კეფის წილის ნაწილი, რომელიც მხედველობის ნერვიდან იღებს იმპულსებს და სადაც მხედველობითი ინფორმაციის გადამუშავება მიმდინარეობს (იხ. სურათი). აქ უდიდესი ნაწილი ეთმობა ინფორმაციას, რომელიც ბადურას ცენტრალური უბნებიდან მოდის ანუ იმ ადგილიდან, რომელიც თვალის უკანა ზედაპირზეა დანლაგებული და სადაც ყველაზე დეტალური მხედველობითი ინფორმაცია აღიქმება.
მხედველობის ქერქის მდგენელებია ბროდმანის ველი 17 (პირველადი ვიზუალური ქერქი) და ბროდმანის მე-18 და მე-19 ველები (ექსტრასტიარული ქერქის ველები). პირველად ვიზუალურ ქერქს (ქერქის ნაწილებს, რომლებიც სენსორულ სიგნალებს თალამუსიდან იღებენ) V1-სა (პირველ ვიზუალურ ველს) და სტრიატულ ქერქსაც უწოდებენ. ექსტრატრიარული ველები შედგება მეორე (V2), მესამე (V3), მეოთხე (V4) და მეხუთე (V5) ვიზუალური ველებისაგან. მხედველობის ქერქი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროშია წარმოდგენილი. მარცხენა ნახევრსფეროს უბნები მხედველობის ველის მარჯვენა ნახევრიდან იღებენ ინფორმაციას, მარჯვენა ნახევარსფეროს უბნები კი — მარცხენა ველიდან.
მხედველობის ქერქის რამდენიმე მოდელი არსებობს, მათ შორის: ვენტრალურ-დორსალური, პერცეპტულ-კონცეპტუალური და ანტერიორ-პოსტერიოსული მიდგომა, რომელიც ალექსანდრე ლურიას ეკუთვნის.
მხედველობის V1 ზონები (მარჯვენა და მარცხენა) ვიზუალურ ინფორმაციას მხედველობის ორი პირველადი — დორსალური და ვენტრალური — გზით გადაეცემა (იხ. სურათზე მწვანე ფერით აღნიშნულია დორსალური გზა, იისფერით — ვენტრალური). მათ სხვაგვარად მოძრაობის და ცნობის არხებსაც უწოდებენ.
- დორსალური გზა მხედველობის პირველად ქერქში (მხედველობის V1 ზონა) იწყება, მხედველობის V2 ზონის გავლით დოსომედიალური მხედველობის ზონისკენ (ანუ V6), მხედველობის V5 ზონისა და კეფის წილის ქერქის უკანა ნაწილისკენ მიემართება. ამ ვენტრალურ არხს ზოგჯერ „სად?“ ან „როგორ?“ გზას უწოდებენ, რადგან ის მოძრაობასთან, ობიექტის ლოკალიზაციის შესახებ წარმოდგენასთან, თვალების მოძრაობის მართვასთან, ვიზუალური ინფორმაციის ობიექტების ხელმისაწვდომობის შეფასებასა და მხედველობის ველში მყოფი საგნებისთვის ხელის მიწვდებასთან ასოცირდება.
ვენტრალური გზაც V1 ზონაში იწყება და V2 ზონაში გაივლის, შემდეგ მხედველობის V4 ზონის გავლით საფეთქლის წილის ვენტრალურ (ქვედა) ქერქისკენ მიემართება. ვენტრალურ გზას ზოგჯერ „რა?“ არხს უწოდებენ, ვინაიდან მას უკავშირდება ფორმის ამოცნობის პროცესები ობიექტის შესახებ წარმოდგენის შექმნა და ასევე ხანგრძლივი მეხსიერება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ
Visual cortex, http://www.britannica.com/science/human-eye/Fusion-of-retinal-images#ref531626 (10.08.2015)