ჰიპნოზი

Hypnosis

ტერმინი ჰიპნოზი ბერძნული სიტყვიდან "ჰიპნოსიდან" იღებს სათავეს. ბერძნულ მითოლოგიაში ჰიპნოსი ძილის ღმერთის სახელს უკავშირდება. თუმცა, დღესდღეობით მეცნიერებაში არსებული განმარტების მიხედვით, ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას ეწოდება, რომელიც ხასაითდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით და აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით და ძილი ამ პროცესში საერთოდ არ იღებს მონაწილეობას.

როცა მონაწილეები ჰიპნოტურ მდგომარეობაში იმყოფებიან, მომატებული შთაგონებადობით ხასითდებიან. ისინი ხშირად გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი განზრახვის და ცნობიერი ძალისხმევის გარეშე ხორციედება.

დღემდე არ წყდება კამათი იმის თაობაზე, თუ რა ფსიქოლოგიური მექანიზმები მოქმედებს ჰიპნოზის პროცესში. ზოგიერთი, ადრეული თეორიის მიხედვით, ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდები ტრანსის მდგომარეობაში გადადიან, სხვა თეორიების მიხედვით კი, ჰიპნოზი სხვა არაფერია, თუ არა მომატებული მოტივაცია. არსებობს ვერსიებიც, რომელთა მიხედვითაც ჰიპნოტური მდგომარეობა პლაცებო რეაქციის სახეობაა და ჰიპნოტიზიორის მოწონების დასახურებისათვის აყალბებენ მონაწილეები.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ჰიპნოზი ცალკე თერაპიულ მიდგომად განიხილებოდა, დღესდღეობით მისი როლი საგრძნობლად არის შემცირებული და მხოლოდ დამხმარე ტექნიკად გამოიყენება სხვადასვხა თერაპიულ მიდგომებში - იქნება ეს ფსიქოანალიზი თუ კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია.

ინდივიდების უმრავლესობა მეტ-ნაკლები ჰიპნობილურობით ხასითდება. ჰიპნობილურობა გვიჩვენებს, თუ რა ხარისხით ექვემდებარება მოცემული ინდივიდი სტანდართულ ჰიპნოტურ შთაგონებას. შესაბამისად, ჰიპნოზის ეფექტური გამოყენება თერაპიულ პროცეში, მოიცავს ჰიპნობელური  კლიენტის შერჩევას და სწორ მოსამზადებელ პროცესებს. ამ პროცესებში შედის ჰიპნოზთან მიმართებაში არსებული დამოკიდებუელბების, რწმენებისა და მოლოდინების გარკვევა. კვლევები ადასტურებენ, რომ სათანადო ტრენინგსა და მოსამზადებელ ინფორმაციას შეუძლია აამაღლოს კლიენტის ჰიპნოზის მიმართ მგრძნობელობა.

ჰიპნოზი შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა ქრონიკული ტკივილი, ინსომნია,შფოთვა, გუნება-განწყობის აშლილობები, პიროვნული აშლილობები და სტრესთან დაკავშირებული მდგოამრეობები. ჰიპნოზთან მიმართებაში ორი ფუნდამენტური კატეგორია გამოიყოფა: ჰეტეროჰიპნოზი, რომლის დროსაც შთაგონებას ჰიპნოტიზიორი ახდენს და ავტოჰიპნოზი ან თვითჰიპნოზი. მეორე შემთხვევაში,  ინდივიდი თავად შთაიგონებს თავს.

იმ შემთხვევაში, როცა ჰიპნოზი თერაპიის პროცესში დამხმარე ტექნიკად გამოიყენება აუცილებელია, რომ თერაპევტს სათანადო ტრენინგი ჰქონდეს გავლილი კლინიკური ჰიპნოზის გამოყენებაში. როგორც წესი, ამგვარი ტრენინგები დოქტორანტურის შემდგომ ვორკშოპებზე ისწავლება, რომლებიც უნივერსიტეტების მიერ არის ორგანიზებული.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: