განპირობება

Conditioning

ქცევის გამომუშავების პროცესი, რომელშიც სასურველი შედეგი წინაპირობების ან შედეგების მანიპულაციით მიიღწევა. განასხვავებელ კლასიკურ განპირობებას, რომლის აღმოჩენა ივან პავლოვს ეკუთვნის და ოპერანტულ განპირობებას, რომელიც ფ. ბ. სკინერის სახელს უკავშირდება.

 განპირობებაში, კერძოდ, კლასიკურ განპირობებეში განარჩევენ განუპირობებელ სტიმულსა და რეაქციას და განპირობებულ სტიმულსა და რეაქციას.

  • განუპირობებელი სტიმული (Unconditioned Stimulus) არის სტიმული კლასიკურ განპირობებაში, რომელიც იწვევს განუპირობებელ რეაქციას.
  • განუპირობებელი რეაქცია (Unconditioned Reaction) არის კლასიკურ განპირობებაში განუპირობებელი სტიმულის მიერ წინასწარი ვარჯიშის ან დასწავლის გარეშე გამოწვეული რეაქცია.
  • განპირობებული სტიმული (Conditioned Stimulus) არის კლასიკურ განპირობებაში აქამდე ნეიტრალური სტიმული, რომელიც განპირობებულ რეაქციას იწვევს.
  • განპირობებული რეაქცია (Conditioned Reaction) არის კლასიკურ განპირობებაში რეაქცია, რომელიც აღმოცენდება აქამდე ნეიტრალური სტიმულის საფუძველზე. ეს იმის შედეგად ხდება, რომ ნეიტრალური სტიმული შეწყვილებულია განუპირობებელ სტიმულთან.

ტიპური, კლასიკური განპირობებულობის ექსპერიმენტში (სურათი) ნეიტრალური სტიმული, მაგალითად,სინათლე, ზარი და ა.შ., რომელსაც, ჩვეულებრივ, არანაირი მნიშვნელობა აქვს რეფლექსური ქცევისათვის, მეორდება წყვილში განუპირობებელ სტიმულთან ისე, რომ განუპირობებელი სტიმული მოჰყვება ნეიტრალურ სტიმულს. ნეიტრალურ სტიმულს, მაგალითად, ზარს, დაწყვილებულს განუპირობებელ სტიმულთან, ეწოდება განპირობებული სტიმული (CS), რადგან მისი ძალა, გამოიწვიოს ქცევა, დამოკიდებულია განუპირობებელ სტიმულთან ასოციაციაზე. რამდენიმე ცდის შემდეგ განპირობებულ სტიმულს მოჰყვება რეაქცია, რომელსაც ეწოდება განპირობებული რეაქცია (CR). ძალიან ხშირად, განპირობებული რეაქცია ჰგავს განუპირობებელ რეაქციას. მაგალითად, პავლოვის ძაღლებისათვის ორივე რეაქცია ნერწყვის გამოყოფა იყო. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, განპირობებული რეაქცია ბევრად განსხვავდება განუპირობებელი რეაქციისაგან: განპირობებული რეაქცია წარმოადგენს ნებისმიერ პასუხს, რაც, თავის მხრივ, დასწავლის შედეგია. ამგვარად, ბუნება უზრუნველგვყოფს განუპირობებელი სტიმული-რეაქციით, მაგრამ დასწავლა კლასიკური განპირობებულობით განპირობებული სტიმული-რეაქციის კავშირს ქმნის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: