პირობითი განმამტკიცებლების მართვა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Contingency Management

თერაპიის ზოგადი სტრატეგია, რომელიც ქცევის თანმიმდევრული ცვლილებით შეცვლას გულისხმობს და ოპერანტული განპირობების პრინციპებს ეფუძნება.

პირობითი განმამტკიცებლების მართვა გულისხმობს მკურნალობის ზოგად სტრატეგიას, რომელიც მიმართულია ქცევის შეცვლაზე მისი შედეგების მოდიფიცირების გზით. ბიჰევიორალურ ანუ ქცევით თერაპიაში პირობითი განმამტკიცებლების მართვის ორი ძირითადი ტექნიკა არსებობს: დადებითი განმტკიცების და ჩაქრობის სტრატეგია.

დადებითი განმტკიცების სტრატეგია

როდესაც რეაქციას დაუყოვნებლივ, უშუალოდ მოჰყვება წახალისება, მოსალოდნელია, რომ ეს რეაქცია გამეორდეს მომავალში და დროთა განმავლობაში გახშირდეს. ოპერანტული დასწავლის ეს ძირითადი პრინციპი თერაპიულ სტრატეგიად იქცა, როდესაც სასურველი ქცევის სიხშირის შესაცვლელად გამოიყენეს მას შემდეგ, რაც ამ ქცევამ არასასურველი ქცევა ჩაანაცვლა. ქცევის პრობლემებზე მუშაობისას შთამბეჭდავი შედეგი მიიღეს, როდესაც დადებითი განმტკიცების  პროცედურა გამოიყენეს. მაგალითად, განვიხილოთ, როგორ გამოიყენეს ქცევის ფორმირება აუტისტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე ბავშვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. პაციენტი სამი წლის ბიჭუნა იყო, რომელსაც სათვალე უნდა ეტარებინა. თერაპევტმა პირობით განმამტკიცებლად ხმაურიანი სათამაშო გამოიყენა, რათა ის ნელ-ნელა, თანდათანობით მიეახლოვებინა სათვალემდე. დადებითი განმტკიცების სტრატეგიის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია ჟეტონების ეკონომიკა, როდესაც წინასწარ არის განსაზღვრული (მაგალითად, საკუთარი თავის მოვლა და მედიკამენტების მიღება) სასურველი ქცევა და მომსახურე პერსონალი სამიზნე ქცევის ყოველი განხორციელებისას ინდივიდს ჟეტონს აძლევს. ეს ჟეტონები მოგვიანებით შეიძლება მთელ რიგ წახალისებებსა და პრივილეგიებზე გაიცვალოს. წახალისების ასეთი სისტემები განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტის ისეთი ქცევების შესაცვლელად, როგორებიცაა საკუთარი თავის მოვლა, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა საარსებო გარემოში და ხშირი დადებითი სოციალური ურთიერთქმედებები.

სხვა მიდგომაში თერაპევტი გამორჩეულად განამტკიცებს არასასურველი ქცევის საპირისპირო ქცევას. ამ ტექნიკას წარმატებით იყენებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების მკურნალობისას.

ჩაქრობის სტრატეგია

ბევრ ქცევას ბევრი და სხვადასხვაგვარი შედეგი აქვს, ზოგი დადებითია და ზოგიც — უაყოფითი. ხშირად შეუმჩნეველი დადებითი განმამტკიცებელი ახერხებს ქცევის შენარჩუნებას, მისი აშკარად უარყოფითი შედეგების მიუხედავად. მაგალითად, ბავშვმა, რომელსაც სჯიან ცუდი საქციელისთვის, შეიძლება განაგრძოს ცუდად მოქცევა, თუ დასჯა მისთვის ყურადღების მიქცევის ერთადერთი ფორმაა.

ჩაქრობის სტრატეგია თერაპიაში გამოსადეგია მაშინ, როცა დისფუნქციური ქცევების შენარჩუნება გაურკვეველი განმამტკიცებელი გარემოებებით ხდება. ამ განმამტკიცებლების გამოვლენა სიტუაციის ზედმიწევნითი ანალიზით შეიძლება. შემდეგ ისე ხდება პროგრამის შედგენა, რომ არასასურველი ქცევის განხორციელებისას შეუძლებელი გახდეს მათი გამოჩენა. თუ შესაძლებელია ამ მიდგომის გამოყენება და თუ კლიენტის გარემოცვაში მყოფი ადამიანები, რომლებიც უნებურად განამტკიცებენ ქცევას, თანამშრომლობენ თერაპევტთან, ჩაქრობის პროცედურა ამცირებს ქცევის სიხშირეს და დროთა განმავლობაში, თანდათანობით სრულიად გააქრობს მას. განვიხილოთ კლასის მაგალითი. მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ დაწყებითი სკოლის ოთხი მოსწავლის არაადაპტურ ქცევაზე განმამტკიცებლად მოქმედებდა თანაკლასელთა ყურადღება. მკვლევრებმა მიაღწიეს, რომ ბავშვები ყურადღებას იჩენდნენ ამ ოთხი მოსწავლის მისაღები ქცევებისადმი და უყურადღებოდ ტოვებდნენ არასასურველ ქცევებს. ამით მათ შეძლეს მოსწავლეთა არაადაპტური ქცევის პატერნების ჩაქრობა.

არამიზანმიმართული განმტკიცებით შიზოფრენიული ქცევის შენარჩუნება და წახალისებაც კი შეიძლება. განვიხილოთ ასეთი სიტუაცია: მრავალ ფსიქიატრიულ კლინიკაში დადგენილი წესია, რომ მომსახურე პერსონალი ხშირად ეკითხება პაციენტებს: „როგორ გრძნობთ თავს?“ რაც სოციალური კომუნიკაციის ერთგვარი ფორმაა. პაციენტებს ხშირად არასწორად ესმით ეს შეკითხვა და ჰგონიათ, რომ ამით მომსახურე პერსონალს დიაგნოზისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება სურს. ამიტომ საკუთარ აზრებზე, გრძნობებზე, უცნაურ სიმპტომებსა და ჰალუცინაციებზე იწყებენ ლაპარაკს. ასეთ პასუხებს საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს. მომსახურე პერსონალი მიჰყავს დასკვნამდე, რომ პაციენტები საკუთარ თავში არიან ჩაფლულნი და არანორმალურად იქცევიან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ, რაც უფრო უცნაურ სიმპტომებს და სიტყვიერ მასალას მიაწვდიან პაციენტები, მით მეტ ყურადღებას მიიღებენ მომსახურე პერსონალისგან, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს უცნაური სიმპტომების განმეორებით გამოხატვას. ერთ-ერთ კლასიკურ კვლევაში გამოჩნდა შიზოფრენიული ქცევის შთამბეჭდავი შემცირება, როდესაც მომსახურე პერსონალს მიეცა მარტივი ინსტრუქცია — მოეხდინათ ქცევის იგნორირება და მხოლოდ ნორმალურად მოქცევის შემთხვევაში მიექციათ პაციენტებისთვის ყურადღება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: