე საკუთარი იდენტობის დაფარვით.
ილან მაიერმა სტიგმატიზებული იდენტობის ქონის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად ჯგუფური რესურსების გამოყენება დაასახელა. ჯგუფური სოლიდარობა და მის წევრებს შორის მჭიდრო კავშირი დისკრიმინირებულ ინდივიდებს სტიგმის უარყოფითი ეფექტებისაგან თავის დაცვაში, ანუ უმცირესობათა სტრესით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში ეხმარება. ჯგუფური დაძლევის სტრატეგიებია: ისეთი სოციალური გარემოს შექმნა, რომელშიც ინდივიდები სხვათა მიერ სტიგმატიზებულნი არ არიან; საკუთარი თავის ჯგუფის წევრებთან და არა ჯგუფს გარეთ მყოფ ადამიანებთან მიმართებაში შეფასება; სტრესული სიტუაციის გადაფასება, რაც სიტუაციის ნაკლებად სტრესულად აღქმას უწყობს ხელს. უმცირესობის სტრესთან გამკლავების ჯგუფური სტრატეგია ძირითადად მოიაზრება, როგორც რესურსი, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფის შესაძლებლობასთან, გააუმჯობესოს სტიგმის დაძლევის ინდივიდუალური შესაძლებლობები.
ლგბტ თემის წევრები უმცირესობათა სტრესს ალტერნატიული სტრუქტურისა და ღირებულებების ჩამოყალიბებით უმკლავდებიან, რომლებიც მათ ჯგუფურ იდენტობას განამტკიცებს. სტიგმის მიერ გამოწვეულ სტრესთან გამკლავების შესახებ ლიტერატურაში ხშირად განსხვავება ინდივიდუალურ და ჯგუფურ რესურსებს შორის გამოკვეთილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება მათ ეფექტურობას შორის ნამდვილად შესამჩნევია. ისევე, როგორც სხვა ინდივიდები, ლგბტ ადამიანებიც იყენებენ სტრესთან გამკლავების სხვადასხვა მექანიზმს, მაგრამ, როგორც წესი, ინდივიდუალური სტრატეგიები, ჯგუფურ სტრატეგიებთან შედარებით, თითქმის ყოველთვის ნაკლებად ეფექტურია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Maylock, P. Bryan, A. Carr, N. Kitching, K.(2008)Supporting lgbt lives:A Study of The Mental Health and Well-Being Of Lesbian, Gay, Bisexual and Transgender People, published by Gay and Lesbian Equality Network (Glen).
Meyer, I. (1995) Minority stress and mental health in gay men, Journal of Health and Social Behaviour, 7, pp.9-25.
Meyer, I.(2003)Prejudice, social stress and mental health in lesbian, gay and bisexual populations: Conceptual issues and research evidence,Psychological Bulletin, 129, (5), pp. 674-697.