აზიაში ფემინიზმის ადრეული ტალღა ერთ-ერთი ძლიერი ძალა იყო, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში სოციალური ცვლილებები გამოიწვია. აზიელი ქალები, მათი კულტურული თავისებურებების მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში იჩაგრებოდნენ იმ უთანასწორობის გამო, რომელიც პრეკაპიტალისტურ ტრადიციულ საზოგადოებებს ახასიათებდა. მართალია, ანტიკოლონიურ მოძრაობაში ქალთა აქტიურმა ჩართულობამ საფუძველი შეურყია ზოგიერთ პატრიარქალურ პრაქტიკას, მაგრამ ამ ცვლილებებს არსებითად არ შეუცვლია ქალის სუბორდინირებული პოზიცია კერძო თუ საჯარო სივრცეში.
მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ ქალებისთვის მიუწვდომელი იყო ის სიკეთეები, რომელთაც მოდერნიზაცია აზიის ქვეყნებს სთავაზობდა, ქალთა მოძრაობა კიდევ უფრო მომძლავრდა. ამ პროცესებს, თავის მხრივ, გენდერისა და განვითარების თეორიების ურთიერთდაკავშირება მოჰყვა, რაც განვითარების პროცესებში ქალთა ინტეგრირებაზე იყო ფოკუსირებული. ამჟამად აზიის ქვეყნებში მოქმედი ფემინისტური ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
აზიურ ფემინისტურ მოძრაობაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ეკოფემინიზმიც, რომლის მიხედვითაც ქალები იმ ძალას წარმოადგენენ, რომელმაც ადამიანისა და გარემოს ნეგატიური ურთიერთობის გარდაქმნა უნდა იტვირთოს.
აზიელი ქალები მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ლობირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც აზიის ქვეყნებში ქალების უფლებების მხრივ არსებობს, ამ რეგიონის ქალების ფემინისტურ თვითშეგნებას კიდევ უფრო აძლიერებს, რაც ეხმარება მათ, კიდევ უფრო მეტი შემართებით ებრძოლონ იმ კულტურულ ნორმებსა და ტრადიციებს, რომლებიც პატრიარქალური უთანასწორობის შენარჩუნებასა და ქალის ჩაგვრას უწყობს ხელს.
აზიელ ფემინისტებს შორის რადიკალურ ფემინიზმთან შედარებით მეტი პოპულარობით სარგებლობს ლიბერალური ფემინიზმი. რაც შეეხება ქალთა სექსუალურ უფლებებსა და ლგბტ უფლებებს, ეს თემები აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ იაპონიაშია აქცენტირებული, დანარჩენ აზიურ ქვეყნებში მყარი კულტურული ტაბუების გამო, მსგავსი თემები ადგილობრივი ფემინისტური დისკურსიდან ამოღებულია. აზიის ქვეყნებში ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა ქალი ამომრჩევლის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა და ქალი პოლიტიკოსების მატება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, London, New York, Routledge, pp. 48-50
Jayawardena, K. (1986) Feminism and Nationalism in the Third World, London, Zed Books.
Mananzan, M. J., and Park, S.A. (1990) Emerging Spirituality of Asian Women in V. Fabella and M. Oduyoye (eds) With Passion and Compassion, New York: Orbis.
Mohanty C. T. (1991) Cartographies of Struggle: Third World Women and the Politics of Feminism in C. T. Mohanty, A. Russo, and L. Torres (eds) Third World Women and the Politics of Feminism, Bloomington, IN, Indiana University Press.
Shiva, V. (1989) Staying Alive, London, Zed Books.