ქცევითი პატერნები: ტიპი A; ტიპი B; ტიპი C

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Behavior Patterns Type A; Type B; Type C

1970-იან წლებში მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ინდივიდის განწყობებსა და დამოკიდებულებებს მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ ითამაშონ ამა თუ იმ დაავადების აღმოცენებაში. ფრიდმანი და როუზმენი მიუთითებდნენ, რომ ისეთი პიროვნული მახასიათებლები, როგორებიცაა ამბიციურობა, კონკურენტულობა, მტრულობა და ა.შ. - გულის კორონარული დაავადებების აღმოცენების უფრო მაღალ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე შედარებით ნაკლებ აგრესიული მახასიათებლები.

ა.შ.შ-ში ჩატარებულმა ორმა ლონგიტუდურმა კვლევამ,  რომელშიც ათასობით ცდის პირი იყო ჩართული, დაადასტურა ფრიდმანისა და როუზმენის მიერ ნავარაუდები ჰიპოთეზა ქცევის პატერნებსა და დაავადებებს შორის კავშირის შესახებ.  იმ ინდივიდებს, რომელთაც მეტად აგრესიული ქცევითი პატერნი ახასიათებდათ - გულის დაავადებებით გარდაცვალების ორჯერ მაღალი ალბათობა ჰქონდათ.

ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევრებმა ქცევის სამი  A, B და C ტიპი გამოყვეს, რომლებიც კავშირში არიან დაავადების აღმოცენებასთან, მის ტიპთან და განვითარებასთან.

A ტიპის ქცევითი პატერნი:

A ტიპის ქცევითი პატერნი ეწოდება ქცევისა და ემოციების რთულ პატერნს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი კონკურენტულობა, აგრესია, მტრულობა, ამბიციურობა და მოუთმენლობა. ამგვარი ქცევითი პატერნის მქონე ინდივიდები ხშირად ისახავენ მიზნებს, თვითმოტივირებულები არიან, ცდილობენ ერთდროულად შეასრულონ რამდენიმე დავალება და უკიდურესად არიან ორიენტირებულნი მიღწევაზე. ქცევისა და ემოციების ასეთი პატერნი მოწყვლადს ხდის A ტიპის ინდივიდებს გულის კორონარული დაავადებისადმი.

B ტიპის ქცევითი პატერნი:

რაც შეეხება B ტიპის ქცევით პატერნს - B ტიპის ქცევითი პატერნისგან განსხვავებით, B ტიპი ქცევებისა და ემოციების შედარებით ნაკლებად კონკურენტულ, აგრესიულ და მტრულ სტილს გულისხმობს. B ტიპის ქცევითი პატერნის მქონე ინდივიდებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორებიცაა: სიმშვიდე,  აუღელვებლობა, უდარდელობა და სიდინჯე. შესაბამისად, B ტიპის ქცევითი პატერნის მქონე ადამიანები ნაკლებად არიან მოწყვლადები გულის კორონარული დაავადებების მიმართ.

C ტიპის ქცევითი პატერნი:

C ტიპის ქცევითი პატერნის მქონე ადამიანები ისეთი პიროვნული ნიშნებით ხასიათდებიან, როგორებიცაა კონფლიქტის არიდება, ემოციების შეკავება, პასიურობა, თავგანწირვა და ა.შ. ნავარაუდებია, რომ ამგვარი ინდივიდები უფრო მიდრეკილნი არიან კიბოთი დაავადებისკენ, ვიდრე A და B ტიპის ქცევითი პატერნის მქონე ადამიანები. აიზენკის ჰიპოთეზის მიხედვით, ისეთი მავნე ჩვევა, როგორიც მოწევაა, კავშირშია გარკვეულ პიროვნულ ნიშნებთან, რომლებიც, თავის მხრივ ირიბად განაპირობებენ კიბოთი დაავადების მაღალ რისკს. კვლევები, გარკვეულწილად, ადასტურებს აიზენკის ვარაუდს. C ტიპის ქცევითი პატერნის მქონე ინდივიდებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია - ნაკლებად გამოხატონ ემოციები და თავშეკავების ხარჯზე შეინარჩუნონ ჰარმონიული სოციალური ურთიერთობები - ხელს უწყობს სიმსივნის აღმოცენებას. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Schwarzer, R. ; Guttierez-Dona, B.  (2000)  The International Handbook of Psychology. Sage Publications LTD. London

Christensen A.J;  Martin R; Morrison Smyth J. (2004) Encyclopedia of Health Psychology. Kluwer Academic/Plenum Publishers. NY

კატეგორია: 
ავტორები: