იონური არხები

Ion Channels

იონური არხები არის ნერვული უჯრედის მემბრანის ნაწილები, რომლებიც იონთა (დადებითად არ უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების) შერჩევით განვლადობას უზრუნველყოფენ. ეს არის ფორების წარმომქმნელი ცილები (ცალკეული ან მთელი კომპლექსები), რომელთა ფუნქციაა ყველა ცოცხალი უჯრედის მემბრანის მოსვენების პოტენციალის შექმნა, მემბრანის შიდა და გარე რეგიონებს შორის პოტენციალთა სხვაობის შენარჩუნება და სხვა ელექტრული აქტივობების განხორციელება იონთა ნაკადის კონტროლით.

იონური არხების ფუნქციონირება მოქმედების პოტენციალის ბიოქიმიური საფუძველია. აქსონური მემბრანა გამოყოფს სითხეებს, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ნატრიუმისა და კალიუმის იონების შემცველობით. მემბრანის გარე რეგიონი დაახლოებით ათჯერ მეტ ნატრიუმის იონს შეიცავს, ვიდრე შიდა. კალიუმის იონებთან მიმართებაში თანაფარდობა საწინააღმდეგოა. იონური არხები სელექციურად მოქმედებენ: მხოლოდ ნატრიუმის ან მხოლოდ კალიუმის იონებს ატარებენ. მოსვენებულ მდგომარეობაში, როდესაც ნერვული იმპულსი არ გადის, ორივე ტიპის არხი ჩაკეტილია და იონური ტუმბო ინარჩუნებს იონურ გადანაწილებას: შიგნიდან გარეთ „გამოტუმბავს’ ნატრიუმის იონებს და „ჩატუმბავს“ კალიუმის იონებს.

აქსონის შიდა არე უარყოფითად არის დამუხტული 70 მილივოლტის ოდენობით. თუ ეს ძაბვა შემცირდა ნერვული იმპულსის მოახლოების გამო, ნატრიუმის არხები იხსნება და ნატრიუმის იონები შედის აქსონში. ოდნავ მოგვიანებით ნატრიუმის არხები იხურება, კალიუმის არხები იხსნება და კალიუმის იონები გამოდის გარეთ. არხების მონაცვლეობით ჩაკეტვა და გახსნა უზრუნველყოფს ნერვული იმპუსლსის გავრცელება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: