ჯგუფის წევრების მოლოდინების თანხვედრა ერთობლივი მსჯელობის ან აქტივობის პირობებში.
ნორმის კრისტლიზაციაზე ანუ მის ფორმირებასა და გამყარებაზე ინფორმაციული გავლენა მოქმედებს, რომლის თვალსაჩინო ილუსტრაციას მუზაფერ შერიფის კლასიკური ექსპერიმენტი წარმოადგენს. ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ სინათლის წერტილის მოძრაობა, რომელიც რეალურად არ მოძრაობდა, მაგრამ მოძრავად აღიქმებოდა სრულიად ბნელ ოთახში, ვინაიდან არ ჩანდა ათვლის სხვა წერტილები. ეს აღქმის ილუზიაა, რომელიც ავტოკინეტიკური ეფექტის სახელითაა ცნობილი. ინდივიდების მიერ მოცემული შეფასებები ძალზე განსხვავებული იყო. როცა ცდის პირები ერთ ჯგუფად შეაერთეს, რომელთა შორის უცნობებიც იყვნენ, რომლებიც ხმამაღლა მსჯელობდნენ, შეფასებები თანდათან ერთმანეთს თანხვდებოდა ანუ ინდივიდების შეფასებები სინათლის წერტილის მოძრაობის მიმართულებისა და ოდენობის თაობაზე ერთმანეთს ემსგავსებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ, როდესაც იგივე მონაწილენი მარტო დარჩნენ და კვლავ სთხოვეს შეფასებების გაკეთება, მათი ისეთივე შეფასებები გააკეთეს, როგორებიც ჯგუფური შეფასების პირობებში.
თუკი ჯგუფში ნორმები ერთხელ ჩამოყალიბდა, მათ განმეორების ანუ კრისტალიზაციის ტენდენცია აქვთ. მოგვიანებით ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ ავტოკინეტიკური ეფექტის ეს ნორმები დროში მდგრადი იყო ერთი წლის შემდეგაც კი, როცა მონაწილის გვერდით აღარ იყვნენ ძველი ჯგუფის ის წევრები, რომლებიც ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ შეფასებებს. ნორმები ჯგუფის წევრების ერთი თაობიდან მეორეს გადაეცემა და ადამიანების ქცევაზე მაშინაც კი ახდენენ გავლენას, როცა უკვე აღარ არსებობს ჯგუფი, რომელმაც ის შეიმუშავა. საიდან ვიცით, რომ ნორმებს შეიძლება ასეთი ტრანსგენერაციული ზეგავლენა ჰქონდეთ? ავტოკინეტიკური ეფექტის შესწავლისას მკვლევრები ჯგუფის წევრებს თანდათანობით ცვლიდნენ ახალი წევრებით მანამ, სანამ არ მოხდებოდა მათი სრული განახლება. შეფასების ნორმა კი იგივე რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც ჯგუფის შემადგენლობა მთლიანად შეცვლილი იყო, ე.ი. ნორმა გადაეცემოდა ახალ თაობას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.