კატეგორიზაციის დონე, რომელიც ყველაზე სწრაფად შეიძლება ამოვიღოთ მეხსიერებიდან და ყველაზე ეფექტურად გამოვიყენოთ. ცნებები და კატეგორიები მეხსიერებაში იერარქიულ სისტემას ქმნიან, რომელიც სხვადასხვა საფეხურს (დონეებს) მოიცავს. ბაზისური დონე არის ის დონე, რომელზეც ადამიანები უკეთ მოიაზრებენ ობიექტებს და ახდენენ მათ კატეგორიზაციას. მაგალითად, როცა ბაზარში ყიდულობთ ვაშლს, შეგიძლიათ იფიქროთ მასზე, როგორც ხილის ერთ-ერთ სახეობაზე (ფართო მნიშვნელობა) ან როგორც „შაფრანზე“ (ვიწრო მნიშვნელობა). ამ შემთხვევაში ბაზისური დონე არის ვაშლი. ეს ნიშნავს, რომ თუ გაჩვენებენ ამ ობიექტის სურათს, უფრო სწრაფად უპასუხებთ, რომ ეს არის „ვაშლი“ და არა „შაფრანი“ ან „ხილი.“ მეხსიერების იერარქიაში ბაზისურ დონეს პროტოტიპების გამოწვევის მეტი ძალა აქვს, ვიდრე სხვა დონეებს. ბაზისური დონე დამოკიდებულია ინდივიდის გამოცდილებაზეც: ვაშლის ჯიშების გამოყვანის სპეციალისტს ვაშლის ბაზისური დონე უფრო დაბალი (კონკრეტული) აქვს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი.