ქამინგაუთი

Coming Out

ქამინგაუთი იდიომაა (ინგლისური ფრაზა coming out), რომელიც საკუთარი სექსუალური იდენტობის აღიარებას აღნიშნავს. ქამინგაუთი, ძირითადად, ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი ადამინების მიერ საკუთარი სექსუალობის გამხელას უკავშირდებოდა, თუმცა, ბოლო დროს ტრანსგენდერი ადამიანების იდენტობის გამჟღავნების პროცესსაც იმავე ტერმინით მოიხსენიებენ. ქამინგაუთი შემოკლებული ფორმაა გამოთქმისა „coming out of the closet“ და პირდაპირი მნიშვნელობით საიდუმლო ადგილიდან, სამალავიდან, კარადიდან გამოსვლას ნიშნავს. გამოთქმა ერთგვარი მეტაფორაა საიდუმლო სექსუალური სურვილისა თუ ქცევის გამხელისთვის. თუმცა, ქამინგაუთი ყოველთვის ინდივიდის ნება-სურვილს არ უკავშირდება, ხშირად ვხვდებით ე.წ. იძულებით ქამინგაუთს, როდესაც ადამიანის იდენტობა მისი სურვილის წინააღმდეგ მჟღავნდება.

ქამინგაუთის პროცესი ტიპურად გაგებულია, როგორც გარდამავალი ფაზა, რომელიც საკუთარი სექსუალობის/გენდერული იდენტობის განსასაზღვრად უნდა გაიარო. ქამინგ აუთის ყველაზე ცნობილი საფეხურებრივი მოდელი ავსტრალიელ ფსიქოლოგს, ვივიენ კასის, ეკუთვნის, რომელიც ქამინგაუთის ექვს საფეხურს გამოყოფს:

  1. იდენტობის გაურკვევლობა - როცა ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ჰომოსექსუალობა შესაძლოა, მის იდენტობას ადეკვატურად ასახავდეს;
  2. იდენტობის შედარება - როდესაც საკუთარი თავს ჰომოსექსუალად აღქმა, სხვების ჰეტეროსექსუალობის  აღქმა და ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულებების აღქმა გაუცხოებისა და გარიყულობის განცდას იწვევს;
  3. იდენტობის მიმართ ტოლერანტობა - გაცნობიერება იმისა, რომ „მარტო არ ხარ“, და საკუთარი იდენტობის სახელდება. ამ დროს იზოლაციის განცდა ძლიერდება და ადამიანი უფრო აქტიურად ეძებს სხვა ჰომოსექსუალებთან კავშირებს და ჰომოსექსუალურ სუბკულტურებს;
  4. იდენტობის მიღება - ამ დროს ხდება სხვა ჰომოსექსუალებთან კავშირების გახშირება და გაძლიერება. ადამიანისათვის ჰომოსექსუალური სოციალური გარემო უფრო პრიორიტეტული, ხოლო საკუთარი იდენტობა უფრო მისაღები ხდება;
  5. იდენტობით სიამაყე - ჰომოსექსუალურ ჯგუფებთან მიკუთვნებულობა იდენტობის ძლიერ განცდას, იდენტობის სხვებისთვის გაზიარების სურვილსა და უსამართლობასთან ბრძოლის მოტივაციას ქმნის;
  6. იდენტობის სინთეზი -  ჰომოსექსუალური იდენტობა იდენტობის სხვა ასპექტების შემადგენელი ნაწილი ხდება, ის გაიაზრება, როგორც ერთ-ერთი და არა ერთადერთი იდენტობა.

კასის მოდელში მოგვიანებით გარკვეული ცვლილებები შეიტანეს; ასევე, შეიმუშავეს ისეთი ალტერნატიული საფეხურებრივი მოდელები, რომლებიც ლესბოსელი ქალების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერთა გამოცდილებასაც ადეკვატურად აღწერდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდელები დღემდე პოპულარულია, მათ მრავალი მკვლევარი აკრიტიკებს ესენციალიზმის (იდენტობის თანდაყოლილობის უპრობლემო აღიარების), სოციალური გარემოს მნიშვნელობის უგულებელყოფის, რიგიდულობის და პროგრესის ცალსახა და შეუქცევად პროცესად წარმოჩენის გამო.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გაბუნია, შ., ვაჭარაძე, ი. (2013), შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში, იდენტობა, თბილისი.

Malti-Douglas F. (2007), Encyclopedia of Sex and Gender, vol. 2, Thomson Gale. 

კატეგორია: 
ავტორები: