მასლოუს შეხედულება, რომ ბაზისური ადამიანური მოტივები ქმნიან იერარქიას და ეს მოთხოვნილებები იერარქიის თითოეულ დონეზე გარკვეული ინტენსივობით უნდა დაკმაყოფილდეს, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მომდევნო დონის მღწევა. ეს მოთხოვნილებები ბაზისური ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან ტრანსცედენტურობისაკენ პროგრესირებენ.
ჰუმანისტური მიდგომის წარმომადგენელმა აბრაჰამ მასლოუმ (Abraham Maslow) შექმნა თეორია, რომლის მიხედვითაც ბაზისური მოტივები ქმნიან მოთხოვნილებათა იერარქიას, რომელშიც მოთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან უმაღლესისკენ (იხ. სურათი). მასლოუს მიხედვით, უნდა დაკმაყოფილდეს იერარქიის თითოეული ქვედა დონის მოთხოვნილებები, რათა შესაძლებელი გახდეს მომდევნო დონეზე გადასვლა. ამ იერარქიის ამ იერარქიის საფუძველში მდებარეობს ისეთი ბიოლოგიური მოთხოვნილებები, როგორებიცაა შიმშილი და წყურვილი. სხვა ნებისმიერი მოთხოვნილების ამოქმედებამდე, ჯერ ეს მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს. როდესაც ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაჟინებით ითხოვენ დაკმაყოფილებას, სხვა მოთხოვნილებები შეჩერებულია და ისინი ვერანაირად აისახებიან ჩვენს ქცევაზე. როცა ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, თქვენს მოტივაციას შემდეგი დონის მოთხოვნილება ქმნის; ეს არის უსაფრთხოების მოთხოვნილება. როდესაც აღარ შფოთავთ შესაძლო საფრთხის გამო, თქვენი მოტივაციის განმაპირობებელი მიჯაჭვულობის მოთხოვნილება ხდება — თანაზიარობის, აფილაციის მოთხოვნილება; მოთხოვნილება იმისა, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ. თუ კარგად გამოკვებილი ხართ, თავს უსაფთხოდ გრძნობთ და გაქვთ სოციალური მიკუთვნებულობის განცდა, თქვენ გადაინაცვლებთ პატივისცემის მოთხოვნილებაზე — მოთხოვნილება საკუთარი თავში კომპეტენტური და ეფექტიანი ადამიანის დანახვისა, რომელსაც შეუძლია იმის გაკეთება, რაც საჭიროა სხვათა მხრიდან პატივისცემის მოსაპოვებლად.
ადამიანები მოაზროვნე არსებები არიან, რთული ტვინით, რომელიც აზრის სტიმულაციას საჭიროებს. თქვენ ძლიერი შემეცნებითი მოთხოვნილებები გამოძრავებთ: თქვენი წარსულის ცოდნა, მიმდინარე არსებობის თავსატეხის წვდომა და მომავლის წინასწარგანჭვრეტა გსურთ. სწორედ ამ მოთხოვნილებების ძალა უბიძგებს მეცნიერებს, რომ მთელი თავიანთი სიცოცხლე სიახლეების აღმოჩენას მიუძღვნან. მასლოუს იერარქიის შემდეგ დონეზე მშვენიერებისა და წესრიგისკენ სწრაფვაა თავსდება, რომელიც წარმოდგენილია ესთეტიკურის მოთხოვნილებით, რომელიც ადამიანის შემოქმედებითი მხარის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
იერარქიის მწვერვალზე იმყოფებიან გამოკვებილი და საფრთხისგან დაცული ადამიანები, რომლებსაც უყვართ და რომლებიც უყვართ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი, მოაზროვნენი და შემოქმედნი. ეს ადამიანები გასცდნენ ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების ფარგლებს საკუთარი პოტენციალის სრული განვითარებისკენ სწრაფვიდან ანუ თვითაქტუალიზაციიდან გამომდინარე. ასეთი თვითაქტუალიზებული პიროვნება, სხვა დადებითი თვისებების გარდა, კარგად იცნობს, ესმის საკუთარი თავის და ისეთად იღებს მას, როგორიც არის; სოციალურად გულისხმიერია, შემოქმედებითია, თავისუფალია, ღიაა სიახლეებისა და გამოწვევებისადმი. მასლოუს იერარქიაში კიდევ ერთი საფეხურია, რომელიც სცილდება ინდივიდუალური პოტენციალის სრული განვითარების ფარგლებს; ესაა ტრანსცედენტურის მოთხოვნილება, რომელმაც ადამიანი შეიძლება ცნობიერების უმაღლეს მდგომარეობებამდე და სამყაროში საკუთარი დანიშნულების კოსმიურ ხედვამდე მიიყვანოს. ძალზე ცოტა ადამიანი თუ ახერხებს საკუთარი მეს საზღვრის გადაბიჯებას და სულიერ ძალებთან ასეთი ერთიანობის მიღწევას.
მასლოუს თეორია ადამიანის მოტივაციის განსაკუთრებით პოპულარული ხედვაა. თეორიის ძირითად ბირთვს წარმოადგენს მოსაზრება, რომ თითოეულ ადამიანს აქვს განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზების მოთხოვნილება. ყოველთვის შეგვიძლია ასეთი დადებითი ხედვის შენარჩუნება? მონაცემები ცხადყოფს, რომ მასლოუს მიერ აღწერილი მოთხოვნილებების გარდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ახასიათებთ ძალაუფლების გამოვლენის, დომინანტობისა და აგრესიის გამოხატვის მოთხოვნილებები. გარდა ამისა, ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ მასლოუს ზუსტი, მკაცრი იერარქია შეიძლება ხშირად დაირღვეს. მაგალითად, შეგვიძლია, რომ ყურადღება არ მივაქციოთ შიმშილს მაშინ, როდესაც უფრო მაღალი დონის მოთხოვნილების დაკმაყოფილებით ვართ მოტივირებულნი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.