კოგნიტური განვითარება

Cognitive Development

შემეცნების პროცესის განვითარება, რომელიც მოიცავს წარმოსახვას, აღქმას, აზროვნებასა და ამოცანის გადაწყვეტას. კვლევის ძირითადი მიმართულებებია ინფორმაციის გადამუშავება, ინტელექტი, მსჯელობა, მეტყველების განვითარება და მეხსიერება.

კოგნიტური განვითარება შეისწავლის გონებრივ პროცესებსა და პროდუქტებს,რომლებიც წარმოიქმნებიან და იცვლებიან დროთა განმავლობაში დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. მას აინტერესებს, როგორ აღიქვამს, აზროვნებს და იგებს ადამიანი მის ირგვლივ არსებულ სამყაროს გენებისა და დასწავლის ფაქტორების ურთერთქმედებით.

კოგნიტური განვითარების მკვლევრები სამ მთავარ საკითხზე ფოკუსირდებიან: (ა) აღწერენ კოგნიტური განვითარების ტიპურ მიმდინარეობას, განსაზღვრავენ ცვლილებებს, რომლებსაც ადამიანთა უმეტესობა განვითარების მოცემულ ეტაპზე განიცდის. სვამენ კითხვას: კოგნიციის ყველა ასპექტი ერთნაირად ვითარდება, თუ ზოგი მათგანი სხვებზე სწრაფად? (ბ) შეისწავლიან ინდივიდუალურ განსხვავებებს. ნებისმიერი ასაკის ზოგიერთი ადამიანი (და განსაკუთრებით, ბავშვი) სხვებზე მეტ-ნაკლებად მომწიფებულად და განსხვავებულად აზროვნებს. (გ) ავლენენ კოგნიტური განვითარების მექანიზმებს: როგორ უთავსდება ერთმანეთს გენეტიკური და გარემო ფაქტორები, როცა ინდივიდუალურ ცვლილებებს ვღებულობთ.

ისტორიულად ბავშვების კოგნიტურ განვითარებას სხვადასხვაგვარად სწავლობდნენ. ყველაზე ადრეული ინტელექტის ტესტებია. ეს არის ფართოდ გამოყენებული სტანფორდ ბინეს ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ტესტი, რომელიც შეერთებულ შტატებში პირველად გამოიყენა ფსიქოლოგმა ლუის ტერმანმა 1916 წელს მას შემდეგ, რაც 1905 წელს საფრანგეთში დამკვიდრდა მისი საშუალებით ბავშვების ინტელექტუალური შესაძლებლობების შემოწმება.

კოგნიტური განვითარების კვლევების დიდი ნაწილი, ტრადიციულად, ადრეულ განვითარებაზე ფოკუსირდებოდა, კერძოდ, მოიცავდა პერიოდს დაბადებიდან ვიდრე ადრეულ მოზრდილობამდე, თუმცა დღეისათვის მეცნიერებს მთელი ცხოვრების განმავლობაში განვითარება აინტერესებთ და ისეთ საკითხებზეც ფოკუსირდებიან, როგორებიცაა კოგნიტური ფუნქციონირება მოზრდილობაში და ცვლილებები ხანში შეულობის პერიოდში.

ასაკობრივი ცვლილებების ელემენტები

გონებრივ სტრუქტურებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანი სამყაროს ინტერპრეტირებას ახდენს, პიაჟემ სქემები უწოდა. სქემები ასაკობრივი ცვლილებების ელემენტები, „სამშენებლო აგურებია“. ჩვილის პირველად სქემებს პიაჟემ სენსომოტორული ინტელექტი უწოდა. ეს არის აზროვნების სტრუქტურები და პროგრამები, რომლებიც ისეთ სენსომოტორულ თანმიმდევრობას წარმართავენ, როგორებიცაა: წოვა, ყურება, ტაცება, ხელის კვრა. პრაქტიკასთან ერთად, ელემენტარული სქემები ერთიანდება, ინტეგრირდება და ნაწილდება ქცევის თანდათანობით გართულებად მრავალფეროვან პატერნებში. ასეთი პატერნის მაგალითია, როცა სასურველი საგნის ხელში ასაღებად ბავშვი ხელს კრავს არასასურველ საგანს, რომელიც ეფარება მას. პიაჟეს მიხედვით, კოგნიტური ზრდისთვის აუცილებელია ორი ბაზისური პროცესის ერთობლივი მუშაობა – ასიმილაცია და აკომოდაცია. ასიმილაციით ხდება გარემოდან მომდინარე ახალი ინფორმაციის მოდიფიცირება, რათა ეს უკანასკნელი შესაბამისობაში მოვიდეს უკვე ნაცნობ გამოცდილებასთან. შემოსული სენსორული ინფორმაციის სტრუქტურიზაციისთვის ბავშვი მიმართავს არსებულ სქემებს. აკომოდაციის შემთხვევაში კი, პირიქით, ახალი ინფორმაციის უფრო სრულად ასახსნელად მოდიფიცირდება ბავშვის უკვე არსებული სქემები.

კოგნიტური განვითარების სტადიები პიაჟეს მიხედვით

პიაჟეს მიაჩნდა, რომ ბავშვის კოგნიტური განვითარება შეიძლება ოთხ თანმიმდევრულ, ცალკეულ სტადიად დაიყოს. ითვლება, რომ ყველა ბავში ერთსა და იმავე თანმიმდევრობით გადის ამ სტადიებს, თუმცა, ზოგ ბავშვს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს რომელიმე კონკრეტული სტადიის გასავლელად, ზოგს კი — ნაკლები.

  • სენსომოტორული სტადია დაბადებიდან დაახლოებით 2 წლამდე გრძელდება. პირველ თვეებში ჩვილის ქცევის უმეტესი ნაწილი თანდაყოლილ სქემათა შეზღუდულ ერთობლიობას ეფუძნება, როგორებიცაა: წოვა, ყურება, ტაცება და ხელის კვრა. პირველი წლის განმავლობაში სენსომოტორული უნარები უმჯობესდება, კომბინირებული, კოორდინირებული ხდება და ერთიანდება (მაგალითად, წოვა და ტაცება, ყურება და მანიპულირება). ჩვილის მიერ საკუთარი მოქმედების გარემოზე ასახვის აღმოჩენასთან ერთად, ეს უნარები თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება. ჩვილობის პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კოგნიტური შენაძენია ისეთი ობიექტების მენტალური რეპრეზენტაციების შექმნის უნარი, რომელთანაც ბავშვს არ აქვს უშუალო სენსომოტორული კონტაქტი; სხვა სიტყვები, ობიექტის მუდმივობის გაგება და ათვისება.
  • წინაოპერაციული სტადია დაახლოებით 2-დან 7 წლის ასაკამდე გრძელდება. განვითარების ამ პერიოდში დიდი კოგნიტური წინსვლაა ფიზიკურ მოცემულობას მოკლებული ობიექტების გონებაში წარმოდგენის გაუმჯობესებული უნარი. ამ შენაძენის გამოკლებით, წინაოპერაციულ სტადიას პიაჟე აღწერს იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთება არ შეუძლიათ ბავშვებს. ასე მაგალითად, პიაჟეს მიაჩნდა, რომ პატარა ბავშვების წინაოპერაციული აზროვნება ეგოცენტრიზმით ანუ ბავშვის მიერ სხვა ადამიანის თვალსაზრისის გაზიარების უნარის უქონლობით ხასიათდება. ალბათ, შეგინიშნავთ ეგოცენტრიზმის გამოვლინება, თუ გაგონილი გაქვთ, როგორ ელაპარაკებიან ორი წლის ბავშვები სხვა ბავშვებს. ამ ასაკის ბავშვები ხშირად საკუთარ თავთან უფრო ლაპარაკობენ, ვიდრე გარშემო მყოფებთან. გარდა ამისა, წინაოპერაციულ სტადიაზე ბავშვები ხასიათდებიან ცენტრაციით – ობიექტების პერცეპტულად გამოკვეთილ თვისებებზე ყურადღების  მიქცევის ტენდენციით. ცენტრაციის თვალსაჩინო მაგალითია პიაჟეს კლასიკური ექსპერიმენტი, სადაც მან აჩვენა, რომ ბავშვს არ შეუძლია იმის გაგება,  რომ სითხის მოცულობა არ იცვლება ჭურჭლის ზომისა და ფორმის ცვლასთან ერთად (იხ. სურათი).
  • კონკრეტული ოპერაციების სტადია დაახლოებით 7-დან 11 წლამდე გრძელდება. ამ სტადიაზე ბავშვს უკვე შეუძლია გონებრივი ოპერაციების — გონებაში განხორციელებული მოქმედებების — შესრულება, რომლიდანაც სათავეს იღებს ლოგიკური აზროვნება. წინაოპერაციულ და კონკრეტული ოპერაციების სტადიებს ხშირად უპირისპირებენ ერთმანეთს, რადგანაც კონკრეტული ოპერაციების სტადიაზე ბავშვები ახერხებენ იმას, რასაც ვერ ახერხებდნენ წინაოპერაციულ სტადიაზე. კონკრეტული ოპერაციები ბავშვს ფიზიკური მოქმედების გონებრივით ჩანაცვლების საშუალებას აძლევენ. მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ ადამი ლინდაზე მაღალია, ხოლო მოგვიანებით ხედავს, რომ ლინდა ტანიაზე მაღალია, ბავშვს შეუძლია დაასკვნას, რომ ამ სამიდან ადამი ყველაზე მაღალია ამ სამი ინდივიდის ფიზიკურად დატოლებისა და გადაწყობის გარეშე. თუმცა, ბავშვს ჯერ კიდევ არ შეუძლია სათანადო დასკვნის გაკეთება („ადამი ყველაზე მაღალია“), თუ პრობლემა მხოლოდ სიტყვიერად არის აღწერილი. უშუალო, ფიზიკური დაკვირვების გარეშე, ფარდობითი სიმაღლის განსაზღვრის (და მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის) უნარის არქონა გვაფიქრებინებს, რომ აბსტრაქტული აზროვნება ჯერ კიდევ მომწიფების სტადიაზეა კონკრეტული ოპერაციების პერიოდში. ლიმონათის ექსპერიმენტი გვიჩვენებს კონკრეტული ოპერაციების სტადიის კიდევ ერთ მახასიათებელს. 7 წლის ბავშვებს უკვე ათვისებული აქვს  ის, რასაც პიაჟე კონსერვაციას ანუ შენახვას უწოდებს.მათ იციან, რომ, თუ არაფერი ემატება ან არაფერი აკლდება, საგნის ფიზიკური თვისებები არ იცვლება მაშინაც კი, როცა იცვლება მისი გარეგნული სახე. სურათზე მოცემულია პიაჟეს ცდის მაგალითები, რომლებიც სხვადასხვა განზომილებაში კონსერვაციას შეეხება. ერთ-ერთი ახლად შეძენილი ოპერაცია, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ ბავშვებს კონსერვაციაზე ამოცანების შესრულებისას, არის შექცევადობა. ეს არის ბავშვის მიერ იმის გაგება, რომ ფიზიკური მოქმედებები და გონებრივი ოპერაციები შეიძლება შექცევადი იყოს. ბავშვმა შეიძლება დაასკვნას,რომ რაოდენობა ვერ შეიცვლებოდა, რადგან, თუ გიზიკურ მოქმედებას შევაქცევთ (ლიმონათს უკან გადავასხამთ წასყის ჭურჭელში) ორივე მოცულობა ისევ ერთნაირი დარჩება.
  • ფორმალური ოპერაციების სტადია დაახლოებით 11 წლის ასაკიდან იწყება. კოგნიტური განვითარების ამ ბოლო სტადიაზე ბავშვის აზროვნება აბსტრაქტული ხდება. მოზარდებს შეუძლიათ იმის დანახვა, რომ მათ მიერ აღქმული კონკრეტული რეალობა მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია რეალობის რამდენიმე შესაძლო წარმოსახვიდან და შეუძლიათ ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ყოფიერების სიღრმისეულ საკითხებზე ფიქრი და მსჯელობა. ისინი პრობლემებს სისტემურად წყვეტენ: მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ფორმალური ოპერაციების სტადიას, ბავშვებს, მეცნიერის მსგავსად, შეუძლიათ, თანმიმდევრულად სცადონ თითოეული შესაძლებლობა. გარდა ამისა, მათ უკვე შეუძლიათ გაუმჯობესებული დედუქციური აზროვნების იმ ტიპების გამოყენება, რომლებზეც IX თავში ვისაუბრეთ. თავიანთი უმცროსი და-ძმებისგან განსხვავებით, მოზარდებს შეუძლიათ აბსტრაქტული წანამძღვრებიდან („თუ A, მაშინ B” და „არა B~) მსჯელობით მივიდნენ ლოგიკურდასკვნამდე („არა A“).

თანამედროვე მკვლევრებმა დახვეწეს პიაჟეს თეორიის ელემენტები. მაგალითად, ობიექტთა მუდმივობის გარკვეულ ასპექტებს ბავშვები სიცოცხლის პირველი თვეებიდანვე აღწევენ. წინაოპერაციულ სტადიაზე მყოფი ბავშვები აუცილებლობით არ არიან ეგოცენტრულები. მკვლევრები, ასევე, ვარაუდობენ, რომ ცვლილებები რამდენიმე ძირითადი სფეროდან თითოეულში განცალკევებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ხდება, იმის შესაბამისად, თუ რამდენად აქვს ბავშვს განვითარებული საყრდენი თეორიები — საწყისი სტრუქტურები, რომლებითაც ისინი ცდილობენ სამყაროსთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილების ახსნას. და ბოლოს, აუცილებელია პიაჟეს თეორიის განხილვა კულტურულ კონტექსტში. მრავალ კულტურაში ფასობს კოგნიტური უნარები, რომლებიც სრულიად განსხვავდება იმ უნარებისგან, რომელთაც თანამედროვე კოგნიტური განვითარების მკვლევრები შეისწავლიან.

 

კოგნიტური განვითარება მოზრდილობაში

როდესაც ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, შევამჩნევთ, რომ ამ დროს მიმდინარე ცვლილებები, ჩვეულებრივ, „უკეთესობისკენ შეცვლას“ ნიშნავდა. როდესაც გვიანი მოზრდილობის პერიოდს ანუ ხნოვანებას ვაღწევთ, კულტურული სტერეოტიპები მიგვითითებენ, რომ „ცვლილება“ „უარესისკენ შეცვლას“ გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს სჯერათ, რომ მოწიფულობასა და ხნოვანებას ზოგადი გაუარესება მოაქვს, ისინი ამ პერიოდისგან მაინც მოელიან გარკვეული სახის დადებით ძვრებს.

კოგნიტური უნარების გაუარესება მოზრდილებში, ძირითადად, კოგნიტური პროცესების ზოგადი შენელებით აიხსნება. თუმცა, ასაკოვანმა ადამიანებმა შეიძლება ამ მოვლენის კომპენსაცია იმ სიბრძნით (იხ. ცხრილი) და გამოცდილებით მოახდინონ, რომლებიც მათ დროთა განმავლობაში შეიძინეს. ამასთან, კოგნიტური ფუნქციონირების მაღალი დონის შენარჩუნება მათ გონებრივი აქტიურობითაც შეუძლიათ. ასაკოვან ადამიანთა უმრავლესობა განიცდის მეხსიერების გაუარესებას, თუმცა, ასეთი დანაკარგი უმნიშვნელოა ისეთ გაუარესებასთან შედარებით, რაც ალცჰეიმერის დაავადებას ახლავს.

სიბრძნის მახასიათებლები

მდიდარი ფაქტობრივი ცოდნა

ცხოვრებისეული პირობებისა და სიტუაციების შესახებ ზოგადი და კონკრეტული ცოდნა.

მდიდარი პროცედურული ცოდნა

ცხოვრებისეული საკითხების შესახებ რჩევებისა და განსჯის სტრატეგიების ზოგადი და კონკრეტული ცოდნა.

ცხოვრებისეული კონტქსტუალიზმი

ცხოვრებისეული სიტუაციების და დროში (განვითარებაში) განფენილი ურთერთობების შესახებ ცოდნა.

განუსაზღვრელობა

ცხოვრების შედარებითი განუსაზღვრელობისა და არაპროგნოზირებადობის და მასთან გამკლავების გზების ცოდნა.

***
გამოყენებული ლიტერატურა:
 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ

კატეგორია: 
ავტორები: