ობიექტის მუდმივობის ცნება შვეიცარიელ განვითარების ფსიქოლოგს - ჟან პიაჟეს ეკუთვნის და მის მიერ შექმნილი კოგნიტური განვითარების თეორიის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია.
პიაჟეს მიხედვით, ობიექტთა მუდმივობის განცდა ნიშნავს ბავშვის მიერ იმის გაგებასა და გაცნობიერებას, რომ საგნები მისგან დამოუკიდებლად არსებობენ და მოქმედებენ. ობიექტთა მუდმივობა განვითარების პირველ - სენსომოტორულ სტადიაზე აღმოცენდება, რომელიც 0-დან 2 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში ჩვილები კოგნიტური ოპერირებისას მხოლოდ სენსორულ და მოტორულ უნარებს ეყრდნობიან, ამიტომაც, მას შემდეგ რაც აღქმული ობიექტი, მაგალითად, საათი, თვალთახედვის ველიდან გაქრება, სამ თვემდე ასაკის ბავშვისათვის ის მთლიანად ქრება ფსიქიკიდანაც ისე, თითქოს არც არსებობდა.
დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ბავშვები უკვე იწყებენ იმ ადგილისკენ ყურებას, საიდანაც საგანი გაქრა. ხოლო 8-12 თვის ბავშვები საგნის ძებნასაც იწყებენ, თუმცა ამ ეტაპზე ობიექტთა მუდმივობის განცდის სრულ ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევია.
12-18 თვემდე ასაკის ჩვილი, ძებნისას კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ მეთოდს იყენებს და საგნის ძიებას იწყებს იქ, სადაც ბოლოს შენიშნა. 18-დან 24-მდე პერიოდში კი უკვე სრულყოფილად ყალიბდება ობიექტის მუდმივობა, რადგან ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ გამქრალი ნივთის მენტალური რეპრეზენტირება და მისი მეშვეობით საგნის მოძიება. მენტალური რეპრეზენტაცია გულისხმობს საგნების წარმოდგენისა და გაცოცხლების უნარს ცნობიერებაში, მაშინ როდესაც ეს საგნები არ იმყოფებიან ადამიანის უშუალო სენსომოტორული შემეცნების არეალში.
2 წლის ასაკის ბავშვები აცნობიერებენ, რომ საგნებს გააჩნიათ მუდმივობა და იწყებენ „დამალობანას“ თამაშს. პიაჟეს აზრით, ობიექტთა მუდმივობის განცდის ჩამოყალიბება სენსომოტორული სტადიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოგნიტური გამოწვევაა.
ვიდეო: ობიექტთა მუდმივობის აღქმის უნარის განვითარება ჩვილებში.
https://www.youtube.com/watch?x-yt-ts=1422579428&v=RYSvBLmyvyQ&x-yt-cl=85114404
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Schaffer D.R.; Kipp K. (2010) Developmental psychology: childhood and adolescence, eight edition, Wadsworth, Cengage Learning; Belmont; Ca
North American Montessori Center – NAMC www.youtube.com Retrieved February 1, 2015, from
https://www.youtube.com/watch?x-yt-ts=1422579428&v=RYSvBLmyvyQ&x-yt-cl=85114404