სიზმრის ანალიზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Dream Analysis

სიზმრების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია, რომლითაც პაციენტის არაცნობიერი მოტივებისა და კონფლიქტების წვდომა ხდება.

სიზმრის ინტერპრეტაციის პროცედურა სიზმრის ფუნქციებისა და სიზმრის მუშაობის თეორიას ეფუძნება, რომელიც წარმოდგენილია ფროიდის ნაშრომში „სიზმრების ინტერპრეტაცია“ (1900). ეს წიგნი მეტწილად ფროიდის 1896-1897 წლებში განხორციელებულ თვითანალიზს ეფუძნება, რომელშიც სიზმრების ანალიზს წამყვანი ადგილი უკავია.

ფროიდისთვის სიზმრის ინტერპრეტაცია რამდენიმე ბაზისურ პრინციპს ეფუძნება:

  • ყოველ სიზმარში სურვილი სრულდება. ძილის დროს შედარებით სუსტი ცენზურის წყალობით, სიზმარში აისახება განდევნილი სურვილები, რომელთა ასრულება აკრძალულია ღვიძილის მდგომარეობაში. თუმცა, არსებულმა კონფლიქტმა მაინც შეიძლება იჩინოს თავი უსიამოვნო ან შფოთვის გამომწვევი სიზმრით.
  • სიზმრის მამოძრავებელი ძალა — არაცნობიერი სურვილები, ბავშვობაში, კერძოდ, ოედიპურ კონფლიქტებში იღებს სათავეს.
  • „სიზმრის მასალას“ „დღის ნარჩენები“, ჩვეულებრივ, ყოველდღიური ცხოვრების ბოლოდროინდელი მოვლენები, შეადგენენ.
  • სიზმრის მუშაობა, შემჭიდროვების, ჩანაცვლებისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის პირველადი პროცესებით გარდაქმნის ამ მასალას. ამას მოჰყვება მეორადი გადამუშავება, რითაც ხდება „სიზმრის ფასადის“ სრულყოფა.
  • მას შემდეგ, რაც სიზმრის ხილულ შინაარსად გარდაიქმნება და შეუძლებელი ხდება მათი ამოცნობა, ფარული შინაარსის აზრები ახერხებენ ცენზურის ბარიერის გადალახვას.
  • ამგვარად შექმნილი სცენებს სიზმრის მნახველისთვის რეალობის ყველა მახასიათებელი აქვს, თუმცა ბუნებით ჰალუცინატორულია.
  • სიზმრის მუშაობის წარმმართველი ლოგიკა ძალზე განსხვავდება ღვიძილის დროს მოქმედი ლოგიკისგან. ამიტომ სიზმრის ხილული შინაარსი ხშირად არათანმიმდევრულია და სავსეა უცნაური და აბსურდული ელემენტებით.

ინტერპრეტაცია ამ პრინციპებს ეყრდნობა, მაგრამ ამ პროცესს სიზმრის მნახველის ასოციაციებიც ესაჭიროება. ამიტომ მას სთხოვენ, თავისუფლად ილაპარაკოს ყველაფერი, რაც თავში მოსდის ასოციაციურად, რათა სიზმრის მუშაობაში გამოყენებული დღის ნარჩენების დეტალები ამოიტანოს და გასაგები გახდეს იმ ვიზუალური ხატების არჩევის ლოგიკა, რომლებიც სიზმრის ხილულ შინაარსს ქმნიან. ამგვარად ამოტანილი და გამოვლენი იქნება ხილული შინაარსში შენიღბული ფარული აზრები და სიზმრის საფუძვლად მდებარე სურვილები და კონფლიქტები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უცნაურ ან აბსურდულ დეტალებს, რადგან ისინი იმ ადგილებზე მიუთითებენ, სადაც სიზმრის მუშაობის დამახინჯება ნაკლებად ეფექტური იყო. თუმცა, ამავდროულად, ფროიდი სიფრთხილეს იჩენდა, რომ მხოლოდ ფარულ შინაარსზე არ მოხდარიყო ფოკუსირება და ხილული შინაარსი სრულიად უყურადღებოდ არ დარჩენილიყო (1916-17f).

ფროიდისთვის სიზრების ანალიზი ანუ ინტერპრეტაცია არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზა იყო. „სიზმრების ინტერპრეტაციაში“ იგი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ ამ პროცედურის დროს მაქსიმალურად ღრმად უნდა ჩავიდეთ, თუმცა მისსავე მაგალითებში ნაკლებად არის შესრულებული ეს რეკომენდაცია. ალბათ, იმიტომ, რომ ნაშრომში განხილული სიზმრების უმეტებოსა მისი საკუთარი სიზმრებია და არ სურდა საკუთარი პიროვნული ცხოვრების ყველაზე ინტიმური ასპექტების სააშკარაოზე გამოტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, საკამათო და საეჭვოა, რამდენად საჭირო და სასურველია ასეთი ღრმა მნიშვნელობების ძიება. სიზმრის ინტერპრეტაცია შეიძლება არის კიდეც არაცნობიერისკენ მავალი სამეფო გზა, მაგრამ არაცნობიერი ამოუწურავია. არც სასურველია და არც პაციენტს თუ ანალიტიკოსს არ აქვს მოლოდინი, რომ როდესმე დადგება მომენტი, როცა აღარაფერი იქნება სათქმელი.

და ბოლოს, ორი რამ უნდა აღინიშნოს:

  • ღვიძილის მდგომარეობაში ყოველთვის ხდება არა თავად სიზმრის, არამედ სიზმრის ნარატივის ინტერპრეტაცია, რაც გაღვიძების შემდეგ უპირატესად ვიზუალური ხატების ვერბალური შეჯამებაა და ეს მიღებული შედეგი ხშირად ინტერპრეტაციისთვის ხელმისაწვდომი „მასალის“ ზედმეტად გადამუშავებული ფორმაა.
  • ანალიზის პროცესში ზოგიერთი სიზმარი წინა სესიებზე რეაგირება ან მათი გამოძახილია, ანდა შემდგომი სესიისთვის მზადებას ასახავს. თითოეული ასეთი სიზმარი გადატანის დაღს ატარებს და ეს უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

De Mijolla, A. (Ed. In chief) (2005). International dictionary of psychoanalysis, Vol. 1, A-F. Macillan FRefference USA, Thomson Gale.

Freud, S. (1900a). The interpretation of dreams. SE, 4–5.

Freud, S. (1916–1917f). A metapsychological supplement to the theory of dreams. SE, 14: 217–235.

კატეგორია: 
ავტორები: