დასწავლილი უმწეობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Learned Helplessness

ზიანის მომტანი სტიმულის არსებობის პირობებში რეაქციის არქონის ზოგადი პატერნი, რომელიც ხშირად თან ერთვის მდგომარეობას, როდესაც ინდივიდი არაშემთხვევითი, გარდაუვალი უარყოფითი სტიმულის ზემოქმედებას განიცდის.

დასწავლლი უმწეობის შესწავლა 1960-იანი წლებიდან დაიწყო რიჩარდ ლ. სოლომონის ცხოველების დასწავლის საკვლევ ლაბორატორიაში (პენსილვანიის უნივერსიტეტში). პირველი აღმოჩენა შემთხვევით მოხდა, როცა მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცხოველებმა, რომლებიც ჯერ კლასიკური განპირობების პირობაში ჩააყენეს (პირობითი სტიმული — ტონი შეაწყვილეს უპირობო სტიმულთან, ელექტრულ შოკთან), ვერ დაისწავლეს ელექტული შოკისთვის თავის არიდება და გაქცევა. ამ აღმოჩენის შემდეგ მკვლევრები შეეცადნენ განესაზღვრათ, პავლოვისეული კლასიკური განპირობების რომელი ასპექტის — პირობითი სტიმულის, უპირობო სტიმულისა თუ ამ ორის შეწყვილების — შედეგი იყო ის, რომ ცხოველი ვერ სწავლობდა გაქცევას. აღმოჩნდა, რომ იყო ეს უპირობო სტიმული. უბრალოდ მისი წარდგენა ზემოქმედებდა შემდგომში გაქცევაზე.

დასწავლილი უმწეობის ცნება მოწოდებულია ახსნას,  რატომ ვერ უნდა სწავლობდეს ცხოველი გაქცევას ავერსიული უპირობო სტიმულის წარდგენის შემდეგ. კლასიკური განპირობების განმსაზღვრელი ნიშანია, რომ სუბიექტის ქცევა არ მოქმედებს უპირობო სტიმულის გამოჩენაზე. იმის გასარკვევად, იყო თუ არა ეს მნიშვნელოვანი, ოვერმაიერმა და სელიგმენმა სუბიექტების ერთ ნაწილს აუტანელი ელექტრონული შოკის სერია მიაწოდეს, რომლისგანაც შესაძლებელი იყო თავის დაღწევა, მეორე ნაწილმა კი, კლასიკური განპირობების შესატყვისად, იდენტური, მაგრამ გარდაუვალი შოკი მიიღო. პირველ პირობაში მოხვედრილმა ცხოველებმა, განსხვავებულ აპარატურაზე შემოწმებისას, არ აჩვენეს გაქცევის დასწავლაზე ინტერფერენცია, მაგრამ იმ ცხოველებმა, რომლებსაც ეკვივალენტური გარდაუვალი შოკი მიიღეს, ვერ შეძლეს გაქცევის დასწავლა. იმ ფაქტმა, რომ მხოლოდ გარდაუვალი შოკის შემდეგ ვერ სწავლობენ ცხოველები გაქცევას, მიიყვანა მკვლევრები ფენომენამდე, რომელსაც დასწავლილი უმწეობა უწოდეს.

დასწავლილი უმწეობის თეორია

რატომ უნდა ზემოქმედებდეს გარდაუვალი შოკი დასწავლაზე? ისეთი ტერმინებით ოპერირება, როგორებიცაა „კონტოლი“ და „კონტროლის არქონა“ დღეისათვის ბუნებრივად მიგვაჩნია და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ 1960-იანი წლების ფსიქოლოგიაში ასეთი ცნებები, უბრალოდ, არ არსებობდა. იმდროინდელი წამყვანი თეორიების ფარგლებში ასეთი რამის დასწავლის შესაძლებლობაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდათ. მეიერმა და სელიგმენმა დაასკვნეს, რომ უნდა ყოფილიყო რაღაც, რასაც სუბიექტები გარდაუვალი შოკის შესახებ დაისწავლიდნენ და რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ამას ის აფიქრებინებდათ, რომ გარდაუვალი და არიდებადი შოკები ფიზიკურად სრულიად იდენტური იყო, მაგრამ მხოლოდ გარდაუვალი შოკის შემთხვევაში ვერ სწავლობდა ცხოველი გაქცევას. მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ სუბიექტებს უნდა დაესწავლათ, რომ შოკი გარდაუვალი იყო, მაგრამ რას ნიშნავდა „გარდაუვალი“? მათი აზრით, მოვლენის გარდაუვალობის დასწავლა იმის დასწავლას ნიშნავდა, რომ ის დამოუკიდებელია ნებელობითი რეაქციებისგან და ცხოველს (და ადამიანს) რომ დამოუკიდებლობა დაესწავლათ, ისინი მგრძნობიარენი უნდა ყოფილიყვნენ შედეგის (მაგალითად, შოკის შეწყვეტის) ალბათობის ვარიაციის მიმართ.

შემდგომი 15 წლის მანძილზე ცხოველებში დასწავლილი უმწეობის კვლევა ორი განსხვავებული მიმართულებით განვითარდა. ერთ მიმართულებას თავად ქცევითი ფენომენი აინტერესებდა და მის ზოგადობაზე ფოკუსირდებოდა, მეორე მიმართულება კი თეორიის შემოწმებაზე იყო ორიენტირებული. მართალია, დასწავლილი უმწეობის ჰიპოთეზა საკმაოდ ჩვეულად გამოიყურება დღეს, თავდაპირველად ინტერსიურ წინააღმდეგობას გადააწყდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან დასწავლის შესახებ მასში გამოთქმული დაშვებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მაშინდელ გაბატონებულ იდეებთან.

დასწავლილი უმწეობის ფენომენის რამდენიმე ალტერნატიული ახსნა იქნა შემთავაზებული და ბევრი ძალისხმევა დაიხარჯა თითოეულის გადამოწმებაში (იხ. Maier 7 Seligman, 1976). მაგალითად, ამტკიცებდნენ, რომ გარდაუვალი სტრესორები, არიდებად სტრესორებთან შედარებით, მეტად გამოფიტავენ მოძრაობის ან რეაქციის წამოწყებისთვის აუცილებელ ნეიროტრანსმიტერებს (როგორიცაა ნორეპინეფრინი). ამ თვალსაზრისის მიხედვით, უმწეობის ფენომენი თავად დასწავლაზე მომხდარ ინტერფერენციას კი არ ასახავს, არამედ მოძრაობის დეფიციტზე მიუთითებს. ათწლიანი კვლევა მიეძღვნა უმწეობისა და ნეიროქიმიური თეორიების ურთიერთგამიჯვის მცდელობას. სირთულეს ის ქმნიდა, რომ ეს ორი თეორია იმდენად არათავსებადი არ იყო ერთმანეთთან, რამდენადაც ანალიზის სხვადასხვა დონეზე მოცემულ ახსნას წარმოადგენდა.

დასწავლილი უმწეობა ადამიანებში

ადამიანებში დასწავლილი უმწეობის შესწავლა ფართო და კომპლექსური კვლევის სფეროა. თავდაპირველი კვლევები არსებითად ცხოველებზე შექმნილი პარადიგმების ადამიანებზე გამეორებას ისახავდა მიზნად და, ფაქტობრივად, აღმოჩნდა, რომ არაკონტროლირებადი სტრესორები ადამიანებთან დასწავლის დეფიციტს ქმნიდნენ. თუმცა, დასწავლილი უმწეობის ცნების ადამიანისთვის მიყენებისას მალევე წააწყდნენ სირთულეებს. ცხოველების ლაბორატორიაში შექმნილი დასწავლილი უმწეობის ჰიპთეზა ძალზე მარტივი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ადამიანის ქცევის მთელი სირთულე მოეცვა. მთავარ სირთულეს ის ქმნიდა, რომ დასწავლილი უმწეობის ეფექტები ზოგჯერ ხანგრძლივი იყო, ზოგჯერ — საკმაოდ ხანმოკლე, ზოგჯერ ზოგადი და ზოგჯერ საკმაოდ სპეფიციკური მოცემული სიტუაციისთვის, რომელშიც არაკონტროლირებადი მოვლენა ვითარდებოდა, არაკონტროლირებადი სტრესორი ზოგჯერ ამცირებდა ინდივიდის თვითშეფასებას, ზოგჯერ — არა.

ფსიქოპათოლოგია

დასწავლილი უმწეობის ფსიქოპათოლოგიაში გამოყენების პირველი სფერო დეპრესია იყო. ადრეულ გამოყენებას იგივე სირთულეები შეხვდა, რაც, ზოგადად, დასწავლილი უმწეობის ადამიანის ქცევისთვის მისადაგებას. თუმცა ატრიბუციულმა ფორმულირებამ შესაძლებელი გახადა დეპრესიის მოდელის აგება. გამოითქვა მოსაზრება, რომ ცუდი მოვლენების სტაბილურ, გლობალურ და ინტერნალურ ატრიბუციებს დეპრესიისკენ მივყავართ. შემდეგ პეტერსონი და სელიგმანი (1984) ამტკიცებდნენ, რომ სტაბილური ახსნითი სტილების მქონე ადამიანები ბუნდოვან სიტუაციებში უსიამოვნო შედეგების ახსნის ჩვეულ ტენდენციას მიმართავენ. ამგვარად, ზოგი ინდივიდი ცუდ შედეგებს სტაბილური, გლობალური და ინტერნალური ატრიბუციებით ხსნის. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც დეპრესია განუვითარდებათ. ამ სცენარში არ არის გათვალისწინებული რეალურად მომხდარი მოვლენები მნიშვენლოვნება. სხვა ავტორებმა (Abramson, et. al., 1989) ეს განზომილებაც გაითვალისწინეს. სელიგმენმა და მისმა კოლეგებმა დასწავლილი უმწეობის თეორია არაკონტროლირებადი ავერსიული მოვლენების ეფექტების შერბილების პრევენციულ მცდელობაში გამოიყენეს.

დასწავლილი უმწეობა მთელი რიგი შფოთვითი აშლილობების, მათ შორის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, ასახსნელადაც გამოიყენეს. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Abramson, 1. Y., Metalsky, G. L, & Alloy, L. B. (1989). Hopelessness depression: A theory-based subtype of  depression. Psychological Review, 9 6, 358-372.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. IV.

Maier, S. E, & Seligman, M. E. P. (1976). Learned helplessness: Theory and evidence. Journal of Experimental Psychoiogy: General, 105, 3-46.

Peterson, C.. & Seligman, M. E. P. (1984). Causal explanations as a risk factor for depression: Theory and evidence. Psychological Review, 91, 347-374.

კატეგორია: 
ავტორები: