სიმორცხვე არის მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დისკომფორტი და შებოჭილობა ინტერპერსონალურ სიტუაციებში. თავის მხრივ, ამგვარი შეფერხებები ხელს უშლის ინდივიდს ინტერპერსონალური ან/და პროფესიული მიზნების მიღწევასა და განვითარებაში.
სიმორცხვის განცდა სამ კომპონენტს მოიცავს. პირველი, ეს არის სომატური შფოთვის კომპონენტი, რომელშიც შედის ემოციური აგზნების ზოგადი განცდა და სპეციფიკური ფიზიოლოგიური ჩივილები, მაგლითად, გულის ცემის აჩქარება, გაოფლიანება ან გაწითლება. მეორე, კოგნიტურ კომპონენტში ერთიანდება მწვავე საჯარო თვითცნობიერება, თვით-დამამცირებელი აზრები და სხვების მიერ ნეგატიურად შეფასების შიში. მესამე კომპონენტი ქცევითია და აქ შედის ინდივიდის დაკვირვებადი ქცევები, მაგალითად, სიჩუმე სოციალურ სიტუაციებში, უცნაური სხეულის ენა, მზერის არიდების ტენდენცია, სიფრთხილე, სოციალური ამრიდებლობა და ა.შ.
სიმორცხვის გამოვლენის ტიპური სიტუაციებია ინტერაქცია უფროსთან, უცნობ ადამიანებთან, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც კომუნიკაციაში შესვლა სხვა ადამიანთან არასტრუქტურირებულ სოციალურ გარემოში. სიმორცხვე და მისი ინტენსივობა მერყევია და შეიძლება გამოვლინდეს როგორც ზომიერი სოციალური მოუქნელობა, ასევე აბსოლუტურად შემზღუდავი სოციალური ფობია. სიმორცხვე შეიძლება იყოს ქრონიკული (როდესაც პიროვნება მიიჩნევს თავს მორცხვად და განიცდის სირცხვილს მრავლ სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში) ან სიტუაციური (რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ და სპეციფიკურ სოციალურ სიტუაციასა და კონტექსტთან). არსებობენ, აგრეთვე მორცხვი ექსტრავერტები (სოციაბელური პიროვნებები, რომლებიც თავს არ არიდებენ სოციალურ სიტუაციებს, მაგრამ განციდიან შფოთვას სხვებთან ერთად ყოფნის დროს და საკუთარ თავს ნეგატიურად აფასებენ).
უნდა გვახსოვდეს, რომ ინტროვერსია არ არის სიმორცხვის ქვეკატეგორია. ინტროვერტები, ისევე როგორც ექსტრავერტები შესაძლოა არ იყვნენ მორცხვები და უბრალოდ არჩევდნენ მარტო ყოფნას. ისევე როგორც მორცხვ ადამიანებს შეიძლება ერჩივნოთ სხვებთან ერთად ყოფნა, მაგრამ, ამავდროულად, სიმორცხვეს განიცდიდნენ.
ფსიქოლოგ უილიამ ჯემსის პერიოდიდან მოყოლებული, არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ სიმორცხვეს სასარგებლო ფუნქცია აქვს ადამიანებსა და სხვა ცხოველებში. ევოლუციონისტური თვალსაზრისით, საშუალო ინტენსივობის სიმორცხვე მნიშვნელოვანია ადაპტაციის პროცესში, რადგან სიმორცხვის შემთხვევაში ინდივიდი უცხო და უცნობ, არაპროგნოზირებად სიტუაციებს თავად არიდებს თავს. გარდა ამისა, სიმორცხვე ხელს უწყობს ჯგუფურ და კოოპერაციულ აქტივობებს და სოციალურად სასურველი ქცევების გამოვლენას. საპირისპირო მოვლენა, როდესაც ადამიანს საერთოდ არ გააჩნია სიმორცხვის განცდა ანტისოციალურ მდგომარეობად მოიხსენიება.
სიმორცხვე თავის პიკს დაახლოებით 14 წლის ასაკისთვის აღწევს. ამ პერიოდში გოგონების 2/3 და ბიჭების ნახევარზე მეტი თავიანთ თავებს ახასიათებენ როგორც მორცხვებს. არსებობს განსხვავება ადრეულ და გვიანდელ ასაკში შეძენილ სიმორცხვეს შორის. როგორც წესი, გვიანდელ პერიოდში აღმოცენებული სიმორცხვე ნაკლებ გამძლეა, ვიდრე ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული, ტემპერამენტული პრედისპოზიცია.
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტურული განსხვავებები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ სიმორცხვის როგორც აღქმაში, ასევე ჩამოყალიბების თავისებურებებში. კულტურული განსხვავებები დიდწილად განაპირობებენ სოციალიზაციის პროცესის ხასიათს. მაგალითისათვის, ისრაელში ბავშვები დადებით წახალისებას იღებენ თავდაჯერებული ქცევის გამო, მაშინ როდესაც იაპონიაში, ამის საპირისპიროდ, მოკრძალებული და მორჩილი ქცევები არის მისაღები. მოლაპარაკე, ასერტული ადამიანები უფრო მეტად მოუმწიფებელ პიროვნებებად აღიქმებიან.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Henderson M.L; Zimbardo P.G; Carducci J.B. Shyness
Retrieved from http://www.shyness.com/documents/1999/SHYENC599.pdf; 17.02.2015