თვითცნობიერება ცნობიერების მესამე და უმაღლესი საფეხურია. პირველ - ბაზისურ დონეზე შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერებაა თავმოყრილი; მეორე დონეზე - იმის გაცნობიერება, გააზრება და ასახვა ხდება, თუ რას ვაცნობიერებთ, ხოლო ბოლო საფეხურზე - ანუ თვითცნობიერებაში თავმოყრილია ცნობიერი ცოდნა საკუთარი მახასიათებლების, შეგრძნებების, მოტივებისა და სურვილების შესახებ. თვითცნობიერების მქონე ინდივიდი აცნობიერებს, რომ მის მიერ პიროვნულად განცდილ მოვლენებს ავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს. ერთი მხრივ, ეს ცოდნა საშუალებას აძლევს პიროვნებას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები თანმიმდევრულად და პროგნოზირებადად აღიქვას, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ცოდნის საფუძველზე შესატყვისი მოლოდინები უყალიბდება, რომლებიც მის საპასუხო ქცევას განაპირობებენ.
მეცნიერების მხრიდან თვითცნობიერების საკითხით დაინტერესებას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფსიქოლოგიაში ჯემსის მოსაზრებებიდან, ხოლო სოციოლოგიაში სიმბოლური ინტერაქციონიზმის სკოლიდან იღებს სათავეს. ჯემსს მიაჩნდა, რომ სელფს აქვს უნიკალური უნარი, მოახდინოს საკუთარი თავის რეფლექსია ანუ საკუთარი თავი აღიქვას დაკვირვების ობიექტად. ე.ი. სელფს გააჩნია ორი ასპექტი - სელფი, როგორც შემმეცნებელი და სელფი, როგორც შემეცნების შინაარსი და ობიექტი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Leary, M. R, Tangney, J.p (2012) Handbook of Self and Identity, The Guilford Press, NY