საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლობითი სისტემა, რომელიც ევროპაში 1815 წელს „ევროპის კონცერტის“ (Concert of Eorope) სახელწოდებით ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა და რომელიც ისტორიაში წინასწარი განზრახვით შექმნილ პირველ უსაფრთხოების საერთაშორისო რეჟიმს წარმოადგენდა. ეს სისტემა არ იყო ფორმალურად ინსტიტუციონალიზებული, მაგრამ მას ჰქონდა საერთაშორისო ურთიერთობების მართვის მიზანი და ამ მიზნის მისაღწევი საშუალებები. კ. ს–ის მთავარი მიზანი იყო ძალთა წონასწორობის მართვა იმგვარად, რომ ნაპოლეონის შემდგომი ხანის ევროპაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო. ევროპის კონცერტს ძალთა წონასწორობის დაცვის ორი საშუალება ჰქონდა – საერთაშორისო კონფერენციები და ე.წ. კომპენსაციის პრინციპი. კომპენსაციის პრინციპი გულისხმობდა ძალთა წონასწორობის ხელოვნურად შენარჩუნებას, ანუ როდესაც ერთ–ერთი ევროპული ქვეყანა ევროპაში ან მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას (ან კოლონიას) ჩაიგდებდა ხელში, კომპენსაციის პრინციპის მიხედვით, ამ შენაძენის ტოლფასი ტერიტორია სხებსაც უნდა მიეღოთ. საერთაშორისო კონფერენციები ევროპის კონცერტის მიერ ძალთა წონასწორობის შენარჩუნების მეორე ინსტრუმენტი იყო. საერთაშორისო კონფერენციები დროდადრო ევროპის ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მოსაგვარებლად იმართებოდა.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი